არჩეულ მასალაზე გადასვლა

და ანა დენცი და ძმა ერიხ ფროსტი; ბადენ-ვიურტემბერგის სახელმწიფო პარლამენტის შენობა გერმანიაში

2021 წლის 22 თებერვალი
გერმანია

გერმანიის სახელმწიფო პარლამენტი პატივისცემას გამოხატავს იეჰოვას მოწმეების მიმართ ნაცისტური რეჟიმის დროს გამოვლენილი შეუპოვრობისთვის

გერმანიის სახელმწიფო პარლამენტი პატივისცემას გამოხატავს იეჰოვას მოწმეების მიმართ ნაცისტური რეჟიმის დროს გამოვლენილი შეუპოვრობისთვის

ონლაინ ღონისძიების მსვლელობისას გადაღებული სურათი, რომელზეც ჩანს ბადენ-ვიურტემბერგის სახელმწიფო პარლამენტის პრეზიდენტი, მუჰტერემ არასი

2021 წლის 27 იანვარს ბადენ-ვუტენბერგის (გერმანია) სახელმწიფო პარლამენტმა, მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ყოველწლიური გახსენების დღეს, ყურადღება იეჰოვას მოწმეებზე გაამახვილა. კოვიდ-19 პანდემიის გამო ცერემონია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიებას 37 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს ავსტრალიაში, გერმანიაში, ნიდერლანდსა და შვეიცარიაში. პროგრამის ჩანაწერი, მოგვიანებით, დაახლოებით 78 000-ჯერ ნახეს.

ბადენ-ვიურტემბერგის სახელმწიფო პარლამენტის პრეზიდენტმა, ქალბატონმა მუჰტერემ არასმა აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეთა დევნის ამსახველი საკმაოდ ბევრი დოკუმენტური მასალაა ჩვენამდე მოღწეული, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი მათი დევნის ისტორიის შესახებ“. საუბრისას მან დასძინა, რომ იმ ავბედით ეპოქაში მცხოვრები მოწმეების ისტორია წარმოადგენს „იმის სანიმუშო მაგალითს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ დღეს სიძულვილს, წინასწარშექმნილ აზრსა თუ ძალადობას“.

სახელმწიფო პარლამენტის პრეზიდენტმა, ქალბატონმა არასმა გაიხსენე ანა დენცის, ლორახში (ბადენ-ვიურტემბერგი) მცხოვრები იეჰოვას მოწმის ამბავი. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში დაიხოცნენ. ანამ სკოლაში უარი განაცხადა „ჰაილ ჰიტლერის“ წარმოთქმაზე. ბოლოს მან თანაქრისტიანების ხელშეწყობით შეძლო შვეიცარიაში გაქცევა. მოგვიანებით ანა თავის მეუღლესთან ერთად შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. „ანა დენცს ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევისთვის საჭირო გაბედულება“, — დასძინა პრეზიდენტმა, — „მას ძალას საკუთარი რწმენა აძლევდა“.

დოქტორი ჰანს ჰესე

ისტორიკოსმა, დოქტორმა ჰანს ჰესემ ისაუბრა, როგორ აკრძალეს იეჰოვას მოწმეთა რელიგია გერმანიაში 1933 წელს, ნაცისტური რეჟიმის დამყარებიდან, სულ რაღაც, ორი თვის შემდეგ. დოქტორმა ჰესემ აღნიშნა, რომ ჩვენი ძმები „აკრძალვის მიუხედავად ბუკლეტებს ავრცელებდნენ და აგრძელებდნენ სამქადაგებლო საქმიანობას“.

ისტორიკოსმა ძმა გუსტავ სტანგის შემთხვევა გაიხსენა. როდესაც რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით სასამართლოს წინაშე გამოდიოდა, მას პროკურორმა ჰკითხა: „რა მოხდებოდა, ყველა რომ შენსავით მოქცეულიყო?“. ძმა გუსტავმა მიუგო: „დაუყოვნებლივ შეწყდებოდა ომი“.

ონლაინ ღონისძიების მსვლელობისას ჩართეს სადიდებელი სიმღერა, სახელწოდებით „წინ, მოწმეებო!“. ამ სიმღერის შესახებ ისაუბრა ცენტრალური ევროპის ფილიალის საინფორმაციო განყოფილების ზედამხედველმა, ძმა უოლფრამ სლუპინამ. მან აღნიშნა, რომ ძმა ერიხ ფროსტმა, რომელიც პროფესიით მუსიკოსი იყო, ამ სიმღერის ორიგინალი ტექსტი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში პატიმრობისას დაწერა 1942 წელს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ძმა ერიხმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი დაწერის მიზანი თანაპატიმრების გამხნევება იყო, რომლებსაც „ბანაკში უმოწყალოდ ეპყრობოდნენ და აწამებდნენ“.

13 და 15 წლის მარა და ფინ კემპერებმა, რომლებიც თავადაც იეჰოვას მოწმეები არიან, ინტერვიუ აიღეს და სიმონე არნოლდ ლიბსტერისგან. და სიმონე ნაცისტურ რეჟიმს გადაურჩა. მას ბავშვობიდანვე უწევდა სასტიკი წინააღმდეგობის ატანა. ვინაიდან მან უარი თქვა ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანებაზე, უფლებამოსილმა პირებმა ის გამოსასწორებელ სკოლაში გაგზავნეს. და სიმონემ აღნიშნა, თუ როგორი ბედნიერი იყო, როცა წარმატებით გაუძლო ყოველგვარ წინააღმდეგობას და ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა.

ღონისძიების დროს და სიმონე არნოლდ ლიბსტერისგან ინტერვიუს იღებენ დები მარა და ფინ კემპერები

ძალიან გვიხარია, რომ აღნიშნული ღონისძიებით ფართო აუდიტორიის წინაშე განდიდდა იეჰოვა ღმერთი — ღმერთი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საიმედო საყრდენია ძლიერი დევნების დროს (ებრაელები 13:6).