დაბადება 42:1—38

  • იოსების ძმები ეგვიპტეში ჩადიან (1—4).

  • იოსები ძმებს ხვდება და სცდის (5—25).

  • ძმები იაკობთან ბრუნდებიან (26—38).

42  გაიგო იაკობმა, რომ ეგვიპტეში იყო მარცვლეული.+ მან თავის ვაჟებს უთხრა: „რას შეჰყურებთ ერთმანეთს?!  ეგვიპტეში ყოფილა მარცვლეული. წადით და იყიდეთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ ამოვწყდეთ“.+  წავიდა ეგვიპტეში იოსების ათი ძმა+ მარცვლეულის საყიდლად.  თუმცა იაკობმა იოსების ძმა ბენიამინი+ დანარჩენ ძმებთან ერთად არ გაუშვა; თქვა, უბედურება არ შეემთხვესო.+  ისრაელის ვაჟები სხვებთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში საკვების საყიდლად, რადგან შიმშილობა ქანაანის მიწასაც მოედო.+  ეგვიპტის მიწაზე ძალაუფლება იოსებს ჰქონდა.+ მთელი დედამიწის ხალხი მისგან ყიდულობდა მარცვლეულს.+ მივიდნენ იოსების ძმები და მის წინაშე პირქვე დაემხვნენ.+  დაინახა თუ არა იოსებმა ძმები, მაშინვე იცნო, მაგრამ თავისი ვინაობა არ გაუმხილა.+ მკაცრად დაელაპარაკა, ჰკითხა: „საიდან ჩამოხვედით?“ მათ მიუგეს: „ქანაანიდან; საკვების საყიდლად ჩამოვედით“.+  იცნო იოსებმა ძმები, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი.  მაშინვე გაახსენდა იოსებს მათზე ნანახი სიზმრები+ და უთხრა: „მზვერავები ხართ! ამ მიწის დასაზვერად ხართ მოსულები!“ 10  მათ მიუგეს: „არა, ჩვენო ბატონო, შენი მსახურები საკვების საყიდლად მოვიდნენ. 11  ჩვენ ყველანი ერთი კაცის შვილები ვართ. მართალი ხალხი ვართ. შენი მსახურები არ არიან მზვერავები“. 12  მან კი უთხრა: „როგორ არა! იმიტომ მოხვედით, რომ ეს მიწა დაზვეროთ!“ 13  მათ მიუგეს: „შენი მსახურები 12 ძმა+ ვართ, ქანაანის მიწაზე მცხოვრები ერთი კაცის შვილები.+ უმცროსი მამაჩვენთან დარჩა,+ ერთი კი აღარა გვყავს“.+ 14  იოსებმა უთხრა: „როგორც გითხარით, ისეა: მზვერავები ხართ. 15  ახლავე გავიგებ, სიმართლეს მეუბნებით თუ არა. ფარაონს ვფიცავ, აქედან ვერ წახვალთ, სანამ თქვენს უმცროს ძმას არ მომიყვანთ.+ 16  წავიდეს ერთი თქვენგანი თქვენი ძმის მოსაყვანად, დანარჩენები კი დატყვევებული იქნებით. ასე გავიგებ, სიმართლეს მეუბნებით თუ არა. მაგრამ, თუ მატყუებთ, ფარაონს ვფიცავ, მზვერავები ყოფილხართ“. 17  სამი დღე ჰყავდა ყველანი დაპატიმრებული. 18  მესამე დღეს იოსებმა მათ უთხრა: „ის გააკეთეთ, რასაც გეტყვით, და იცოცხლებთ; მე ღვთისმოშიში კაცი ვარ. 19  თუ მართლები ხართ, დარჩეს ერთ-ერთი თქვენგანი საპატიმროში, დანარჩენები კი წადით და წაუღეთ მარცვლეული თქვენს სახლეულობას, რომ მშივრები არ დარჩნენ.+ 20  მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რომ დაგიჯეროთ, და იცოცხლებთ“. ისინიც დასთანხმდნენ. 21  ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნამდვილად ჩვენი ძმის გამო ვისჯებით;+ როგორი სულგამწარებული გვთხოვდა, შემიბრალეთო, მაგრამ ჩვენ არ შევიბრალეთ. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს უბედურება“. 22  რეუბენმა მათ უთხრა: „ხომ გეუბნებოდით, ბავშვს ნურაფერს დაუშავებთ-მეთქი, მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ.+ აი, ახლა მოგვეკითხა მისი სისხლი“.+ 23  მათ ეგონათ, რომ იოსებს არ ესმოდა, ვინაიდან თარჯიმანი ჰყავდა. 24  გავიდა იოსები და ატირდა.+ შემდეგ დაბრუნდა და ისევ დაელაპარაკა მათ. გამოიყვანა სიმონი+ და მათ თვალწინ შებორკა.+ 25  იოსებმა ბრძანება გასცა, რომ მათი ტომრები მარცვლეულით აევსოთ, ფულიც უკან ჩაედოთ თითოეულის ტომარაში და საგზალიც გაეტანებინათ. ასეც გააკეთეს. 26  დატვირთეს თავ-თავიანთი ვირები მარცვლეულით და გაუდგნენ გზას. 27  იმ ადგილზე, სადაც ღამე უნდა გაეთიათ, ერთ-ერთმა ტომარა გახსნა, რომ ვირისთვის საკვები მიეცა, და ტომარაში თავისი ფული დაინახა. 28  მან ძმებს უთხრა: „დაუბრუნებიათ ჩემი ფული. აი ჩემს ტომარაშია!“ შიშით აკანკალებულებმა ერთმანეთს უთხრეს: „ეს რა გვიყო ღმერთმა?!“ 29  მივიდნენ თავიანთ მამასთან, იაკობთან, ქანაანის მიწაზე და რაც თავს გადახდათ, ყველაფერი უამბეს: 30  «იმ ქვეყნის ბატონმა გვითხრა, მზვერავები ხართო და მკაცრად გველაპარაკა,+ 31  მაგრამ ჩვენ ვუთხარით: „მზვერავები არა ვართ, მართალი ხალხი ვართ.+ 32  ჩვენ 12 ძმა ვართ,+ ერთი მამის შვილები. ერთი აღარა გვყავს,+ უმცროსი კი მამაჩვენთან დარჩა ქანაანში“.+ 33  მაგრამ იმ ქვეყნის ბატონმა გვითხრა: „ასე გავიგებ, მართლები ხართ თუ არა: ერთი თქვენგანი აქ დარჩეს,+ დანარჩენებმა კი წაუღეთ საკვები თქვენს სახლეულობას, რომ მშივრები არ დარჩნენ, და წადით.+ 34  მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და მერე დავიჯერებ, რომ მზვერავები კი არა, მართალი ხალხი ყოფილხართ. დაგიბრუნებთ თქვენს ძმას და ივაჭრეთ ამ ქვეყანაში“». 35  ტომრების დაცლისას ნახეს, რომ თითოეულ ტომარაში ფულით სავსე ქისა იდო. როცა მათ და მათმა მამამ ფულით სავსე ქისები ნახეს, შეეშინდათ. 36  იაკობმა, მათმა მამამ, შეშფოთებულმა უთხრა: „შვილები წამართვით!+ იოსები აღარ არის,+ სიმონიც აღარ მყავს+ და ახლა ბენიამინის წაყვანაც გინდათ! ყველაფერი მე დამატყდა თავს!“ 37  რეუბენმა მამას უთხრა: „ორივე ვაჟი მომიკალი, თუ არ დაგიბრუნო იგი.+ მე ჩამაბარე და მე დაგიბრუნებ მას“.+ 38  იაკობმა მიუგო: „არ წამოვა ჩემი ვაჟი თქვენთან ერთად. ძმა მოუკვდა და დედამისისგან ესღა დამრჩა.+ გზაზე რაიმე უბედურება რომ შეემთხვეს, მწუხარებით+ ჩამიყვანთ მოხუცებულს სამარეში*“.+

სქოლიოები

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).