არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინტერვიუ | ფან იუ

პროგრამისტი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

პროგრამისტი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

დოქტორი ფან იუ მკვლევარ-მათემატიკოსია. მან თავისი კარიერა ბირთვული კვლევების ცენტრში დაიწყო, რომელიც პეკინთან ახლოს მდებარეობდა. იმ დროს ის ათეისტი იყო და ევოლუციის თეორიას სარწმუნოდ მიიჩნევდა. მაგრამ დღეს სჯერა, რომ სიცოცხლეს შემოქმედმა მისცა დასაბამი. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მისგან ინტერვიუ აიღო.

ცოტა რამ გვიამბეთ თქვენს წარსულზე

დავიბადე 1959 წელს ძიანსის პროვინციის ქალაქ ფუჯოუში (ჩინეთი). ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია დაიწყო, რომელიც წლები გაგრძელდა. მოგვიანებით ის „ჩინეთის კულტურული რევოლუციის“ სახელით გახდა ცნობილი. მამაჩემი ინჟინერ-მშენებელი იყო. მას რკინიგზის გაყვანა დაავალეს საკმაოდ შორს, მივარდნილ ტერიტორიაზე, ამიტომ წლები ისე გადიოდა, რომ მამა წელიწადში ერთხელ გვინახულებდა. დედაჩემი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო. იქ იმდენ დროს ატარებდა, რომ შეიძლება ითქვას, სკოლაში გავიზარდე. 1970 წელს ლინჩუანის ერთ პატარა, ძალიან ღარიბ სოფელ იუფანში გადავედით.

თქვენს მშობლებს რა სწამდათ?

დედაჩემი ბუდისტი იყო, მამაჩემს კი არც რელიგია აინტერესებდა და არც პოლიტიკა. სკოლაში მასწავლიდნენ, რომ სიცოცხლე ბუნებრივი პროცესების შედეგად გაჩნდა და მეც მჯეროდა იმის, რასაც მასწავლებლებისგან ვისმენდი.

რატომ დაინტერესდით მათემატიკით?

მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც ლოგიკურ მსჯელობას ეფუძნება, რაც სწორი დასკვნების გაკეთებაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ დავიწყე ამ საგნის ღრმად შესწავლა. 1976 წელს ზემოხსენებული რევოლუციის ლიდერის, მაო ძედუნის, სიკვდილიდან მალევე უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაგისტრის წოდების მიღების შემდეგ დამევალა, რომ ბირთვული რეაქტორების შესაქმნელად მათემატიკური კვლევები მეწარმოებინა. სწორედ ეს იყო ჩემი პირველი სამუშაო.

პირველად რამ აგაღებინათ ხელში ბიბლია?

1987 წელს სადოქტორო ხარისხის დასაცავად შეერთებულ შტატებში ჩავედი. იქ ტეხასის ერთ-ერთ უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა. ვიცოდი, რომ ამერიკელებს სწამდათ ღმერთის და ბიბლიაშიც იყვნენ ჩახედულნი. გარდა ამისა, გაგონილი მქონდა, რომ ამ წიგნში ბევრი პრაქტიკული რჩევა ეწერა, ამიტომ გადავწყვიტე, მეც წამეკითხა.

ბიბლიური სწავლებები გონივრული მეჩვენა, თუმცა ზოგ რამეს ვერ ვიგებდი, ამიტომ შევწყვიტე მისი კითხვა.

რატომ გადაწყვიტეთ, კვლავ აგეღოთ ხელში ბიბლია?

ის აზრი, რომ სამყაროს შემოქმედი ჰყავს, ჩემთვის უცხო იყო, ამიტომ გადავწყვიტე, გარკვეული კვლევები ჩამეტარებინა

1990 წელს ერთმა იეჰოვას მოწმემ მიქადაგა და ბიბლიის საფუძველზე ამიხსნა, თუ რა მომავალი ჰქონდა განზრახული ღმერთს კაცობრიობისთვის. მან ერთ წყვილს სთხოვა, ჩემთან მოსულიყვნენ და ბიბლიის გაგებაში დამხმარებოდნენ. ჩემი მეუღლე ლიპინიც ათეისტი იყო. ის ჩინეთის ერთ-ერთ სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. მოგვიანებით ბიბლიის შესწავლაში ისიც შემომიერთდა. ჩვენ გავიგეთ ბიბლიის თვალსაზრისი სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით. ის აზრი, რომ სამყაროს შემოქმედი ჰყავს, ჩემთვის უცხო იყო, ამიტომ გადავწყვიტე, გარკვეული კვლევები ჩამეტარებინა.

რა გამოიკვლიეთ?

მე, როგორც მათემატიკოსმა, ვიცოდი, როგორ გამომეთვალა რაიმე კონკრეტული მოვლენის მოხდენის ალბათობა. ისიც კარგად ვიცოდი, სიცოცხლე თავისით რომ გაჩენილიყო, ჯერ ცილებს უნდა ეარსება. ამიტომ იმის გამოთვლა დავიწყე, რამდენად დიდი იყო ცილების შემთხვევითი პროცესების შედეგად წარმოქმნის ალბათობა. ცილა ერთ-ერთი ურთულესი მოლეკულაა, თანაც უჯრედი შეიძლება ათასობით სხვადასხვა სახის ცილისგან შედგებოდეს, რომელთა ბიოსინთეზის პროცესიც საოცარი სიზუსტით მიმდინარეობს. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ უბრალოდ შეუძლებელია, ცილები შემთხვევით წარმოიქმნას. ევოლუციის თეორიის შესახებ ბევრი რამ წამიკითხავს, მაგრამ ვერსად ვიპოვე დამაკმაყოფილებელი პასუხი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა თავისით წარმოქმნილიყო ასეთი რთული აგებულების მოლეკულა, რომ აღარაფერი ვთქვათ ცოცხალ ორგანიზმებზე, რომელთა განუყოფელ ნაწილსაც სწორედ ეს მოლეკულები წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შემოქმედის არსებობაში დამარწმუნა.

რამ დაგარწმუნათ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა?

იეჰოვას მოწმეებთან შესწავლის დროს გავიგე, რომ ბიბლიაში ბევრი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი, რომელიც დეტალურად სრულდება. გარდა ამისა, თავად დავრწმუნდი, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. ჩემთვის ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ათასობით წლის წინ მცხოვრებ ბიბლიის დამწერებს ისეთი რჩევები ჩაეწერათ ამ წიგნში, რომლებიც დღემდე გამოსადეგი იქნებოდა? სულ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვა იყო.

რა გიძლიერებთ შემოქმედისადმი რწმენას?

ბუნებაში არსებულ ქიმიურ ელემენტებზე ფიქრი შემოქმედისადმი რწმენას მიძლიერებს. არც ისე დიდი ხნის წინ კომპიუტერული პროგრამები შევქმენი. მაოცებს ის ფაქტი, თუ რამდენად აღემატება ჩვენი ტვინი ნებისმიერ კომპიუტერულ პროგრამას. მაგალითად, ტვინს სიტყვების გარჩევის გასაოცარი უნარი აქვს. უმეტესობა ჩვენგანს მაშინაც კი შეუძლია სიტყვების გარჩევა, როცა მოსაუბრე არ ასრულებს წინადადებას, იცინის, ახველებს, ენის ბორძიკით ან აქცენტით ლაპარაკობს; სიტყვებს მაშინაც ვარჩევთ, როცა ნათქვამი ექოთი გვესმის ან ირგვლივ ხმაურია. გარდა ამისა, ტელეფონშიც კი შეგვიძლია გავარჩიოთ სიტყვები, როცა ხმა ცუდად გვესმის. შეიძლება ეს თქვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ პროგრამისტებმა კარგად იციან, რომ საუკეთესო ხმის ამომცნობი პროგრამა ახლოსაც კი ვერ მივა ადამიანის ტვინთან!

ადამიანის ტვინს აქვს უნარი, ამოიცნოს ემოცია, გაარჩიოს აქცენტი და ხმის მიხედვით განსაზღვროს მოსაუბრის ვინაობა. პროგრამისტები ცდილობენ, შექმნან ისეთი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ადამიანის ტვინის მსგავსად შეძლებს სიტყვების გარჩევას. ამ მიზნის მისაღწევად ისინი ისევ და ისევ უნიკალურ ორგანოს, ტვინს, შეისწავლიან, რომელიც ღმერთმა გვიბოძა.