არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დააფასეთ ნების თავისუფლების ძღვენი!

დააფასეთ ნების თავისუფლების ძღვენი!

„სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორ. 3:17).

სიმღერები: 62, 65

1, 2. ა) რას ფიქრობენ ადამიანები ნების თავისუფლებაზე? ბ) რას გვასწავლის ბიბლია არჩევნის თავისუფლების შესახებ და რომელ კითხვებს განვიხილავთ?

ერთმა ქალმა, რომელიც გადაწყვეტილების წინაშე იდგა, მეგობარს უთხრა: „ნუ მაიძულებ, ვიფიქრო. უბრალოდ მითხარი, როგორ მოვიქცე. ეს უფრო ადვილია“. ქალს ერჩივნა, სხვებს ეკარნახათ მისთვის, როგორ მოქცეულიყო, ვიდრე შემოქმედისგან ბოძებული ნების თავისუფლება გამოეყენებინა. რის თქმა შეიძლება თქვენზე? მოგწონთ გადაწყვეტილებების პირადად მიღება, თუ გირჩევნიათ, რომ სხვებმა თქვენ მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებები? თქვენ რას ფიქრობთ ნების თავისუფლებაზე?

2 საუკუნეებია, რაც ხალხი ამ საკითხზე კამათობს. ზოგი აცხადებს, რომ ნების თავისუფლება არ არსებობს და ღმერთს წინასწარ აქვს განსაზღვრული ჩვენი თითოეული მოქმედება. სხვები ამბობენ, რომ აბსოლუტური თავისუფლების გარეშე ნების თავისუფლება არ არსებობს. მაგრამ ამ საკითხზე სწორი შეხედულება რომ გვქონდეს, ღვთის სიტყვას, ბიბლიას უნდა მივმართოთ. ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვამ ნების თავისუფლებით შეგვქმნა, ანუ გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად უნარიც მოგვცა და შესაძლებლობაც (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 24:15). ბიბლია გვპასუხობს შემდეგ კითხვებზეც: როგორ უნდა გამოვიყენოთ არჩევნის თავისუფლება? არსებობს შეზღუდვები? რაზე მეტყველებს ის, თუ როგორ ვიყენებთ არჩევნის თავისუფლებას? რით ცხადვყოფთ, რომ პატივს ვცემთ სხვების გადაწყვეტილებებს?

რას ვსწავლობთ იეჰოვასგან და იესოსგან

3. თავისუფლების გამოყენების რა მაგალითი მოგვცა იეჰოვამ?

3 აბსოლუტურ თავისუფლებას მხოლოდ იეჰოვა ფლობს. ჩვენთვის სამაგალითოა, თუ როგორ იყენებს ის ამ თავისუფლებას. მაგალითად, მან ისრაელი ერი თავის ხალხად, „გამორჩეულ საკუთრებად“ აირჩია (კან. 7:6—8). მას ეს შემთხვევით არ გაუკეთებია. იეჰოვამ შეასრულა საუკუნეებით ადრე თავისი მეგობრისთვის, აბრაამისთვის მიცემული დაპირება (დაბ. 22:15—18). ამასთან, იეჰოვა სიყვარულისა და სამართლიანობის გარეშე არასდროს იყენებს თავის თავისუფლებას. ამას ცხადყოფს ის, თუ როგორ დასაჯა მან ისრაელები, რომლებიც არაერთხელ განუდგნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. მაგრამ, როცა ისინი გულწრფელად ინანიებდნენ, იეჰოვა სიყვარულს და გულმოწყალებას ავლენდა მათდამი და ამბობდა: „განვკურნავ მათ ორგულობას. ნებით შევიყვარებ მათ“ (ოს. 14:4). საკუთარი თავისუფლების სხვების სასიკეთოდ გამოყენების რა შესანიშნავი მაგალითია!

4, 5. ა) პირველმა ვინ მიიღო ნების თავისუფლების ძღვენი და როგორ გამოიყენა ის? ბ) რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს?

4 შემოქმედების დასაწყისში იეჰოვამ სიყვარულით გადაწყვიტა, თავისი გონიერი ქმნილებებისთვის ნების თავისუფლება მიეცა. ეს ძღვენი პირველმა მიიღო მისმა პირმშომ, „უხილავი ღვთის ანარეკლმა“ (კოლ. 1:15). დედამიწაზე მოსვლამდე იესომ გადაწყვიტა, მამის ერთგული დარჩენილიყო და არ მიმხრობოდა სატანას. მოგვიანებით განკაცებულმა იესომ ნების თავისუფლება გამოიყენა და უარი თქვა სატანის მაცდუნებელ შემოთავაზებებზე (მათ. 4:10). სიკვდილის წინა ღამეს წარმოთქმულ მხურვალე ლოცვაში იესომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღვთის ნების შესრულება ჰქონდა გადაწყვეტილი. მან თქვა: „მამა, თუ გსურს, ამაცილე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკ. 22:42). მოდი მივბაძოთ იესოს და ნების თავისუფლება იეჰოვას განსადიდებლად და მისი ნების შესასრულებლად გამოვიყენოთ! რამდენად შესაძლებელია ეს?

5 ჩვენ შეგვიძლია იესოს მიბაძვა, რადგან ჩვენც ღვთის ანარეკლად და მსგავსებად ვართ შექმნილნი (დაბ. 1:26). თუმცა იეჰოვასგან განსხვავებით ჩვენ აბსოლუტური თავისუფლება არა გვაქვს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენი თავისუფლება შეზღუდულია და არ უნდა გავცდეთ იმ საზღვრებს, რომლებიც იეჰოვამ სამართლიანად დაგვიდგინა. ამასთანავე ცოლები უნდა დაემორჩილონ ქმრებს, შვილები კი — მშობლებს (ეფეს. 5:22; 6:1). რა გავლენას ახდენს ეს შეზღუდვები იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ ნების თავისუფლებას? ამ კითხვაზე პასუხმა შეიძლება ჩვენი მარადიული მომავალი განსაზღვროს.

ნების თავისუფლების სწორად და არასწორად გამოყენება

6. რატომ არის კარგი, რომ ჩვენი თავისუფლება შეზღუდულია? მოიყვანეთ მაგალითი.

6 არის შეზღუდული ნების თავისუფლება ნამდვილი თავისუფლება? რა თქმა უნდა! შეზღუდვებს ადამიანების დაცვა შეუძლია. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გადავწყვიტოთ რომელიმე ქალაქში წასვლა. ვიგრძნობდით თავს უსაფრთხოდ გზაზე, სადაც საგზაო წესები არ არსებობს და ყველა თვითონ წყვეტს, რა სიჩქარით იმოძრავებს და გზის რომელ მხარეს ივლის? ალბათ, არა. შეზღუდვები საჭიროა, რომ ყველამ გაიხაროს ნამდვილი თავისუფლებით. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი ბიბლიიდან, რათა უკეთ დავინახოთ, რამდენად გონივრულია ნების თავისუფლების გამოყენება იეჰოვას მიერ დადგენილი საზღვრების ფარგლებში.

7. ა) რით გამოირჩეოდა ადამი ედემის ბაღში მცხოვრები სხვა ცოცხალი ქმნილებებისგან? ბ) როგორ გამოიყენა ადამმა ნების თავისუფლება?

7 როცა ღმერთმა პირველი ადამიანი, ადამი შექმნა, მასაც უბოძა ნების თავისუფლება, რაც მის ზეციერ გონიერ ქმნილებებს ჰქონდათ. ამით გამოირჩეოდა ადამი ცხოველებისგან, რომელთაც ინსტინქტი მართავდა. იეჰოვამ ცხოველები ადამიანზე ადრე შექმნა, თუმცა ცხოველებისთვის სახელების დარქმევა მან თავის პირველ მიწიერ შვილს დაავალა. ღმერთმა „მიუყვანა ისინი კაცს, რომ ენახა, რას დაარქმევდა თითოეულს“. როცა ადამმა ცხოველებზე დაკვირვების შემდეგ თითოეულს შესაფერისი სახელი დაარქვა, იეჰოვა არ ჩაერია საქმეში და ცხოველებისთვის შერჩეული სახელები არ შეცვალა. ასე რომ, რაც ადამმა დაარქვა ცხოველებს, ის გახდა მათი სახელი (დაბ. 2:19).

8. როგორ გამოიყენა ადამმა ბოროტად ნების თავისუფლება და რა იყო შედეგი?

8 სამწუხაროდ, ადამმა არ დააფასა ღვთისგან მიღებული დავალება, რაშიც ედემის ბაღის დამუშავება და მოვლა შედიოდა. ის არ იყო კმაყოფილი იმით, რომ ღვთისგან დავალებული საქმის შესასრულებლად საკმაოდ დიდი თავისუფლებით სარგებლობდა. ღმერთს ნათქვამი ჰქონდა მისთვის: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბ. 1:28). ნაცვლად ამისა, მან გადაწყვიტა, გადასულიყო ღვთისგან დადგენილ საზღვრებს და აკრძალული ნაყოფი ეჭამა. ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენებამ ადამის შთამომავლებს ათასობით წლის მანძილზე უდიდესი ტანჯვა და ტკივილი მოუტანა (რომ. 5:12). მისი გადაწყვეტილების შედეგებზე ფიქრმა უნდა აღგვძრას, ჩვენთვის ბოძებული თავისუფლება სათანადოდ და იეჰოვას მიერ დადგენილი საზღვრების ფარგლებში გამოვიყენოთ.

9. რა არჩევნის გაკეთების უფლება მისცა იეჰოვამ ისრაელებს და როგორ გამოეხმაურნენ ისინი მის შეთავაზებას?

9 ადამისა და ევას შთამომავლებმა თავიანთი ურჩი წინაპრებისგან მემკვიდრეობით არასრულყოფილება და სიკვდილი მიიღეს. თუმცა ნების თავისუფლების ძღვენი მათ არ წართმევიათ. ამაზე მოწმობს ისრაელ ერთან ღვთის ურთიერთობა. თავისი მსახურის, მოსეს მეშვეობით იეჰოვამ ისრაელებს მისთვის გამორჩეულ საკუთრებად გახდომის შესაძლებლობა შესთავაზა (გამ. 19:3—6). როგორ გამოეხმაურნენ ისინი ამ შეთავაზებას? ისინი ნებაყოფლობით დათანხმდნენ პირობებს, რომლებიც ღვთის სახელით წოდებულ ერს უნდა შეესრულებინა და ერთხმად თქვეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა“ (გამ. 19:8). სამწუხაროდ, მოგვიანებით მათ ბოროტად გამოიყენეს ნების თავისუფლება და მიცემული პირობა დაარღვიეს. მოდი ყურად ვიღოთ მათი გამაფრთხილებელი მაგალითი, ყოველთვის დავაფასოთ ნების თავისუფლების ძღვენი, კვლავაც დავუახლოვდეთ იეჰოვას და დავემორჩილოთ მის სამართლიან მოთხოვნებს (1 კორ. 10:11).

10. საიდან ჩანს, რომ არასრულყოფილ ადამიანებს შეუძლიათ ნების თავისუფლება ღვთის განსადიდებლად გამოიყენონ? (იხილეთ სურათი მე-12 გვერდზე)

10 ებრაელების მე-11 თავში მოყვანილია ღვთის 16 მსახურის სახელი, რომელთაც არჩიეს, ნების თავისუფლება იეჰოვას დადგენილი საზღვრების ფარგლებში გამოეყენებინათ. შედეგად, მათ მიიღეს უხვი კურთხევები და მომავლის მტკიცე იმედი. მაგალითად, ნოემ უდიდესი რწმენა გამოავლინა და გადაწყვიტა, საკუთარი ოჯახისა თუ მომავალი თაობების გადასარჩენად ღვთის მითითებას მიჰყოლოდა და კიდობანი აეგო (ებრ. 11:7). აბრაამი და სარა „დაპირებულ ქვეყანაში“ ჩასასვლელად ღვთის ხელმძღვანელობას მიჰყვნენ. მას შემდეგ, რაც ამ გრძელ გზას დაადგნენ, აყვავებულ ქალაქ ურში „დაბრუნების შესაძლებლობა“ ჰქონდათ. მაგრამ ისინი რწმენის თვალით უყურებდნენ ღვთის დანაპირების შესრულებას და „უკეთესი ადგილისკენ“ ისწრაფოდნენ (ებრ. 11:8, 9, 13, 15, 16). მოსემ ზურგი აქცია ეგვიპტის სიმდიდრეს და „არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა“ (ებრ. 11:24—26). მოდი მივბაძოთ ამ ძველად მცხოვრები ადამიანების რწმენის მაგალითს, დავაფასოთ ნების თავისუფლების ძღვენი და ის ღვთის ნების შესასრულებლად გამოვიყენოთ!

11. ა) რომელია ნების თავისუფლების კურთხევათაგან ერთ-ერთი? ბ) რა აღგძრავთ ნების თავისუფლების სწორად გამოყენებისკენ?

11 შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფრო ადვილი იქნებოდა, თუ ჩვენ ნაცვლად სხვები მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს დაგვაკარგვინებდა ნების თავისუფლების უდიდეს კურთხევათაგან ერთ-ერთს. ამ კურთხევის შესახებ ვიგებთ კანონის 30:19, 20-დან (წაიკითხეთ). მე-19 მუხლში ჩაწერილია არჩევანი, რომლის წინაშეც ღმერთმა ისრაელები დააყენა, მე-20 მუხლიდან კი ჩანს ამ შესანიშნავი შესაძლებლობის მიცემის მიზეზი — ისინი დაანახვებდნენ იეჰოვას, გულში რა ჰქონდათ. მათ მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ავირჩიოთ იეჰოვას თაყვანისმცემლობა. ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლების გამოსაყენებლად ყველაზე ღირსეული მოტივი ღვთის სიყვარული და განდიდებაა!

ნუ გამოიყენებთ ბოროტად ნების თავისუფლების ძღვენს!

12. როგორ არ უნდა გამოვიყენოთ ჩვენთვის ბოძებული ნების თავისუფლება?

12 წარმოიდგინეთ, რომ მეგობარს ძვირფასი საჩუქარი აჩუქეთ. როგორ დაგწყდებოდათ გული, თუ გაიგებდით, რომ მან საჩუქარი ნაგავში გადააგდო, ან უფრო უარესი, ის ვინმესთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენა! უბრალოდ დაფიქრდით, რას გრძნობს იეჰოვა, როცა ხედავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არჩევნის თავისუფლებას ბოროტად იყენებს და შეიძლება სხვებსაც კი აყენებს ზიანს. როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, „ბოლო დღეებში“ ადამიანები უმადურები იქნებოდნენ (2 ტიმ. 3:1, 2). მოდი ნურასდროს გამოვიყენებთ ბოროტად ნების თავისუფლების ძვირფას ძღვენს და ნუ გავაუბრალოებთ მას! რა დაგვეხმარება, მოვერიდოთ ნების თავისუფლების ძღვნის ბოროტად გამოყენებას?

13. როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენებას?

13 ყველას გვაქვს უფლება, თავად ავირჩიოთ მეგობრები, ჩაცმისა თუ ვარცხნილობის სტილი და გართობა. მაგრამ არჩევნის თავისუფლება შეიძლება „ბოროტების საფრად“ იქცეს, თუ დავემონებით ხორცის სურვილებს ან ავყვებით ქვეყნიერებაში პოპულარულ ტენდენციებს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:16). ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი თავისუფლება „ხორცის საამებლად“ გამოვიყენოთ, გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს, გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც შემდეგი რჩევის გათვალისწინებაში დაგვეხმარება: „ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (გალ. 5:13; 1 კორ. 10:31).

14. როგორ უკავშირდება იეჰოვასადმი ნდობა ნების თავისუფლებას?

14 ამასთან, ჩვენ გავუფრთხილდებით ნების თავისუფლების ძღვენს, თუ მივენდობით იეჰოვას და მივყვებით ხელმძღვანელობას, რომელსაც ის ჩვენთვის დადგენილი საზღვრების ფარგლებში გვიწევს. მხოლოდ იეჰოვა გვასწავლის ჩვენ სასიკეთოდ და გვატარებს იმ გზით, რომლითაც უნდა ვიაროთ (ეს. 48:17). ჩვენ თავმდაბლად უნდა ვაღიაროთ ღვთივშთაგონებული სიტყვების ჭეშმარიტება: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერ. 10:23). ადამისა და ურჩი ისრაელებისგან განსხვავებით ნურასდროს გავებმებით მახეში და ნუ დავასკვნით, რომ შეგვიძლია საკუთარ გონებას დავენდოთ. ნაცვლად ამისა, მოდი მთელი გულით მივენდოთ იეჰოვას! (იგავ. 3:5).

პატივი ეცით სხვების ნების თავისუფლებას

15. რას ვსწავლობთ გალატელების 6:5-ში ჩაწერილი პრინციპიდან?

15 ჩვენი თავისუფლებისთვის დადგენილი ერთ-ერთი შეზღუდვა ის არის, რომ პატივი უნდა ვცეთ სხვების უფლებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. ვინაიდან ყველანი ნების თავისუფლებით ვსარგებლობთ, შეუძლებელია, ქრისტიანებმა ყოველთვის ერთნაირი გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს ასეა თაყვანისცემასა თუ ჩვენს ქცევასთან დაკავშირებულ საკითხებშიც. ჩვენ უნდა გვახსოვდეს გალატელების 6:5-ში ჩაწერილი პრინციპი (წაიკითხეთ). თუ ვაცნობიერებთ, რომ თითოეული ქრისტიანი „თავის სატარებელს ატარებს“, პატივისცემით მოვეკიდებით მათ ნების თავისუფლებას.

პირადი გადაწყვეტილების მიღების დროს სხვებს არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი შეხედულებები (იხილეთ აბზაცი 15)

16, 17. ა) როგორ გახდა არჩევნის თავისუფლება საკამათო კორინთის კრებაში? ბ) როგორ მოაგვარა პავლემ ეს საკითხი და რას ვსწავლობთ აქედან სხვების უფლებებზე?

16 განვიხილოთ ბიბლიური მაგალითი, რომელიც უკეთ დაგვანახვებს, რატომ უნდა ვცეთ პატივი თანაქრისტიანების უფლებას, რომ სინდისთან დაკავშირებული საკითხები თავად გადაწყვიტონ. კორინთელ ქრისტიანებს სხვადასხვა აზრი ჰქონდათ ისეთი ხორცის ჭამაზე, რომელიც შესაძლოა კერპისთვის იყო შეწირული და ბაზარში იყიდებოდა. ზოგი მათგანი მსჯელობდა: „კერპი არაფერია, ამიტომ სუფთა სინდისით შემიძლია ასეთი ხორცის ჭამა“. მაგრამ სხვები, ვინც ადრე კერპთაყვანისმცემელი იყო, ფიქრობდნენ, რომ ასეთი ხორცის ჭამა კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობის ტოლფასი იყო (1 კორ. 8:4, 7). ეს საკითხი საფრთხეს უქმნიდა კრების ერთიანობას. როგორ დაეხმარა პავლე კორინთელ ქრისტიანებს, ამ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი ჰქონოდათ?

17 თავდაპირველად, მან დაპირისპირებულ მხარეებს შეახსენა, რომ საკვები არ დააახლოებდა მათ ღმერთთან (1 კორ. 8:8). შემდეგ გააფრთხილა, რომ თავიანთი უფლება სუსტებისთვის დაბრკოლებად არ ექციათ (1 კორ. 8:9). მათ, ვისაც შედარებით მგრძნობიარე სინდისი ჰქონდა, პავლემ ურჩია, არ განესაჯათ ქრისტიანები, რომლებიც ასეთი ხორცის ჭამას გადაწყვეტდნენ (1 კორ. 10:25, 29, 30). ამგვარად, თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ამ მნიშვნელოვან საკითხში თითოეულ ქრისტიანს საკუთარი სინდისიდან გამომდინარე უნდა მიეღო გადაწყვეტილება. განა ჩვენ არ უნდა ვცეთ პატივი თანაქრისტიანების უფლებას, თავად გადაწყვიტონ ამაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები?! (1 კორ. 10:32, 33).

18. რით ცხადყოფთ, რომ აფასებთ ღვთისგან ბოძებულ ნების თავისუფლებას?

18 იეჰოვამ ნების თავისუფლებასთან ერთად ჭეშმარიტი თავისუფლება გვიბოძა (2 კორ. 3:17). ჩვენ ვაფასებთ ამ ძღვენს, რადგან შეგვიძლია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, საიდანაც ჩანს, რამდენად გვიყვარს იეჰოვა. მოდი ეს ძღვენი ყოველთვის ღვთის განსადიდებლად გამოვიყენოთ და პატივი ვცეთ სხვების ნების თავისუფლებას! ამგვარად ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ ამ ძვირფას ძღვენს.