არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერიკი და ეიმი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — განა

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — განა

იცნობთ ისეთ დას ან ძმას, რომელიც მსახურების გაფართოების მიზნით გადავიდა ქვეყანაში, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? დაფიქრებულხართ, რამ აღძრა ისინი, საზღვარგარეთ ემსახურათ? როგორ მოემზადნენ ისინი ასეთი სახის მსახურებისთვის? შეგიძლიათ მათ რიგებს შეუერთდეთ? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად გავიგოთ, რას ამბობენ ეს და-ძმები.

რამ აღძრა ისინი

რამ აღგძრათ, დაფიქრებულიყავით ისეთ ქვეყანაში გადასვლაზე, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? დაახლოებით 35 წლის ეიმი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, ამბობს: „წლების მანძილზე ვფიქრობდი საზღვარგარეთ მსახურებაზე, მაგრამ მეგონა, რომ ასეთი მიზნის დასახვა ჩემთვის არარეალური იყო“. რამ შეუცვალა მას შეხედულება? „2004 წელს ერთმა წყვილმა, რომელიც ბელიზში მსახურობს, ერთი თვით თავისთან მიმიწვია, რათა ერთად გვემსახურა. ასეც მოვიქეცი და არ ვნანობ! ერთი წლის შემდეგ გადავედი განაში, რათა იქ მემსახურა პიონერად“.

აარონი და სტეფანი

რამდენიმე წლის წინ შეერთებულ შტატებში მცხოვრები სტეფანი, რომელიც მალე 30 წლისა გახდება, თავისი მდგომარეობის კარგად აწონ-დაწონის შემდეგ ასეთ დასკვნამდე მივიდა: „ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და ოჯახური პასუხისმგებლობებისგან თავისუფალი ვარ. წესით, იეჰოვასთვის იმაზე მეტს უნდა ვაკეთებდე, ვიდრე ვაკეთებ“. ასეთმა გულწრფელმა თვითშემოწმებამ აღძრა ის, მსახურების გასაფართოებლად განაში გადასულიყო. შუახნის ასაკს მიღწეულ დანიელ ცოლ-ქმარს, ფილიპსა და იდას, ყოველთვის ოცნებად ჰქონდა იქ გადასვლა, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ამ ოცნების ასახდენად ისინი სხვადასხვა საშუალებას ეძებდნენ. ფილიპი ამბობს: «როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცა, თითქოს იეჰოვამ გვითხრა: „იმოქმედეთ!“». 2008 წელს ისინი გადავიდნენ განაში და იქ სამ წელზე მეტხანს იმსახურეს.

ბრუკი და ჰანსი

30 წელს გადაცილებული პიონერი წყვილი, ჰანსი და ბრუკი, შეერთებულ შტატებში მსახურობს. 2005 წელს ისინი ეხმარებოდნენ ქარიშხალ „კატრინას“ შედეგად დაზარალებულებს. მოგვიანებით მათ სურვილი გამოთქვეს საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში მონაწილეობაზე, მაგრამ ისინი არ მიუწვევიათ. ჰანსი იხსენებს: „კონგრესზე მოვისმინეთ თემა, რომელშიც განიხილებოდა მეფე დავითის მაგალითი. ის შეეგუა იმ აზრს, რომ ვერ ააშენებდა ტაძარს, ამიტომ სხვა მიზანი დაისახა. ამ აზრმა დაგვანახვა, რომ ცუდი არაფერი იყო იმაში, თუ ერთ თეოკრატიულ მიზანს მეორეთი ჩავანაცვლებდით“ (1 მატ. 17:1—4, 11, 12; 22:5—11). ჰანსი დასძენს: „იეჰოვას უნდოდა, სხვა კარზე დაგვეკაკუნებინა“.

მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთ გადასული მეგობრებისგან საინტერესო შემთხვევები მოისმინეს, ჰანსმა და ბრუკმა გადაწყვიტეს, თავადაც მოესინჯათ უცხო ქვეყანაში პიონერად მსახურება. 2012 წელს ისინი გადავიდნენ განაში და იქ ოთხ თვეს ეხმარებოდნენ ჟესტებისენოვან კრებას. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში დაბრუნება მოუწიათ, განაში მიღებულმა გამოცდილებამ მათ სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების სურვილი გაუძლიერა. მოგვიანებით ჰანსი და ბრუკი მონაწილეობდნენ მიკრონეზიაში ერთ-ერთი ფილიალის მშენებლობაში.

მიზნის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯები

როგორ მოემზადეთ იქ მსახურებისთვის, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? სტეფანი პასუხობს: «მოვიძიე „საგუშაგო კოშკის“ ის სტატიები, რომლებიც ასეთ ტერიტორიაზე მსახურებას ეხებოდა. * საზღვარგარეთ მსახურების შესახებ ველაპარაკე კრების უხუცესებს, სარაიონო ზედამხედველსა და მის მეუღლეს. ლოცვაშიც ხშირად ვიხსენიებდი ამ მიზანს». ამასთან, სტეფანი ცდილობდა, უბრალოდ ეცხოვრა. ამის წყალობით მან დაზოგა თანხა, რომლითაც უცხო ქვეყანაში თავის რჩენას შეძლებდა.

ჰანსი ამბობს: „ლოცვაში იეჰოვას ვთხოვდით ხელმძღვანელობას, რადგან გვსურდა, იქ გვემსახურა, სადაც ის მიგვითითებდა. კონკრეტულად ვიხსენიებდით იმასაც, თუ როდის ვაპირებდით გეგმის განხორციელებას“. ჰანსმა და ბრუკმა ოთხ ფილიალს მისწერეს წერილი. განის ფილიალიდან მიღებული პასუხის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, ორი თვით გადასულიყვნენ იქ. ჰანსი იხსენებს: „ისე მოგვეწონა კრებასთან ერთად მსახურება, რომ იმაზე მეტხანს დავრჩით, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა“.

ეიდრია და ჯორჯი

40 წელს მიღწეულ კანადელ ცოლ-ქმარს, ჯორჯსა და ეიდრიას, ახსოვდა, რომ იეჰოვას კურთხევის მისაღებად უბრალოდ სურვილის ქონა არ კმარა, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ მათ დასახული მიზნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს. ისინი დაუკავშირდნენ ერთ დას, რომელიც განაში ისეთ ადგილას მსახურობდა, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო და მას უამრავი კითხვა დაუსვეს. მათ აგრეთვე წერილები მისწერეს კანადისა და განის ფილიალებს. „ამასთან, ვეძებდით შესაძლებლობებს, კიდევ უფრო გაგვემარტივებინა ცხოვრება“, — ამბობს ეიდრია. შედეგად, 2004 წელს მათ შეძლეს განაში გადასვლა.

სირთულეებთან გამკლავება

რა სირთულეებს შეხვდით უცხო ქვეყანაში გადასვლის შემდეგ და როგორ გაუმკლავდით მათ? თავიდან ეიმის ძალიან ენატრებოდა თავისი ოჯახი. ის იხსენებს: „ყველაფერი ახალი და უჩვეულო იყო“. რა დაეხმარა მას? „ოჯახის წევრები მირეკავდნენ და მსახურებისთვის მაქებდნენ, რაც მეხმარებოდა, ყოველთვის მხსომებოდა, რატომ გადმოვედი აქ. მოგვიანებით ოჯახს ინტერნეტის მეშვეობით ვუკავშირდებოდი და ვიდეოთვალით ერთმანეთის ნახვის საშუალებაც გვეძლეოდა. ამიტომ ოჯახიდან მოწყვეტილად აღარ ვგრძნობდი თავს“. ეიმი დასძენს, რომ ერთ მოწიფულ ადგილობრივ დას დაუმეგობრდა, რომელმაც მას იქაური წეს-ჩვეულებები გააცნო. „ის ჩემი პირადი მრჩეველი გახდა. როცა ვერ ვხვდებოდი, რატომ ჰქონდა ხალხს ესა თუ ის რეაქცია, ის მიხსნიდა ხოლმე მიზეზს. მისგან ვისწავლე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და რას უნდა მოვრიდებოდი, რაც ძალიან დამეხმარა, რომ სიხარულით გამეგრძელებინა მსახურება“.

განაში პირველად ჩასვლის შემდეგ ჯორჯსა და ეიდრიას ისეთი გრძნობა დაეუფლათ, თითქოს სხვა დროში აღმოჩნდნენ. ეიდრია იხსენებს: „სარეცხი მანქანა არ გვქონდა, ამიტომ ტანსაცმელს ვედროში ვრეცხავდით. საჭმლის მომზადებას ათჯერ მეტი დრო სჭირდებოდა. თავიდან რაც რთული გვეჩვენებოდა, დროთა განმავლობაში უბრალოდ სიახლე აღმოჩნდა“. ბრუკი დასძენს: „პიონერულ მსახურებასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ცხოვრება დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს. მადლიერი ვართ იმ გამამხნევებელი შემთხვევებისთვის, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგვიგროვდა“.

კურთხევების მომტანი მსახურება

რატომ ურჩევდით ამ სახის მსახურებას სხვებს? სტეფანი პასუხობს: „შეუდარებელი სიხარული მოაქვს იქ მსახურებას, სადაც ჭეშმარიტებასმოწყურებულ ისეთ ადამიანებს ხვდები, რომლებსაც უნდათ, ყოველდღე ისწავლონ ბიბლია. მსახურებისთვის ისეთ ტერიტორიაზე გადასვლა, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“. 2014 წელს სტეფანი ცოლად გაჰყვა აარონს. ამჟამად ისინი განის ფილიალში მსახურობენ.

30 წელს გადაცილებული გერმანელი პიონერი და კრისტინე ამბობს: „ასეთი სახის მსახურება ძალიან კარგია“. განაში გადასვლამდე კრისტინე ბოლივიაში მსახურობდა. ის დასძენს: „რადგან ოჯახიდან შორს ვარ, დახმარებისთვის ყოველთვის იეჰოვას მივმართავ. ის ჩემთვის უფრო რეალური გახდა. ამასთან, იეჰოვას ხალხს შორის არსებული არაჩვეულებრივი ერთობის მოწმე გავხდი. ასეთმა მსახურებამ გაამდიდრა ჩემი ცხოვრება“. ახლახან კრისტინე გიდეონს გაჰყვა ცოლად. ისინი ერთად განაგრძობენ განაში მსახურებას.

კრისტინე და გიდეონი

ფილიპი და იდა გვიამბობენ, თუ როგორ ეხმარებოდნენ ბიბლიის შემსწავლელებს სულიერ ზრდაში: „15-ზე ნაკლები ბიბლიის შესწავლა არ გვქონია, მაგრამ გადავწყვიტეთ, 10-მდე შეგვემცირებინა, რათა უფრო საფუძვლიანად დავხმარებოდით მათ“. როგორ იმოქმედა ამან შემსწავლელებზე? ფილიპი ამბობს: «შესწავლას ვატარებდი ერთ ახალგაზრდასთან, მაიკლთან. ის ყოველდღე სწავლობდა ბიბლიას და თან ისე კარგად ემზადებოდა, რომ ერთ თვეში დავამთავრეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია“. ამის შემდეგ მაიკლი მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. როცა მსახურებაში პირველად გავედით, მან მკითხა: „ბიბლიის შესწავლის ჩატარებაში ხომ ვერ დამეხმარები?“. გაკვირვებულმა შევხედე მას. მაიკლს სამი შესწავლა ჰქონდა დაწყებული და დახმარება სჭირდებოდა». წარმოიდგინეთ, განაში მქადაგებლებზე იმდენად დიდი მოთხოვნილებაა, რომ ბიბლიის შემსწავლელებსაც კი აქვთ ბიბლიის შესწავლები!

იდა და ფილიპი

ეიმიმ სწრაფად გააცნობიერა, რომ ამ ქვეყანაში მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ის გვიამბობს: „განაში ჩასვლისთანავე ერთ პატარა სოფელში მოგვიწია ქადაგება, სადაც ყრუ-მუნჯებს ვეძებდით. ჩვენდა გასაკვირად, მხოლოდ ამ სოფელში 8 ყრუ-მუნჯს შევხვდით!“. მოგვიანებით ეიმი ერიკს გაჰყვა ცოლად. დღეს ისინი სპეციალურ პიონერებად მსახურობენ და ეხმარებიან ჟესტებისენოვან კრებას, რომელიც 300-ზე მეტ ყრუ-მუნჯ მაუწყებელსა და დაინტერესებულზე ზრუნავს. ჯორჯმა და ეიდრიამ განაში მსახურების დროს საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ნიშნავს მისიონერული მსახურება. ისინი უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ, როდესაც სკოლა „გალაადის“ 126-ე კლასში მიიწვიეს. დღეს ისინი მისიონერულ მსახურებას ეწევიან მოზამბიკში.

სიყვარულით აღძრულნი

გულს გვითბობს იმის დანახვა, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩასული ამდენი და-ძმა ადგილობრივი მაუწყებლების მხარდამხარ მონაწილეობს სულიერ მკაში (იოან. 4:35). ყოველკვირა განაში საშუალოდ 120 ადამიანი ინათლება. იმ 17 და-ძმის მსგავსად, რომლებიც მსახურების გასაფართოებლად განაში გადავიდნენ, მთელ მსოფლიოში ათასობით მახარობელს იეჰოვას სიყვარული აღძრავს მზადყოფნის გამოსავლენად. ისინი მსახურობენ ისეთ ტერიტორიებზე, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ეჭვგარეშეა, ასეთი მზადყოფნის სულით აღვსილი მუშები გულს უხარებენ იეჰოვას! (ფსალმ. 110:3; იგავ. 27:11).

^ აბზ. 9 იხილეთ, მაგალითად, 2009 წლის 15 აპრილისა და 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიები: „შეგიძლია იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?“ და „ჩამოდი მაკედონიაში“.