არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგი იქნება, თუ ყველაფერზე წინასწარ გულახდილად იმსჯელებთ

როცა ოჯახის წევრი უკურნებელი სენითაა დაავადებული

როცა ოჯახის წევრი უკურნებელი სენითაა დაავადებული

დორენს თავზარი დასცა იმის გაგებამ, რომ მის მეუღლეს, უესლის, რომელიც 54 წლის იყო, აგრესიული ფორმის თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა. * ექიმების თქმით, მას რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩენოდა. დორენი იხსენებს: „ვერაფრით ვიჯერებდი ამ ამბავს. რამდენიმე კვირა შოკში ვიყავი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. მეგონა, რომ ეს ყველაფერი სხვის თავს ხდებოდა“.

სამწუხაროდ, დორენის გრძნობები ბევრისთვის კარგადაა ნაცნობი. უკურნებელი სენით შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი დაავადდეს. ქებას იმსახურებენ ისინი, ვინც საკუთარ თავზე იღებენ მომაკვდავ ადამიანზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. ეს ნამდვილად არაა იოლი. როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს მოუარონ და მხარში ამოუდგნენ ასეთ ავადმყოფს? რისთვის უნდა იყვნენ მზად ამ დროს? როგორ უნდა შეინარჩუნონ თავად მომვლელებმა ემოციური წონასწორობა? პირველ რიგში გავიგოთ, რატომ არის მომაკვდავი ადამიანის მოვლა საკმაოდ რთული.

რატომ არის რთული მომაკვდავის მოვლა

თანამედროვე სამედიცინო მიღწევების წყალობით უკურნებელი სენით დაავადებულები შედარებით დიდხანს ცოცხლობენ და ნაკლებად იტანჯებიან. დაახლოებით ერთი საუკუნის წინ განვითარებულ ქვეყნებშიც კი სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო. ადამიანები მალევე იღუპებოდნენ სხვადასხვა ინფექციური დაავადებისა თუ მიღებული ტრავმის შედეგად. ყველას არ შეეძლო საავადმყოფოში მკურნალობა. ავადმყოფთა უმეტესობას სახლში უვლიდნენ, ამიტომ ისინი ოჯახის წევრების თვალწინ კვდებოდნენ.

დღესდღეობით მედიკოსებს შეუძლიათ უკურნებელი სენით დაავადებულებს გაუხანგრძლივონ სიცოცხლე. ჩვენს დროში წლები ცოცხლობენ ისეთი დაავადებით, როგორიც ადრე ადამიანს მალე უსწრაფებდა სიცოცხლეს. თუმცა სამწუხაროა, რომ ბოლომდე ვერ ამარცხებენ ვერაგ დაავადებებს. ხშირ შემთხვევაში ავადმყოფი შეიძლება იმდენად იყოს დაუძლურებული, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ვერ შეძლოს. ასეთი ავადმყოფის მოვლა ძალიან რთული და დამქანცველია.

დღეს ზოგ ქვეყანაში მძიმე ავადმყოფების უმეტესობა საავადმყოფოში გადაჰყავთ, ამიტომ ბევრისთვის უცნობია, რა სირთულეები ახლავს სიკვდილის წინა პერიოდს. სინამდვილეში მათგან ცოტა თუ გამხდარა ვინმეს სიკვდილის მომსწრე. მათ არ იციან, რასთან მოუწევთ გამკლავება და ამის შიშით შეიძლება თავი შეიკავონ მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრის მოვლისგან. რა ზომებს უნდა მიმართოთ ამ დროს?

წინასწარ იმსჯელეთ

ზემოხსენებული დორენის შემთხვევიდანაც გამოჩნდა, რომ ემოციურად გამანადგურებელია, როცა ახლობელს სასიკვდილო დაავადების დიაგნოზს უსვამენ. ამ დროს შეიძლება შიშმა შეგიპყროთ და დარდმა მოგიცვათ. რა დაგეხმარებათ, მოემზადოთ ამ მძიმე პერიოდისთვის? ერთი ღვთის მსახური ღმერთს შესთხოვდა: „გვასწავლე, ისე დავითვალოთ ჩვენი დღეები, რომ ბრძენი გული შევიძინოთ“ (ფსალმუნი 90:12). ამიტომ სთხოვეთ იეჰოვა ღმერთს სიბრძნე, რომ გონივრულად „დაითვალოთ დღეები“, ანუ თქვენი მხრიდან ყველაფერი გააკეთოთ, რათა სიკვდილამდე თქვენი ახლობლის გვერდით იყოთ და შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქოთ მდგომარეობა.

კარგი იქნება, თუ ყველაფერზე წინასწარ იმსჯელებთ. თუკი ავადმყოფს სურს და შეუძლია კიდეც თავის მდგომარეობაზე საუბარი, გონივრულია ჰკითხოთ, მისი უგონოდ ყოფნის დროს ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება; მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში რომელი მეთოდით სურს მკურნალობა ან უნდა თუ არა საავადმყოფოში გადაყვანა. ამ საკითხებზე გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ გაუგებრობები და არც დანაშაულის გრძნობამ შეგაწუხოთ, როცა მის მაგივრად მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, თუ წინასწარ იმსჯელებთ ამ საკითხებზე, ოჯახის ყველა წევრი მზად იქნებით, მთელი ყურადღება ავადმყოფის მოვლაზე გადაიტანოთ. იგავების 15:22-ში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება“.

როგორ შევუმსუბუქოთ მდგომარეობა

თუ მომაკვდავს უვლით, გახსოვდეთ, რომ ამ დროს მთავარია, მას მდგომარეობა შეუმსუბუქოთ. დაარწმუნეთ ის თქვენს სიყვარულსა და მხარდაჭერაში. რა შეგიძლიათ ამისთვის გააკეთოთ? წაუკითხეთ ან უმღერეთ ისეთი რამ, რაც კარგ ხასიათზე დააყენებს. ბევრ ავადმყოფს ძალიან სიამოვნებს, როცა ოჯახის წევრები ხელს ხელზე ჰკიდებენ და მშვიდი ტონით ესაუბრებიან.

ხშირად ავადმყოფს ნათესავები და მეგობრები ინახულებენ. ამიტომ კარგი იქნება, უთხრათ, ვინ მოვიდა მათ სანახავად. ერთ წყაროში ნათქვამია: „[მომაკვდავი] ხუთი გრძნობიდან ყველაზე ბოლოს სმენას კარგავს. მას შეიძლება ყველაფერი ესმოდეს მაშინაც კი, როცა გგონიათ, რომ სძინავს. ამიტომ ნუ იტყვით ხმამაღლა ისეთ რამეს, რაც არ გსურთ, რომ გაიგოს“.

თუ შესაძლებელია, ერთად ილოცეთ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ერთხელ პავლე და მისი თანამსახურები იმდენად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ არ იცოდნენ, გადარჩებოდნენ თუ არა. სწორედ ამ დროს პავლემ თანამორწმუნეებს სთხოვა: „თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, მხურვალედ ილოცოთ ჩვენთვის“ (2 კორინთელები 1:8—11). თუ მსგავს სიტუაციაში გულმხურვალედ ილოცებთ, დიდ შვებას იგრძნობთ.

თვალი გაუსწორეთ რეალობას

იმ აზრთან შეგუება, რომ საყვარელი ადამიანი ხელიდან გვეცლება, ძალიან ძნელია და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სიკვდილისთვის არ ვართ გაჩენილი (რომაელები 5:12). ღვთის სიტყვა სიკვდილს „მტერს“ უწოდებს (1 კორინთელები 15:26). ამიტომ იმის გაფიქრებაც კი გვზარავს, რომ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი ერთხელაც გვერდით აღარ გვეყოლება.

და მაინც, თუ ოჯახის წევრები წინასწარ იქნებიან ამისთვის შემზადებული, შიში კი არ შეიპყრობთ, არამედ ყველაფერს იღონებენ ავადმყოფისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. თანდართულ ჩარჩოში „ სიცოცხლის უკანასკნელი კვირები“ ჩამოთვლილია რამდენიმე სიმპტომი, რაც სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს აღენიშნება. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი სიმპტომებიდან შეიძლება ყველა არ გამოვლინდეს და არც იმ თანმიმდევრობით, როგორც ჩარჩოშია მოცემული. თუმცა მძიმე ავადმყოფების უმეტესობას რამდენიმე სიმპტომი მაინც აღენიშნება.

ახლობლის სიკვდილის შემდეგ კარგი იქნება, თუ დახმარებისთვის მეგობრებს მიმართავთ, რომლებიც მზად არიან, მხარში ამოგიდგნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა თუ მათ, ვინც უშუალოდ უვლიდა ავადმყოფს, შეიძლება იმაში დარწმუნება დასჭირდეთ, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანის ტანჯვას ბოლო მოეღო. ჩვენი შემოქმედი გვარწმუნებს, რომ „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).

მოსიყვარულე შემოქმედი გვერდში გვიდგას

მიიღეთ შემოთავაზებული დახმარება

თუ ღმერთს მიენდობით, დიდ შვებას იგრძნობთ არა მარტო ავადმყოფ ოჯახის წევრზე ზრუნვის დროს, არამედ მისი სიკვდილის შემდეგაც. მან შეიძლება სხვები აღძრას, რომ სიტყვითაც გაგამხნეონ და გვერდშიც დაგიდგნენ. ზემოხსენებული დორენი აღნიშნავს: «მივხვდი, რომ დახმარებაზე უარი არ უნდა მეთქვა. ძალიან ბევრმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი. სწორედ მათ გადაგვატანინეს ეს მძიმე პერიოდი. იეჰოვა თითქოს მე და ჩემს მეუღლეს მათი მეშვეობით გვეუბნებოდა: „მე თქვენ გვერდით ვარ, რათა დაგეხმაროთ“. ამას არასდროს დავივიწყებ!»

ნამდვილად, იეჰოვა საუკეთესოდ ზრუნავს ჩვენზე! ჩვენს შემოქმედს კარგად ესმის, რამხელა ტკივილს განვიცდით ამ დროს. მას სურვილიც აქვს და ძალუძს კიდეც ჩვენი დახმარება და ნუგეშისცემა. მეტიც, ის გვპირდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს სიკვდილს და მის მეხსიერებაში მყოფ მილიარდობით ადამიანს სიცოცხლეს დაუბრუნებს (იოანე 5:28, 29; გამოცხადება 21:3, 4). მაშინ გამართლდება მოციქულ პავლეს მიერ ღვთივშთაგონებით წარმოთქმული სიტყვები: „სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება? სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“ (1 კორინთელები 15:55).

^ აბზ. 2 სტატიაში სახელები შეცვლილია.