არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არსებობს ბიბლიის ამდენი თარგმანი?

რატომ არსებობს ბიბლიის ამდენი თარგმანი?

რატომ არსებობს ბიბლიის უამრავი თარგმანი? თქვენი აზრით, ეს თარგმანები ბიბლიის უკეთ გაგებაში გვეხმარება თუ პირიქით? თუ ამ თარგმანების ისტორიას გაეცნობით, უკეთ შეაფასებთ მათ.

თავდაპირველად გავიგოთ, ვის მიერ და როდის დაიწერა ბიბლია.

დედანი

ბიბლია ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი შეიცავს 39 წიგნს, რომლებშიც „ღვთის წმინდა სიტყვები“ არის ჩაწერილი (რომაელები 3:2). ღვთივშთაგონებით ერთგული მამაკაცები ამ წიგნებს საკმაოდ დიდი ხანი, დაახლოებით 1 100 წლის მანძილზე, წერდნენ; მისი წერა დაიწყო ძვ. წ. 1513 წელს და დასრულდა, სავარაუდოდ, ძვ. წ. 443 წელს. ძირითადად, ეს წიგნები ებრაულ ენაზე დაიწერა, ამიტომაც ბიბლიის ამ ნაწილს „ებრაული წერილები“ ეწოდება, რომელიც აგრეთვე „ძველი აღთქმის“ სახელითაა ცნობილი.

მეორე ნაწილი შედგება 27 წიგნისგან, რომელიც აგრეთვე ღვთის სიტყვაა (1 თესალონიკელები 2:13). ღვთივშთაგონებით იესო ქრისტეს ერთგულმა მოწაფეებმა ეს წიგნები გაცილებით მოკლე დროში დაწერეს. ბიბლიის მეორე ნაწილი დაახლოებით 60 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ახ. წ. 41 წლიდან ახ. წ. 98 წლამდე იწერებოდა. ეს წიგნები, ძირითადად, ბერძნულ ენაზე დაიწერა, ამიტომაც ბიბლიის ამ ნაწილს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ეწოდება, რომელიც „ახალი აღთქმის“ სახელითაცაა ცნობილი.

მთლიანობაში ბიბლია, ადამიანებისთვის მიწერილი ღვთის წერილი, 66 ღვთივშთაგონებული წიგნისგან შედგება. მაშ, რატომ გახდა საჭირო ბიბლიის თარგმანების გაკეთება? ქვემოთ მოყვანილია ამის სამი ძირითადი მიზეზი:

  • ბიბლია ადამიანებს მშობლიურ ენაზე უნდა წაეკითხათ.

  • ბიბლიიდან უნდა აღმოფხვრილიყო გადამწერთა მიერ დაშვებული შეცდომები და, ამგვარად, აღდგენილიყო თავდაპირველი ტექსტი.

  • არქაული ენა თანამედროვე ენით უნდა შეცვლილიყო.

ვნახოთ, როგორ იქნა გათვალისწინებული ეს სამი ფაქტორი ორი უძველესი თარგმანის მომზადების დროს.

ბერძნული სეპტუაგინტა

იესოს განკაცებამდე დაახლოებით 300 წლით ადრე ებრაელი სწავლულები შეუდგნენ ებრაული წერილების ბერძნულ ენაზე თარგმნას. ეს თარგმანი სეპტუაგინტის სახელით გახდა ცნობილი. რატომ გადაწყვიტეს ამ თარგმანის გაკეთება? ის ებრაელებს დაეხმარებოდა, არ დავიწყებოდათ „წმინდა წერილები“, რადგან იმ დროისთვის ბევრი მათგანისთვის მშობლიური ენა უკვე ბერძნული იყო (2 ტიმოთე 3:15).

სეპტუაგინტის წყალობით მილიონობით არაებრაელიც გაეცნო ბიბლიის სწავლებებს. როგორც პროფესორი უილბერტ ჰაუარდი ამბობს, „პირველი საუკუნის შუა პერიოდში სეპტუაგინტა ქრისტიანული ეკლესიის ძირითადი სახელმძღვანელო გახდა; ქრისტიანი მისიონერები სინაგოგიდან სინაგოგაში დადიოდნენ და წმინდა წერილებიდან უმტკიცებდნენ ხალხს, რომ იესო იყო მესია“ (საქმეები 17:3, 4; 20:20). ბიბლეისტის, ფრედერიკ ბრიუსის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაკარგა ბევრმა ებრაელმა ინტერესი სეპტუაგინტის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ წიგნები, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში შედის, თანდათან იწერებოდა და წერის დასრულებისთანავე იესოს მოწაფეები მათ ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანს, სეპტუაგინტას ურთავდნენ. ამგვარად მიიღო დასრულებული სახე ბიბლიამ, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ.

ლათინური ვულგატა

ბიბლიის წერის დასრულებიდან დაახლოებით 300 წლის შემდეგ ღვთისმეტყველმა იერონიმემ გამოსცა ბიბლიის ლათინური თარგმანი, რომელიც საბოლოოდ ვულგატას სახელით გახდა ცნობილი. იმ დროისთვის ლათინურ ენაზე უკვე რამდენიმე თარგმანი არსებობდა. მაშ, რატომ გახდა საჭირო კიდევ ერთი თარგმანის გამოცემა? როგორც ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაშია ნათქვამი, იერონიმეს სურდა, შესწორებები შეეტანა იმ მონაკვეთებში, სადაც „აზრობრივი თუ სხვა აშკარა შეცდომები და თვითნებურად დამატებული ან გამოტოვებული სიტყვები“ იყო (The International Standard Bible Encyclopedia).

იერონიმემ მართლაც გაასწორა ბევრი შეცდომა. მაგრამ ეკლესიის მესვეურებმა ყველაფერი გააფუჭეს — მათ ბიბლიის თარგმანებს შორის მხოლოდ ლათინური ვულგატა აღიარეს. ის საუკუნეების მანძილზე დარჩა საყოველთაოდ აღიარებულ თარგმანად, რასაც საკმაოდ ცუდი შედეგები მოჰყვა. ვინაიდან ლათინური ენა თანდათანობით დავიწყებას მიეცა, ბიბლია უბრალო ხალხისთვის სრულიად გაუგებარი წიგნი გახდა.

ახალ-ახალი თარგმანები

ამავე პერიოდში მომზადდა ბიბლიის თარგმანები სხვადასხვა ენაზე. ერთ-ერთი ასეთი თარგმანი, სავარაუდოდ, ახ. წ. მე-5 საუკუნით დათარიღებული სირიული ფეშიტა იყო. თუმცა მე-14 საუკუნემდე ვერ მოხერხდა წმინდა წერილების უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენებზე თარგმნა.

ინგლისელი ჯონ უიკლიფი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც სურდა, რომ ბიბლია მის თანამედროვეებს მათთვის გასაგებ ენაზე ჰქონოდათ და არა ლათინურზე, რომელიც იმ დროისთვის, ფაქტობრივად, მკვდარ ენად ითვლებოდა. ამიტომ მე-14 საუკუნის მიწურულს მან გამოსცა ბიბლიის ინგლისური თარგმანი. ცოტა ხანში იოჰან გუტენბერგმა გამოიგონა საბეჭდი მანქანა, რამაც ბიბლიის სწავლულებს საშუალება მისცა, ბიბლიის ახალ-ახალი თარგმანები გამოეცათ ევროპაში გავრცელებულ მრავალ ენაზე.

როცა ინგლისურ ენაზე არაერთი თარგმანი მომზადდა, კრიტიკოსებს კითხვა გაუჩნდათ, რა საჭირო იყო ამდენი თარგმანი ერთსა და იმავე ენაზე. მე-18 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი სასულიერო პირი ჯონ ლუისი წერდა: „დროთა განმავლობაში ენა ძველდება და ხალხისთვის გაუგებარი ხდება, ამიტომ ძველი თარგმანები მუდმივად საჭიროებს განახლებას, რათა ნებისმიერ ეპოქაში მცხოვრები ხალხისთვის გასაგები იყოს“.

დღეს, ისე როგორც არასდროს, ბიბლეისტებს უკეთ შეუძლიათ ძველი თარგმანების გადამუშავება, რადგან უფრო კარგად ესმით ის ენები, რომლებზეც ბიბლია დაიწერა; თანაც მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ბოლო დროს აღმოჩენილი ბიბლიის არაერთი უძველესი ხელნაწერი. ეს ეხმარება მათ, ზუსტად განსაზღვრონ, სინამდვილეში რა ეწერა დედანში.

ასე რომ, ბიბლიის ახალ-ახალი თარგმანები ნამდვილად ფასეულია. თუმცა ზოგიერთ თარგმანთან სიფრთხილე გვმართებს. * და მაინც, მათი თარგმანები შეიძლება დიდად წაგვადგეს, ვისაც თარგმანის მომზადების პროცესში ღვთისადმი წრფელი სიყვარული ამოძრავებდა.

 

^ აბზ. 24 იხილეთ ამ ჟურნალის 2008 წლის 1-ლი მაისის გამოცემაში სტატია „ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?“.