არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | თუ საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოგეცალათ

როგორ ვანუგეშოთ მგლოვიარენი

როგორ ვანუგეშოთ მგლოვიარენი

ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა არ იცოდით, როგორ დახმარებოდით ახლობელს, რომელმაც საყვარელი ადამიანი დაკარგა? ზოგჯერ შეიძლება არ ვიცით, რა ვუთხრათ მგლოვიარეს ან რით დავეხმაროთ, ამიტომ განზე დგომა ვარჩიოთ. თუმცა პრაქტიკული დახმარების გაწევა მაინც შეგვიძლია.

ხშირ შემთხვევაში ერთადერთი, რაც მგლოვიარეს სჭირდება, გვერდით დგომა და მისთვის ისეთი უბრალო სიტყვების თქმაა, როგორიცაა: „ძალიან ვწუხვარ“. ბევრ კულტურაში გულში ჩაკვრა და მხარზე ხელის დადება თანაგრძნობის გამომხატველი კარგი ჟესტია. თუ მგლოვიარეს საუბარი სურს, თანაგრძნობით მოუსმინეთ. საუკეთესო იქნება, თუ მის ოჯახს პრაქტიკულ დახმარებას აღმოუჩენთ. თუ მას სურს, შეგიძლიათ ისეთ საქმეში შეეშველოთ, რისი გაკეთებაც თავად არ შეუძლია, მაგალითად, საჭმელი მოუმზადოთ, ბავშვებზე იზრუნოთ ან დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვაროთ. ხშირად საქმეს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე სიტყვებს!

ურიგო არც ის იქნება, თუ დროდადრო გარდაცვლილზე ჩამოაგდებთ საუბარს; მოიხსენიეთ მისი დადებითი თვისებები ან რამე სასიამოვნო შემთხვევა გაიხსენეთ მისი ცხოვრებიდან. ამან შეიძლება მგლოვიარეს ღიმილიც კი მოჰგვაროს სახეზე. მაგალითად პემი, რომლის მეუღლე, იენიც, ექვსი წლის წინ დაიღუპა, გვიზიარებს: „ზოგჯერ იენის შესახებ ისეთ რამეს მიყვებიან, რაც მანამდე არასდროს გამეგო. ეს ძალიან მსიამოვნებს“.

მკვლევრების დაკვირვებით, პირველ ხანებში მგლოვიარეები დიდ ყურადღებას გრძნობენ მეგობრებისგან, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ყველა ჩვეულ საქმეებს უბრუნდება, მათთვის ვეღარავინ იცლის, რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ ეცადეთ, რეგულარული ურთიერთობა იქონიოთ მგლოვიარესთან. * ბევრს ასეთი ურთიერთობა დარდის შემსუბუქებაში ეხმარება.

განვიხილოთ იაპონელი ქალბატონის, კაორის, შემთხვევა, რომელმაც დედის სიკვდილის შემდეგ თავი განადგურებულად იგრძნო. ამ ტრაგედიას ისიც დაემატა, რომ წელიწად-ნახევარში მას უფროსი დაც გამოეცალა ხელიდან. საბედნიეროდ, იმ უმძიმეს პერიოდში ერთგული მეგობრები კაორის გვერდიდან არ მოშორებიან. ერთმა ქალმა, სახელად რიცუკომ, რომელიც კაორიზე გაცილებით უფროსი იყო, მას მეგობრობა შესთავაზა. „გულწრფელად გითხრათ, თავიდან მისი ასეთი ყურადღება არ მესიამოვნა, — გვიყვება კაორი. — არ მინდოდა, ვინმეს დედაჩემი ჩაენაცვლებინა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას ვერც ვერავინ შეძლებდა. მაგრამ რიცუკო დედასავით ზრუნავდა ჩემზე. ის ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა. ყოველკვირა ერთად გავდიოდით მსახურებაში და კრებებზეც ერთად დავდიოდით. ის ხშირად მეპატიჟებოდა ხოლმე ჩაიზე, ჩემთვის საჭმელი მოჰქონდა, მიგზავნიდა წერილებსა და ღია ბარათებს. მისი ოპტიმიზმი და ხალისი ჩემზე დადებითად მოქმედებდა“.

მას შემდეგ 12 წელი გავიდა. დღეს კაორი დაქორწინებულია და მეუღლესთან ერთად ღმერთს სრული დროით ემსახურება სხვა ქალაქში. კაორი გვიყვება: „რიცუკო დღემდე დედასავით ზრუნავს ჩემზე. როცა მშობლების სახლში მივდივარ, უკან ისე არ ვბრუნდები, რომ რიცუკო არ მოვინახულო. მასთან საუბარი ყოველთვის დადებითი მუხტით მავსებს“.

კვიპროსზე მცხოვრებმა ერთმა იეჰოვას მოწმემ, პოლიმაც, გამოსცადა საკუთარ თავზე თანადგომის ძალა. პოლის მეუღლე, სოზოსი, სამაგალითო უხუცესი იყო ქრისტიანულ კრებაში. ის ხშირად ობლებსა და ქვრივებს სახლში ეპატიჟებოდა და უმასპინძლდებოდა (იაკობი 1:27). სამწუხაროდ, სოზოსი 53 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. „დავკარგე ერთგული მეუღლე, ვისთანაც 33 წელი ვიცხოვრე“, — გულისტკივილით ამბობს პოლი.

იფიქრეთ იმაზე, თუ რას გააკეთებთ მგლოვიარეთათვის

დაკრძალვის შემდეგ პოლი თავის უმცროს ვაჟთან, 15  წლის დანიელთან, ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. მათ იქაც განაგრძეს კრების შეხვედრებზე სიარული. „ახალ კრებაში ბევრი მეგობარი შევიძინეთ, — გვიყვება პოლი. — მათ არაფერი იცოდნენ ჩვენი წარსულისა და სირთულეების შესახებ. ამის მიუხედავად, თავი არ შეუკავებიათ ჩვენთან დაახლოებისგან. ისინი თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ ჩვენთვის და პრაქტიკულ დახმარებასაც გვიწევდნენ. მართლაც, რა დროული აღმოჩნდა მათი თანადგომა ჩემი ვაჟისთვის, რომელსაც მამის სითბო აკლდა. კრების ზედამხედველებიც გულწრფელ ინტერესს ავლენდნენ დანიელისადმი. ერთი ძმა პირადად ზრუნავდა იმაზე, რომ არასოდეს გამორჩენოდათ დანიელი, როდესაც კრება მეგობრულ შეხვედრებს აწყობდა ან ბურთის სათამაშოდ მიდიოდა“. ასეთი თანადგომის წყალობით დღეს დედა-შვილი ემოციურად თავს ბევრად უკეთ გრძნობს.

როგორც დავრწმუნდით, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია მგლოვიარეების სანუგეშებლად და მათთვის პრაქტიკული დახმარების გასაწევად. გარდა ამისა, ყველასთვის დიდად მანუგეშებელია მომავლის საუცხოო იმედი, რომელსაც ბიბლია გვაძლევს.

^ აბზ. 6 ზოგმა კალენდარში აღნიშნა გარდაცვალების თარიღი, რადგან იციან, რომ იმ დღეებში მგლოვიარეს განსაკუთრებით სჭირდება ნუგეშისცემა.