არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ნამდვილად ღვთის შთაგონებით დაიწერა

ბიბლია ნამდვილად ღვთის შთაგონებით დაიწერა

ბიბლია ნამდვილად ღვთის შთაგონებით დაიწერა

რა იგულისხმა მოციქულმა პავლემ, როცა თქვა, რომ ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული“? (2 ტიმოთე 3:16). სიტყვასიტყვით, პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს „ღვთისგან შთაბერილს“. პავლე ამაში გულისხმობდა იმას, რომ ღმერთმა ბიბლიის დამწერებს თავისი წმინდა სულით მხოლოდ ის დააწერინა, რაც თავად სურდა.

ბიბლიის დამწერებს, როგორც მოციქულმა პეტრემ თქვა, „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21). ამიტომაც უწოდა მოციქულმა პავლემ ბიბლიის წიგნებს „წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია . . . დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმოთე 3:15).

ბევრის მტკიცებით, ღმერთი არ არის ბიბლიის ავტორი. ხშირად კრიტიკოსები, როგორც ამას არქეოლოგი სერ ჩარლზ მარსტონიც ადასტურებს, „სრულ უნდობლობას უცხადებენ ბიბლიას“. ისინი ბღალავენ ამ წიგნის სიწმინდეს და ეჭვქვეშ აყენებენ მის უტყუარობას. ზოგი კრიტიკოსი ბიბლიას „ზღაპრებისა და მითების ძველ კრებულადაც“ კი მიიჩნევს.

ბიბლიის უტყუარობის დამადასტურებელი ფაქტები

რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლია სანდოა? რატომ არის მნიშვნელოვანი, ამ კითხვაზე სწორი პასუხი მივიღოთ? თუ ბიბლია ნამდვილად ღვთისგან არის შთაგონებული, მისი უგულებელყოფა დიდი უგუნურება იქნებოდა; უფრო მეტიც, სიცოცხლესაც დავკარგავდით. ბიბლია ვერ ჩამოაყალიბებს ჩვენს რწმენას და, შესაბამისად, ვერც ჩვენს საქციელზე მოახდენს გავლენას, თუ მას ადამიანის დაწერილად მივიჩნევთ (1 თესალონიკელები 2:13).

როგორ დავრწმუნდეთ, რომ ბიბლია სანდოა? მაგალითად, როგორ უნდა განსაზღვრო, სანდოა თუ არა ადამიანი? ცხადია, ვერ ენდობი მას, ვის შესახებაც თითქმის არაფერი იცი. მხოლოდ მაშინ გაიგებ, რამდენად სანდო და პატიოსანია ადამიანი, თუ დიდი ხნის მანძილზე გექნება მასთან ურთიერთობა. იმავეს თქმა შეგვიძლია ბიბლიაზეც. ბრმად ნუ მიიღებთ უსაფუძვლო ვარაუდებსა თუ საეჭვო შეხედულებებს, რაც ბიბლიის უტყუარობას ჩრდილს აყენებს. დრო გამოყავით იმ მტკიცებულებებზე დასაფიქრებლად, რაც ადასტურებს, რომ ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული“.

ბიბლიის ეგრეთ წოდებული მომხრეები

ნუ მოახდენს თქვენზე გავლენას ის, რომ ბიბლიის ეგრეთ წოდებული მომხრეები ეჭვქვეშ აყენებენ მის უტყუარობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიბლიის კომენტატორთა უმეტესობა თავს ქრისტიანად აცხადებს, ისინი „წმინდა წერილებს ადამიანის დაწერილად“ მიიჩნევენ, — ნათქვამია ერთ-ერთ ლექსიკონში (New Dictionary of Theology).

მრავალი თეოლოგი კამათობს იმის თაობაზე, თუ ვინ არის ბიბლიის ავტორი. მაგალითად, ზოგის აზრით, წიგნი „ესაია“ წინასწარმეტყველ ესაიას არ დაუწერია. მათი თქმით, ეს წიგნი მისი სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ დაიწერა. ლაუთერ კლარკი თავის ერთ-ერთ წიგნში ბიბლიას „სხვადასხვა თაობის ადამიანების ნააზრევს“ უწოდებს (The Concise Bible Commentary). ასეთი განაცხადი ეწინააღმდეგება იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების სიტყვებს; როცა მათ ესაიას წიგნიდან ციტატები მოჰყავდათ, არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ეს წიგნი ესაიას დაწერილი იყო (მათე 3:3; 15:7; ლუკა 4:17; იოანე 12:38—41; რომაელები 9:27, 29).

უფრო მეტიც, ბიბლიის ერთ-ერთმა კრიტიკოსმა, კომენტატორმა ჯ. რ. დამელოუმ აღნიშნა, რომ დანიელის წიგნში მოყვანილი წინასწარმეტყველებები „სინამდვილეში წარსულის მოვლენებია, რომელიც ავტორმა მომავლის შუქში გადმოსცა“. ამგვარად ისინი თავად იესო ქრისტეს მტკიცების წინააღმდეგ მიდიან. იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები, რომ „დანიელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი გამაპარტახებელი სისაძაგლე“ წმინდა ადგილზე იდგებოდა (მათე 24:15). გონივრულია, ქრისტიანმა დაიჯეროს, რომ იესო შეცდომაში შეიყვანდა თავის ხალხს და წარსულ ისტორიას წინასწარმეტყველებად წარმოაჩენდა? რა თქმა უნდა, არა.

აქვს თუ არა მნიშვნელობა ავტორის ვინაობას?

შეიძლება დაგებადოთ კითხვა: აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა იმას, თუ ვინ დაწერა ბიბლია? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დავუშვათ, მიიღეთ მეგობრის წერილი, რომელშიც მისი ბოლო სურვილია გამოხატული. დაკარგავდა წერილი თქვენს თვალში ფასს, თუ შეიტყობდით, რომ თქვენს მეგობარს არ დაუწერია? შეიძლება ექსპერტებმა გითხრეს, რომ წერილი ყალბია და ეს იმით ახსნეს, რომ მეგობრის სურვილი თქვენმა კეთილისმსურველებმა საკუთარი აზრებით გამოხატეს. ნუთუ არ გაუფასურდებოდა თქვენს თვალში ეს წერილი? არ შეგეპარებოდათ ეჭვი, რომ წერილი თქვენს მეგობარს ეკუთვნის?

იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაზეც. გასაკვირი არაა, რომ ბევრი, მათ შორის ისინიც კი, ვინც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, ხელაღებით უარყოფს ისეთ ბიბლიურ ნორმებს, რომლებიც პატიოსნებას და სქესობრივ ურთიერთობას ეხება. ხშირად უთქვამთ: „ეს ხომ ძველ აღთქმაშია!“. ასეთი სიტყვებით ისინი აკნინებენ ებრაული წერილების მნიშვნელობას. მათ ავიწყდებათ, რომ მოციქულმა პავლემ „ძველ აღთქმას“ „წმინდა წერილები“ უწოდა, რომლებიც ღვთისგან არის შთაგონებული.

შეიძლება არ დაეთანხმოთ იმ აზრს, რომ ყველა სწავლულისა და მკვლევარის შეხედულება უარსაყოფია, და ეს გონივრულიცაა. ჩვენ მადლიერი ვართ იმ გულწრფელი სწავლულების, რომლებმაც ბიბლიის დედნისეული ტექსტის გაგება გაგვიადვილეს. ცხადია, საუკუნეების მანძილზე ბიბლიის ტექსტის გადაწერის დროს უმნიშვნელო შეცდომები გაიპარა, მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: შეცდომები კი გაიპარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ბიბლია ადამიანის ნააზრევად მივიჩნიოთ.

გჯეროდეთ „წმინდა წერილების“!

სანამ აღნიშნავდა, რომ ბიბლია ღვთისგან იყო შთაგონებული, პავლემ ტიმოთეს აუხსნა, რატომ იყო წმინდა წერილები სარწმუნო. „ბოლო დღეებში“, — თქვა პავლემ, „ბოროტები და თვითმარქვიები უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან“ (2 ტიმოთე 3:1, 13). პავლეს დროს გამოჩნდნენ, ერთი შეხედვით, ‘ბრძენები და ჭკვიანები’, რომლებსაც თითქოსდა „დამაჯერებელი მტკიცებებით“ ხალხი შეცდომაში შეჰყავდათ და იესო ქრისტესადმი რწმენას აკარგვინებდნენ (1 კორინთელები 1:18, 19; კოლოსელები 2:4, 8). მათი გავლენისგან რომ დაეცვა, მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მოუწოდა: „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია“, რადგან „ჩვილობიდანვე იცი [ღვთივშთაგონებული] წმინდა წერილები“ (2 ტიმოთე 3:14, 15).

ამ „ბოლო დღეებშიც“ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ რჩევის გათვალისწინება. ნუ გეგონებათ, რომ თქვენზე გავლენას ვერ მოახდენს, ერთი შეხედვით, ძალიან ჭკვიანი ხალხის „დამაჯერებელი მტკიცებები“. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, სულიერი საფრთხისგან დაიცავით თავი — არასდროს შეგეპაროთ ეჭვი იმაში, რომ ის, რაც ბიბლიიდან ისწავლეთ, ნამდვილად ღვთისგანაა შთაგონებული და სრულიად სანდოა.

იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან, რომ ნდობა განგიმტკიცდეთ ბიბლიის მიმართ. თქვენთვის ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. მაგალითად, დაინახავთ, რომ ბიბლიური პრინციპები სრულიად სანდოა, რაც ისტორიამაც დაადასტურა; აგრეთვე გაიგებთ, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტია, თავიდან ბოლომდე ერთი აზრი გასდევს და მასში მოცემული წინასწარმეტყველებებიც ზედმიწევნით სრულდება. თუ გსურთ ამ საკითხზე მეტის გაგება, მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს. ამ ინფორმაციამ მილიონობით გულწრფელი ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა.

[ჩანართი 5 გვერდზე]

როგორ უნდა განსაზღვრო, სანდოა თუ არა ადამიანი?

[ჩანართი 6 გვერდზე]

ჩვენ მადლიერი ვართ იმ გულწრფელი სწავლულების, რომლებმაც ბიბლიის დედნისეული ტექსტის გაგება გაგვიადვილეს