არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება

გრძნობთ ღმერთთან სიახლოვეს?

გრძნობთ ღმერთთან სიახლოვეს?

„როცა ღმერთთან ახლო ურთიერთობა გაქვს, თავს დაცულად, სრულფასოვნად და სტაბილურად გრძნობ. ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ღმერთი გამუდმებით ზრუნავს შენზე“ (ახალგაზრდა კრისტოფერი, განა).

„ღმერთი ყველა ჩვენს უბედურებას ხედავს და ყოველთვის იმაზე მეტ სიყვარულსა და მზრუნველობას ავლენს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ“ (13 წლის ხანა, ალასკა).

„იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა იცი, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობა გაქვს“ (40 წელს გადაცილებული ჯინა, იამაიკა).

ასე მხოლოდ კრისტოფერი, ხანა და ჯინა არ ფიქრობენ. მილიონობით ადამიანი დარწმუნდა, რომ ღმერთი მათ მეგობრებად მიიჩნევს. თქვენც გრძნობთ ღმერთთან სიახლოვეს? თუ ასეა, არ გსურთ, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეთ მას? და თუ არ გრძნობთ ღმერთთან სიახლოვეს, არ ისურვებდით მასთან დაახლოებას? შესაძლოა ფიქრობთ: „ნუთუ შესაძლებელია, უბრალო ადამიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ყოვლისშემძლე ღმერთთან? და თუ შესაძლებელია, როგორ?“.

ღმერთთან დაახლოება შესაძლებელია

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარება შესაძლებელია. ღმერთმა ებრაელ პატრიარქ აბრაამს თავისი მეგობარი უწოდა (ესაია 41:8). აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ იაკობის 4:8-ში ჩაწერილ გულთბილ მოწვევას: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“. როგორც ვხედავთ, ღმერთთან ახლო, მეგობრული ურთიერთობის განვითარება შესაძლებელია. და მაინც, როგორ შეიძლება უხილავ ღმერთთან დაახლოება?

ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ადამიანებს შორის მეგობრობა. როგორც წესი, ყველაფერი სახელის გაგებით იწყება. შემდეგ კი, როდესაც ორ ადამიანს შორის ურთიერთობა რეგულარულ ხასიათს იღებს და ისინი ერთმანეთს თავისუფლად უზიარებენ აზრებსა და გრძნობებს, ყალიბდება მეგობრობა. მეგობრული კვანძები უფრო ძლიერდება, როდესაც ერთმანეთის დასახმარებლად ისინი თავს არ ზოგავენ. დაახლოებით ასე ხდება ღმერთთან მეგობრობის განვითარებაც. ვნახოთ როგორ?