არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ

რჩევები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ

 „ქალთა მიმართ ძალადობა მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა და მის შესაჩერებლად დაუყოვნებელი ზომების მიღებაა საჭირო“, — აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის თანახმად ქალთა დაახლოებით 30 პროცენტი „ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი“ პარტნიორის მხრიდან. გაეროს ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ყოველდღე საშუალოდ 137 ქალი კვდებოდა პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად. a

 სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ოჯახური ძალადობა გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ შეუძლებელია ციფრებით იმის გადმოცემა, თუ რა ძლიერ ემოციურ და ფიზიკურ ტკივილს განიცდიან ძალადობის მსხვერპლნი.

 შენც ხომ არ ხარ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი? ან ხომ არ იცნობ, ასეთ ვინმეს? თუ დიახ, ქვემოთ მოცემული ბიბლიური აზრები დიდ დახმარებას გაგიწევს.

  ოჯახური ძალადობა შენი ბრალი არაა

  დახმარების მიღება შესაძლებელია

  შენ მარტო არ ხარ

  ოჯახურ ძალადობას მალე ბოლო მოეღება

  როგორ შეგიძლია დაეხმარო ძალადობის მსხვერპლს

 ოჯახური ძალადობა შენი ბრალი არაა

 ბიბლია ამბობს: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:12).

 გახსოვდეს: ჩადენილ საქციელზე პასუხისმგებელი მოძალადეა.

 თუ ქმარი შენ გადანაშაულებს იმ ძალადობრივ ქმედებაში, რომელიც შენ მიმართ ჩაიდინა, ის მწარედ ცდება. ცოლები სიყვარულს იმსახურებენ და არა ძალადობას (კოლოსელები 3:19).

 მოძალადის ქცევა ზოგჯერ შეიძლება განპირობებული იყოს ფსიქიკური აშლილობით, აღზრდით ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ის ანგარიშვალდებულია ღმერთის წინაშე და თავის საქციელზე პასუხისმგებელი მხოლოდ თვითონაა.

 დახმარების მიღება შესაძლებელია

 ბიბლია ამბობს: „სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22).

 გახსოვდეს: თუ თავს დაუცველად გრძნობ, ან არ იცი, როგორ მოიქცე, დახმარებისთვის სხვებს მიმართე.

 რატომ შეიძლება დაგჭირდეს სხვების დახმარება? ოჯახური ძალადობა სერიოზული პრობლემაა. ამ სირთულის პირისპირ შეიძლება გაგიჭირდეს საკითხების აწონ-დაწონა და იმის გადაწყვეტა, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი უფრო პრიორიტეტულია:

  •   პირადი უსაფრთხოება

  •   შვილების კეთილდღეობა

  •   ფინანსური მდგომარეობა

  •   თბილი გრძნობები, რომელიც მეუღლის მიმართ გაგაჩნია

  •   ოჯახის შენარჩუნების სურვილი იმ შემთხვევაში, თუ მეუღლე გამოსწორდება

 ბუნებრივია, ასეთ დროს დაბნეული ხარ და განსჯის უნარი გაქვს დაკარგული. ვის შეგიძლია მიმართო დახმარებისთვის?

 სანდო მეგობარმა ან ოჯახის წევრმა შეიძლება პრაქტიკული და ემოციური მხარდაჭერა აღმოგიჩინოს. დიდ შვებას იგრძნობ, როდესაც ვინმეს გულს გადაუშლი და შენს პრობლემაზე მოუყვები.

 ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად შექმნილი ცხელი ხაზების მეშვეობით შესაძლებელია დაუყოვნებელი დახმარების მიღება. ცხელ ხაზზე თუ დარეკავ, გეტყვიან, როგორ უნდა მოიქცე კონკრეტულ სიტუაციაში, შენს სიცოცხლეს საფრთხე რომ არ დაემუქროს. თუ შენს პარტნიორს გააზრებული აქვს თავისი დანაშაული და გულწრფელად სურს, შეიცვალოს, ცხელ ხაზს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს იმის თაობაზე, თუ თავდაპირველად რა ნაბიჯები უნდა გადადგას.

 გადაუდებელი დახმარების სხვა საშუალებებსაც შეგიძლია მიმართო, თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამგვარი დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ ექიმებს, ექთნებს ან სხვა სპეციალისტებს.

 შენ არ ხარ მარტო

 ბიბლია ამბობს: „იეჰოვა b ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).

 გახსოვდეს: ღმერთი გპირდება, რომ დაგეხმარება.

იეჰოვა ზრუნავს პირადად შენზე (1 პეტრე 5:7). მას კარგად ესმის, თუ რას გრძნობ გულის სიღრმეში და რას განიცდი. ღმერთს შეუძლია თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით განუგეშოს. მას სურს, რომ ლოცვით მიმართო. ლოცვის დროს სთხოვე ღმერთს, მოგცეს საჭირო ძალა და სიბრძნე, რომ გაუმკლავდე შენს პრობლემას (ესაია 41:10).

  ოჯახურ ძალადობას მალე ბოლო მოეღება

 ბიბლია ამბობს: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:4).

 გახსოვდეს: ბიბლია გვპირდება, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ყველა ოჯახში მშვიდობა დაისადგურებს.

 დღეს არსებულ ყველა პრობლემას ბოლომდე მხოლოდ იეჰოვა ღმერთი გადაჭრის. ბიბლია გვპირდება: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4). როდესაც ეს დრო დადგება, ცუდი მოგონებებიც კი წარსულში დარჩება, რადგან მათ დადებითი ემოციები ჩაანაცვლებს (ესაია 65:17). შენც შეგიძლია დატკბე ასეთ მშვიდობიან გარემოში ცხოვრებით.

a ამ სტატიაში საუბარია ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, თუმცა მასში განხილული ზოგი საკითხი მამაკაცებსაც ეხება, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

b ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა არის ღვთის საკუთარი სახელი.