არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამ ტკივილით?

როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამ ტკივილით?

„ᲕᲒᲠᲫᲜᲝᲑᲓᲘ, რომ თავი მაქსიმალურად ხელში უნდა ამეყვანა“, — იხსენებს მაიკი მამის სიკვდილის პერიოდს. ის ფიქრობდა, რომ კაცს გრძნობების გამოხატვა არ შეჰფეროდა. მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ცდებოდა. როცა მეგობარს პაპა დაეღუპა, მაიკმა უკვე იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მან თქვა: «ეს რომ რამდენიმე წლის წინ მომხდარიყო, მეგობარს მხარზე ხელს დავადებდი და ვეტყოდი: „კაცი არა ხარ?!“. ახლა კი ხელი დავადე და ვუთხარი: „უფრო გაგიადვილდება, თუ არ შეეწინააღმდეგები შენს გრძნობას. თუ მარტო ყოფნა გინდა, მე წავალ; თუ გირჩევნია, რომ დავრჩე, დავრჩები. დარდს გულში ნუ ჩაიკლავ, თამამად გამოხატე შენი გრძნობები“».

მერიენიც ფიქრობდა, რომ თავი ხელში უნდა აეყვანა და არ გამოეხატა თავისი გრძნობები, როცა მეუღლე დაეღუპა. «მაქსიმალურად ვცდილობდი, სხვებისთვის კარგი მაგალითი მიმეცა, — იხსენებს ის. — ამიტომ საკუთარ თავს ემოციის გამოხატვის უფლებას არ ვაძლევდი; ვცდილობდი, სხვების თვალში ძლიერი გამოვჩენილიყავი, თუმცა ეს მე ვერაფერში დამეხმარა. ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი: „თუ გეტირება, იტირე. ნუ ეცდები, თავი ვინმეს ძლიერად მოაჩვენო. თავისუფლად გამოხატე შენი გრძნობები“».

მაიკი და მერიენი გვირჩევენ: „დარდს გულში ნუ ჩაიკლავთ!“ და ისინი მართლებიც არიან, რადგან მწუხარების დროს აუცილებელია დაიცალოთ ემოციისგან. თუ ეს კარგად გექნებათ გააზრებული და თქვენს გრძნობებს გამოხატავთ, დაძაბულობა მოგეხსნებათ და აღარ დაითრგუნებით.

რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად ვერ გამოხატავს მწუხარებას. ადამიანის რეაქცია სიკვდილზე შეიძლება იმაზეც იყოს დამოკიდებული, მოულოდნელად უკვდება საყვარელი ადამიანი თუ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მაგრამ ერთი რამ ცხადია: საკუთარი თავის დათრგუნვამ შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას თქვენს ფიზიკურ თუ ემოციურ ჯანმრთელობას. როგორ შეგიძლიათ გრძნობების გამოხატვა? ბიბლია ამ მხრივ კარგ რჩევებს გვაძლევს.

როგორ გამოვხატოთ მწუხარება?

სხვებისთვის გულის გადაშლა შვებას მოგგვრით. მას შემდეგ, რაც ძველი დროის პატრიარქმა იობმა 10 შვილი დაკარგა და ბევრი სხვა უბედურებაც დაატყდა თავს, თქვა: „მომძულდა სიცოცხლე; ჩივილს მოვყვები და სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 1:2, 18, 19; 10:1). იობს მეტად აღარ შეეძლო გულში დარდის ჩაკვლა. მას უნდა გამოეხატა მწუხარება, უნდა ელაპარაკა თავის სატკივარზე. ინგლისელი დრამატურგი შექსპირიც ამბობდა, გული რომ არ გასკდეს, უნდა ამოთქვაო ტკივილი („მაკბეტი“).

გულის გადაშლა ნამდვილი მეგობრისთვის, რომელიც მოთმინებითა და თანაგრძნობით მოგისმენთ, შვებას მოგგვრით (იგავები 17:17). ხშირად, როცა ჩვენს განცდებზე ვლაპარაკობთ, უკეთ გვესმის საკუთარი თავის და ტკივილსაც უფრო ადვილად ვუმკლავდებით. შეიძლება მისი გამოცდილება დაგეხმაროთ, ვისაც მსგავსი ტკივილი განუცდია. ერთმა შვილმკვდარმა დედამ აღნიშნა, თუ რატომ იყო მისთვის მანუგეშებელი იმ ქალთან საუბარი, რომელმაც მსგავსი უბედურება გადაიტანა: „მანუგეშა იმან, რომ სხვამ, ვინც მსგავსი მწუხარება გამოიარა, მოერია ტკივილს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა“.

ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ გრძნობების ფურცელზე გადატანამ შეიძლება ტკივილი შეგიმსუბუქოთ.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გიჭირთ თქვენს გრძნობებზე საუბარი? დავითმა საულისა და იონათანის სიკვდილის შემდეგ ძლიერი ემოციების გამომხატველი სამგლოვიარო სიმღერა შეთხზა, რომელშიც მან მთელი თავისი ტკივილი ჩააქსოვა. ეს სევდიანი სიმღერა ბიბლიაში ჩაიწერა, კერძოდ „მეორე სამუელში“ (2 სამუელი 1:17—27; 2 მატიანე 35:25). მსგავსად, ზოგს თავისი მწუხარების ფურცელზე გადმოტანა უფრო უადვილდება. მაგალითად, ერთ ქვრივს თავისი განცდები ფურცელზე გადმოაქვს და რამდენიმე დღის შემდეგ კითხულობს. ეს მას ძალიან ეხმარება.

განცდების ფურცელზე გადატანა ან სხვებისთვის გულის გადაშლა ტკივილს შეგიმსუბუქებთ. ამგვარად, გაუგებრობებსაც აირიდებთ თავიდან. მგლოვიარე დედა ამბობს: „მე და ჩემმა მეუღლემ ვიცოდით, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ ზოგიერთს ოჯახი დაენგრა, და არ გვინდოდა, ჩვენც იმავე საშიშროების წინაშე დავმდგარიყავით. ამიტომ, როცა ერთმანეთზე ვღიზიანდებოდით და იმის სურვილი გვიჩნდებოდა, რომ ერთმანეთი დაგვედანაშაულებინა, გულახდილად ვსაუბრობდით. ვფიქრობ, რომ ამან უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან“. თუ გრძნობებს ერთმანეთს გაუზიარებთ, მიხვდებით, რომ მართალია, საერთო ტკივილი გაქვთ, მაგრამ თითოეული თქვენებურად განიცდით ამ დანაკარგს.

ტკივილის შემამსუბუქებელი კიდევ ერთი საშუალება ტირილია. „[არის] ტირილის დრო“, — ამბობს ბიბლია (ეკლესიასტე 3:1, 4). ასეთი დრო მაშინ დგება, როცა საყვარელი ადამიანი გვიკვდება. ტირილი შვებას გვგვრის და თავს უკეთესად ვგრძნობთ.

ერთი ახალგაზრდა ქალი იხსენებს, როგორ დაეხმარა ახლო მეგობარი, აეტანა დედის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი. ის ამბობს: „მეგობარი ყოველთვის გვერდით მყავდა. ჩემთან ერთად ტიროდა და მესაუბრებოდა. მე მასთან თავისუფლად გამოვხატავდი ემოციებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ მრცხვენოდა ჩემი ცრემლების“ (იხილეთ რომაელების 12:15). ნურც თქვენ შეგრცხვებათ თქვენი ცრემლების. როგორც დავინახეთ, იესოს და ბიბლიაში მოხსენიებულ სხვა ღვთის მსახურებს არ რცხვენოდათ, თავიანთი მწუხარება ცრემლებით გამოეხატათ (დაბადება 50:3; 2 სამუელი 1:11, 12; იოანე 11:33, 35).

ყველა ადამიანი აფასებს ნუგეშისცემას, კულტურისა თუ წარმომავლობის მიუხედავად.

ზოგჯერ შეიძლება გაგიჭირდეთ ემოციების გაკონტროლება და ცრემლები თქვენდა უნებურად წამოგივიდეთ. ერთი ქვრივი ამბობს, რომ მაღაზიაში (სადაც მანამდე ერთად დადიოდნენ) ტირილი უვარდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა უნებლიეთ მეუღლესთვის საყვარელი პროდუქტებისკენ გაექცეოდა ხელი. ბევრს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს და ცრემლებს ნუ შეიკავებთ. გახსოვდეთ, რომ გლოვის დროს ტირილი აბსოლუტურად ბუნებრივია.

დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება

როგორც აღვნიშნეთ, საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ ზოგს დანაშაულის გრძნობა ტანჯავს. შესაძლოა სწორედ ეს იყო ერთგული იაკობის უდიდესი მწუხარების მიზეზი; ის დაარწმუნეს, რომ მისი შვილი, იოსები, ნადირმა დაგლიჯა. იაკობმა თვითონ გაგზავნა იოსები თავისი ძმების მოსანახულებლად. ამიტომ შესაძლოა თავს ასე იდანაშაულებდა: „რატომ გავუშვი იოსები მარტო?! რატომ გავგზავნე იქ, სადაც ბევრი მხეცია?!“ (დაბადება 37:33—35).

შესაძლოა ფიქრობთ, რომ ახლობლის სიკვდილი გარკვეულწილად თქვენი უყურადღებობის ბრალია. შვებას მოგგვრით იმის გაანალიზება, რომ დანაშაულის გრძნობა — უსაფუძვლოა თუ საფუძვლიანი — სავსებით ბუნებრივია. გულში ნუ ჩაიკლავთ მსგავს გრძნობებს. თუ ამის შესახებ ისაუბრებთ, გულზე მოგეშვებათ.

აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ, თუნდაც ძალიან გვიყვარდეს ვინმე, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მის ცხოვრებას და ვერც „დროისა და შემთხვევისგან“ დავიცავთ მას (ეკლესიასტე 9:11). ფაქტია, რომ თქვენ მხოლოდ საუკეთესო გინდოდათ თქვენი ახლობლისთვის. მაგალითად, თუ დროულად ვერ მიმართეთ ექიმს, განა ეს იმას ნიშნავს, რომ გინდოდათ მისი ავადმყოფობა და სიკვდილი?! რა თქმა უნდა, არა! მაშ, თქვენ ხართ დამნაშავე მის სიკვდილში? ცხადია, არა!

ერთი დედა, რომელსაც ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, მოერია დანაშულის გრძნობას და თქვა: „თავს ვიდანაშაულებდი, რადგან მე გავუშვი. თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს უაზრობა იყო. ცუდი რა არის იმაში, თუ შვილს მამასთან ერთად გაუშვებ საქმეზე. ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო“.

შესაძლოა ფიქრობთ: „რამდენი რამის თქმა და გაკეთება მინდოდა მისთვის“. ეს გასაგებია, მაგრამ რომელ ჩვენგანს შეუძლია თქვას, რომ იდეალური მამა, დედა ან შვილია?! ბიბლია შეგვახსენებს: „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკობი 3:2; რომაელები 5:12). შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ უნაკლო არ ხართ. სულ იმაზე ფიქრი, ნეტავ ასე არ მომხდარიყო, არაფერს შეცვლის, პირიქით თქვენი რეაბილიტაციის პროცესს შეაფერხებს.

თუ ფიქრობთ, რომ თავის დასადანაშაულებლად საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ, ყველაზე მეტად ღვთის მიმტევებლობაზე ფიქრი შეგიმსუბუქებთ დანაშაულის გრძნობას. ბიბლია გვარწმუნებს: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ გამართლდებოდა, იეჰოვა?! ჭეშმარიტად მიმტევებელი ხარ“ (ფსალმუნი 130:3, 4). წარსულს ვერ დააბრუნებთ და ვერც ვერაფერს შეცვლით. მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ ღმერთს პატიება სთხოვოთ წარსულში ჩადენილი შეცდომებისთვის. თუ იეჰოვა გპირდებათ, რომ გაპატიებთ შეცდომებს, განა თქვენ არ უნდა აპატიოთ საკუთარ თავს?! (იგავები 28:13; 1 იოანე 1:9).

ბრაზთან გამკლავება

თქვენც ხომ არ ბრაზდებით მედპერსონალზე, მეგობრებზე ან თუნდაც გარდაცვლილზე? იცოდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი რეაქციაა საყვარელი ადამიანის სიკვდილზე. ზოგჯერ ბრაზს ტკივილი იწვევს. ერთმა მწერალმა თქვა: „საკუთარ თავში ამ გრძნობის აღმოჩენა — აღმოჩენა და არა მისი გამოვლენა — თავიდან აგარიდებთ ცუდ შედეგებს“.

სიბრაზის გამოხატვა ან სხვებთან უარყოფით გრძნობებზე საუბარი შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს თქვენთვის. როგორ? რასაკვირველია, ამაში ბრაზის გადმონთხევა არ იგულისხმება. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ სიბრაზის გულში ჩატოვება საშიშია (იგავები 14:29, 30). შეიძლება თავი უკეთ იგრძნოთ, თუ თქვენს განცდებს თანამგრძნობ მეგობარს გაუზიარებთ. ზოგს სიბრაზესთან გამკლავებაში ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში დაეხმარა (იხილეთ აგრეთვე ეფესოელების 4:25, 26).

მნიშვნელოვანია თქვენს გრძნობებზე გულწრფელად და გულახდილად ისაუბროთ, მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. დიდი სხვაობაა გრძნობების გამოხატვასა და რისხვის გადმონთხევას შორის. არ იქნებოდა კარგი სხვებზე გეყარათ ჯავრი. ამიტომ შეეცადეთ, საუბრის დროს ემოციები მოთოკოთ და აგრესია არ გამოავლინოთ (იგავები 18:21). მოდი ახლა ვისაუბროთ, ყველაზე უკეთ, რა დაგეხმარებათ ტკივილთან გამკლავებაში.

ღვთის თანადგომა

ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს“ (ფსალმუნი 34:18). ყველაზე უკეთ ტკივილთან გამკლავებაში ღმერთთან ურთიერთობა დაგეხმარებათ. როგორ? ამ ბროშურაში განხილული რჩევები ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, მომდინარეობს. მათი გათვალისწინება შვებას მოგგვრით.

ნუ გააუფასურებთ ლოცვის ძალას. ბიბლია მოგვიწოდებს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22). თუ თანამგრძნობი მეგობრისთვის გულის გადაშლამ დაგამშვიდათ, დაფიქრდით, რამდენად უკეთ იგრძნობთ თავს, თუ „ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს“ გაანდობთ თქვენს სატკივარს (2 კორინთელები 1:3).

ლოცვა უბრალოდ თერაპია არ არის. „ლოცვების მომსმენი“ წმინდა სულს ჰპირდება ყველა თავის მსახურს, ვინც მთელი გულით სთხოვს (ფსალმუნი 65:2; ლუკა 11:13). ღვთის წმინდა სული, ანუ მოქმედი ძალა, ყოველდღიურად მოგცემთ „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). გახსოვდეთ, რომ ღმერთი თავის ერთგულებს ნებისმიერი სირთულის გადატანაში დაეხმარება!

ერთი შვილმკვდარი დედა იხსენებს, როგორ დაეხმარა ლოცვა მას და მის მეუღლეს ტკივილის ატანაში: „საღამოობით სახლში მარტო დარჩენილებს, როცა წუხილი მეტისმეტად გვეძალებოდა, ხმამაღლა ვიწყებდით ლოცვას . . . გვიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ახლა უკვე ყველაფერი მის გარეშე უნდა გაგვეკეთებინა — დავსწრებოდით კრებას თუ კონგრესს. ვლოცულობდით, რადგან ღვთისგან გამაგრება გვჭირდებოდა. ყოველი ახალი დღის დაწყება გვიჭირდა, რადგან რეალობას თვალს ვერ ვუსწორებდით. სულგამწარებულები ვთხოვდით შველას იეჰოვას. გასაგები მიზეზების გამო სახლში მარტო შესვლა ძალიან მიჭირდა. ამიტომ, ყოველთვის, როცა მარტო მიწევდა შინ დაბრუნება, ლოცვით ვთხოვდი იეჰოვას, რომ სიმშვიდის შენარჩუნებაში დამხმარებოდა“. ეს ღვთისმოშიში ქალი დარწმუნებული იყო, რომ ლოცვა შეუმსუბუქებდა მას მდგომარეობას. თქვენც დარწმუნდებით, რომ თქვენი დაჟინებული ლოცვის პასუხად „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7; რომაელები 12:12).

ღვთისგან მიღებული დახმარება მდგომარეობას აუცილებლად შეგიმსუბუქებთ. მოციქულმა პავლემ თქვა: „[ღმერთი] ნებისმიერი გასაჭირის დროს გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ნებისმიერ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა“. მართალია, ეს ტკივილისგან არ გაგვათავისუფლებს, მაგრამ თავს უკეთესად გვაგრძნობინებს. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარდაცვლილ ახლობელზე აღარასდროს აგეტირებათ ან აღარ გაიხსენებთ მას. უბრალოდ შეძლებთ ტკივილის მიუხედავად ცხოვრება განაგრძოთ! გადატანილი ტრაგედია უფრო თანამგრძნობსა და გულისხმიერს გაგხდით მათ მიმართ, ვინც მსგავს ტკივილს განიცდის (2 კორინთელები 1:4).