არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია აბორტზე?

რას ამბობს ბიბლია აბორტზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ბიბლიაში არ არის ნახსენები სიტყვა „აბორტი“. თუმცა არაერთ მუხლში ჩანს ღვთის თვალსაზრისი ადამიანის, მათ შორის, არშობილი ბავშვის სიცოცხლესთან დაკავშირებით.

 სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ძღვენია (დაბადება 9:6; ფსალმუნი 36:9). ღვთის თვალში ძალიან ძვირფასია ყველა ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის, მუცლად მყოფი ბავშვისაც. ამიტომ, თუ ვინმე განზრახ უსწრაფებს არშობილ ბავშვს სიცოცხლეს, მკვლელად ითვლება.

 ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემულ კანონში ნათქვამი იყო: „თუ კაცები იჩხუბებენ და ზიანს მიაყენებენ ორსულ ქალს, ის კი ნაადრევად იმშობიარებს, მაგრამ უბედურება არ დატრიალდება, ზიანის მიმყენებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა, რამდენსაც ქალის ქმარი დაუწესებს და მსაჯულები დაადგენენ. მაგრამ თუ უბედურება დატრიალდება, უნდა ზღო სულის სანაცვლოდ სული“ (გამოსვლა 21:22, 23). a

 როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე?

 ღვთის თვალში სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება. ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, არშობილი ბავშვი წარმოჩენილია როგორც ცალკეული ადამიანი. ქვემოთ მოცემული მაგალითებიდან ჩანს, რომ ღვთის თვალში არანაირი განსხვავება არ არის მუცლად მყოფ ბავშვსა და დაბადებულ ბავშვს შორის.

  •   ღვთის შთაგონებით მეფე დავითმა ასეთი სიტყვები უთხრა ღმერთს: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი“ (ფსალმუნი 139:16). ღმერთი დავითს დაბადებამდე უკვე სრულფასოვან ადამიანად თვლიდა.

  •   ღმერთს იერემიას დაბადებამდე ჰქონდა განსაზღვრული, თუ რა განსაკუთრებულ დავალებას მისცემდა ამ წინასწარმეტყველს. ღმერთმა უთხრა მას: „მანამდე გიცნობდი, ვიდრე მუცელში შეგქმნიდი, და განგწმინდე, ვიდრე საშვილოსნოდან გამოხვიდოდი. ხალხების წინასწარმეტყველად გაქციე“ (იერემია 1:5).

  •   ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, ექიმმა ლუკამ, არშობილ და ახალშობილ ბავშვებზე საუბრისას ერთი და იგივე სიტყვა გამოიყენა (ლუკა 1:41; 2:12, 16).

 ეპატიება მას, ვინც აბორტი გაიკეთა?

 მას, ვისაც ჩადენილი აქვს ეს დანაშაული, შეუძლია დაიბრუნოს ღვთის კეთილგანწყობა. თუ ასეთი ადამიანი დღესდღეობით უკვე იზიარებს ღვთის თვალსაზრისს სიცოცხლეზე, არ უნდა დაითრგუნოს წარსულში ჩადენილი ცოდვის გამო. „იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელია . . . როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“ b (ფსალმუნი 103:8—12). იეჰოვა პატიობს ყველას წარსულში ჩადენილ ცოდვებს, მათ შორის ისეთ ცოდვასაც, როგორიცაა აბორტი (ფსალმუნი 86:5).

 მაშინაც გაუმართლებელია აბორტი, როცა დედის სიცოცხლე საფრთხეშია?

 თუ გავითვალისწინებთ იმას, რას ამბობს ბიბლია არშობილი ბავშვის სიცოცხლეზე, ვერავინ გაამართლებს აბორტის გაკეთებას იმ მიზეზით, რომ ბავშვის დაბადებით პოტენციური საფრთხე შეექმნება დედის ან ჩვილის სიცოცხლეს.

 რა შეიძლება ითქვას ისეთ იშვიათ, კრიტიკულ და გადაუდებელ სიტუაციაზე, როცა მშობიარობის დროს აუცილებლად უნდა იქნეს გაკეთებული არჩევანი დედის ან ჩვილის სიცოცხლეს შორის? ასეთ შემთხვევაში, მათ, ვინც გადაწყვეტილებას იღებენ, თავად უნდა აირჩიონ, ვისი სიცოცხლე გადაარჩინონ.

a ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ისე ჩანს, თითქოს დანაშაულად ითვლებოდა დედის მკვლელობა და არა ნაყოფის. თუმცა ებრაულ ტექსტში ნაგულისხმებია როგორც დედის, ისე ნაყოფის მკვლელობა.

b ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღმერთის სახელია (ფსალმუნი 83:18).