არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ არის იეჰოვა?

ვინ არის იეჰოვა?

ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა არის ჭეშმარიტი ღმერთი, ყოველივეს შემოქმედი (გამოცხადება 4:11). წინასწარმეტყველები აბრაამი და მოსე თაყვანს სცემდნენ იეჰოვას, ისევე როგორც იესო (დაბადება 24:27; გამოსვლა 15:1, 2; იოანე 20:17). იეჰოვა არის არა მხოლოდ ერთი რომელიმე ერის, არამედ „მთელი დედამიწის“ ღმერთი (ფსალმუნი 47:2).

 იეჰოვა არის ღვთის უნიკალური სახელი, როგორც ამას ბიბლია გვიმჟღავნებს (გამოსვლა 3:15; ფსალმუნი 83:18). ეს სახელი მომდინარეობს ებრაული ზმნიდან, რომელიც ნიშნავს „გახდომას“; მრავალი სწავლულის აზრით, ის ნიშნავს „აქცევინებს“. ასეთი სახელი მართლაც შესაფერისია განზრახვების შემსრულებელი ღვთისთვის, რომელიც ყოველივეს შემოქმედია (ესაია 55:10, 11). ბიბლია აგრეთვე გვეხმარება, გავიგოთ, როგორი პიროვნება დგას ამ სახელის მიღმა და გავეცნოთ მის ძირითად თვისებას, სიყვარულს (გამოსვლა 34:5—7; ლუკა 6:35; 1 იოანე 4:8).

 ღვთის სახელი, რომელიც ქართულად ნათარგმნია, როგორც იეჰოვა, ებრაულ ენაში ოთხი თანხმოვნით, იგივე ტეტრაგრამატონითაა יהוה (მისი ქართული ტრანსლიტერაციაა ჲჰვჰ) წარმოდგენილი. უცნობია, ზუსტად როგორ წარმოითქმებოდა ღვთის სახელი ძველ ებრაულ ენაზე. მიუხედავად ამისა, ღვთის სახელის ფორმას „იეჰოვას“ დიდი ხნის ისტორია აქვს ინგლისურ ენაში. ეს სახელი პირველად 1530 წელს უილიამ ტინდალის მიერ გამოცემულ ბიბლიის თარგმანში გამოჩნდა. a

რატომ არ არის ცნობილი, როგორ წარმოითქმებოდა ღვთის სახელი ძველ ებრაულ ენაზე?

 ძველ ებრაულ ენაში არ იყო ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნები, ამიტომ სიტყვები მხოლოდ თანხმოვნებისგან შედგებოდა. ებრაულენოვან მკითხველს თავისუფლად შეეძლო სიტყვებში სათანადო ხმოვნების ჩასმა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ებრაული წერილების („ძველი აღთქმა“) წერა დასრულდა, ებრაელებში გავრცელდა ცრურწმენა, რომ თითქოს ღვთის საკუთარი სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა. როდესაც ისინი წმინდა წერილებიდან ხმამაღლა კითხულობდნენ იმ მონაკვეთებს, სადაც ღვთის სახელი იყო მოხსენიებული, ისეთი წოდებებით ცვლიდნენ, როგორიცაა „უფალი“ ან „ღმერთი“. საუკუნეების გასვლის შემდეგ ამ ცრურწმენამ ყველგან გაიდგა ფესვი, რის გამოც თანდათანობით დავიწყებას მიეცა ის, თუ ზუსტად როგორ წარმოითქმებოდა თავდაპირველად ღვთის სახელი. b

 ზოგის აზრით, ღვთის სახელი უნდა წარმოითქვას, როგორც „იაჰვე“ მაშინ, როცა ზოგი სხვა ვარიანტებს გვთავაზობს. ბერძნულ ენაზე შესრულებულ მკვდარი ზღვის ხელნაწერში, რომელიც წიგნ „ლევიანების“ ფრაგმენტს შეიცავს, ღვთის სახელი გადმოტანილია იაოდ. ამასთან, ადრინდელი ბერძენი მწერლები იყენებდნენ იაეს, იაბესა და იაუეს. მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ნამდვილად ასე წარმოითქმებოდა თუ არა ძველ ებრაულად ღვთის სახელი. c

გავრცელებული არასწორი შეხედულებები ბიბლიაში გამოყენებული ღვთის სახელის შესახებ

 სიცრუე: ბიბლიის იმ თარგმანებში, სადაც სახელი „იეჰოვაა“ გამოყენებული, მოგვიანებით ჩაემატა ეს სახელი.

 სიმართლე: ღვთის სახელი ებრაულ ენაზე, რომელიც ტეტრაგრამატონითაა წარმოდგენილი, დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება ბიბლიაში. d ბიბლიის უმეტეს თარგმანში თვითნებურად ამოიღეს ღვთის სახელი და შეცვალეს ისეთი ტიტულით, როგორიცაა „უფალი“.

 სიცრუე: ყოვლისშემძლე ღმერთი არ საჭიროებს ერთ კონკრეტულ სახელს.

 სიმართლე: ღმერთმა თავად შთააგონა ბიბლიის დამწერებს, რომ მისი სახელი ათასობით ადგილას ჩაეწერათ მის სიტყვაში; ის თავის თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, რომ გამოიყენონ მისი სახელი (ესაია 42:8; იოელი 2:32; მალაქია 3:16; რომაელები 10:13). სინამდვილეში ღმერთი განსჯიდა ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცდილობდნენ, ხალხისთვის დაევიწყებინათ მისი სახელი (იერემია 23:27).

 სიცრუე: იუდეველთა ტრადიციის თანახმად, ღვთის სახელი ამოღებული უნდა იქნას ბიბლიიდან.

 სიმართლე: მართალია, ზოგმა იუდეველმა მწიგნობარმა უარი თქვა ღვთის სახელის წარმოთქმაზე, მაგრამ მათ არ ამოუღიათ ის წმინდა წერილებიდან. როგორც არ უნდა იყოს, ღმერთს არ სურს, რომ ადამიანურ ტრადიციებს მივყვეთ, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ღვთის მითითებებს (მათე 15:1—3).

 სიცრუე: ღვთის სახელი არ უნდა იქნას გამოყენებული ბიბლიაში, რადგან ცნობილი არ არის, ზუსტად როგორ წარმოითქმებოდა ებრაულად.

 სიმართლე: ასეთი მსჯელობის საფუძველზე შეიძლება ვინმემ დაასკვნას, რომ ღმერთს სურს, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებმა ერთნაირად წარმოთქვან მისი სახელი. მაგრამ ბიბლიიდან ჩანს, რომ წარსულში ღვთის თაყვანისმცემლები, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, განსხვავებულად წარმოთქვამდნენ ამა თუ იმ სახელს.

 მაგალითისთვის ავიღოთ ისრაელის მსაჯულის, იესო ნავეს ძის სახელი. პირველი საუკუნის ქრისტიანები, რომლებიც ებრაულ ენაზე საუბრობდნენ, მის სახელს წარმოთქვამდნენ, როგორც იეჰოშუა, ხოლო ბერძნულ ენაზე მოსაუბრეები — იესუს. ბიბლიაში, კერძოდ ბერძნულ წერილებში იესო ნავეს ძის ებრაული სახელის, იეჰოშუას ბერძნული ეკვივალენტი ჩაიწერა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტიანები თავიანთი ენისთვის მისაღები სახით წარმოთქვამდნენ ამა თუ იმ სახელს (საქმეები 7:45; ებრაელები 4:8).

 იგივე პრინციპი მოქმედებს ღვთის სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით. გაცილებით მნიშვნელოვანია, ღვთის სახელი თავის კუთვნილ ადგილას ეწეროს ბიბლიაში, ვიდრე ის, რომ ზუსტად ისე წარმოითქვას, როგორც ძველ ებრაულ ენაზე წარმოითქმებოდა.

a უილიამ ტინდალმა ბიბლიის პირველ ხუთ წიგნში ღვთის სახელის შემდეგი ფორმა იეჰოუაჰ გამოიყენა. დროთა განმავლობაში ინგლისურმა ენამ ცვლილებები განიცადა და, შესაბამისად, ღვთის სახელის ფორმაც შეიცვალა. მაგალითად, 1612 წელს ჰენრი აინვორტმა წიგნ „ფსალმუნების“ თარგმანში გამოიყენა ღვთის სახელის ფორმა „იეჰოვა“. როდესაც მან 1639 წელს თავისი თარგმანი გადაამუშავა, ღვთის სახელის განსხვავებული ფორმა გამოიყენა. მსგავსად, 1901 წელს გამოცემული ბიბლიის „ამერიკული სტანდარტული თარგმანის“ მთარგმნელებმა ებრაულ წერილებში, სადაც ღვთის სახელი იყო მოხსენიებული, გამოიყენეს სახელი „იეჰოვა“.

b „ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ მეორე გამოცემაში ნათქვამია: «გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ, რაც ისრაელი ტყვეობიდან გათავისუფლდა, მათ ღვთის სახელი „იაჰვე“ იმდენად წმინდად მიიჩნიეს, რომ მის ნაცვლად წარმოთქვამდნენ სიტყვებს „ადონაი“ ან „ელოჰიმი“» (ტომი 14, გვერდები 883, 884, ინგლ.).

c მეტი ინფორმაციისთვის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ იხილეთ დანართი 1ა „ღვთის სახელი ებრაულ წერილებში“.

d იხილეთ „ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი“, ტომი 2, გვერდები 523, 524 (ინგლ.).