არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ შეუძლია იესო ქრისტეს მსხვერპლს მრავალთა გამოსყიდვა?

როგორ შეუძლია იესო ქრისტეს მსხვერპლს მრავალთა გამოსყიდვა?

ბიბლია გვპასუხობს:

 იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის მეშვეობით ღმერთი ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან იხსნის. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესოს დაღვრილ სისხლში გამოსასყიდი იგულისხმება (ეფესოელები 1:7; 1 პეტრე 1:18, 19). ამიტომაც თქვა იესომ, რომ ის საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა „მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28).

რატომ გახდა საჭირო მრავალთა გამოსყიდვა?

 ღმერთმა პირველი მამაკაცი, ადამი, სრულყოფილი შექმნა. იგი უცოდველი იყო. მას შეეძლო მარადიულად ეცხოვრა, მაგრამ დაკარგა ეს შესაძლებლობა, რადგან არ დაემორჩილა ღმერთს (დაბადება 3:17—19). ადამის ცოდვის შედეგები მის ყველა შთამომავალზე გავრცელდა (რომაელები 5:12). სწორედ ამიტომ ამბობს ბიბლია, რომ ადამმა საკუთარი თავი და შთამომავლობა ცოდვასა და სიკვდილს მიჰყიდა (რომაელები 7:14). ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანი ვერ შეძლებდა იმის საფასურის გადახდას, რაც ადამმა დაკარგა (ფსალმუნი 49:7, 8).

 ღმერთს ებრალებოდა ადამის შთამომავლები, რომლებიც უიმედო მდგომარეობაში იყვნენ (იოანე 3:16). თუმცა ღვთის სამართლიანი ნორმებიდან გამომდინარე, ჩვენს შემოქმედს არ შეეძლო თვალი დაეხუჭა და ეპატიებინა ცოდვები ადამიანებისთვის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე (ფსალმუნი 89:14; რომაელები 3:23—26). ღმერთს უყვარს კაცობრიობა და ამიტომ კანონიერი საფუძველი შექმნა ცოდვების მისატევებლად და მათ სამუდამოდ წასაშლელად (რომაელები 5:6—8). სწორედ გამოსასყიდი გახდა ეს კანონიერი საფუძველი.

რას ნიშნავს გამოსასყიდი?

 ბიბლიაში მოხსენიებულ სიტყვა „გამოსასყიდს“ სამი მნიშვნელობა აქვს:

  1.   ის არის საფასური (რიცხვები 3:46, 47).

  2.   მისი მეშვეობით ხდება ვიღაცის ან რაღაცის გათავისუფლება ან გამოსყიდვა (გამოსვლა 21:30).

  3.   ის არის შესაბამისი საფასური, რომლითაც ფარავენ ან ანაზღაურებენ რაიმეს ღირებულებას. a

 დაფიქრდით, როგორ შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელობებს იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი.

  1.   საფასური. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ქრისტეს მიმდევრები ფასით არიან ნაყიდნი (1 კორინთელები 6:20; 7:23). ამ საფასურში ქრისტეს დაღვრილი სისხლი იგულისხმება, რომელიც მან იმისთვის გაიღო, რომ, ასე ვთქვათ, ეყიდა „ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ (გამოცხადება 5:8, 9).

  2.   გათავისუფლება. იესოს გამოსასყიდი გვათავისუფლებს ცოდვისგან (1 კორინთელები 1:30; კოლოსელები 1:14; ებრაელები 9:15).

  3.   შესაბამისი საფასური. იესოს მიერ მსხვერპლად გაღებული სრულყოფილი სიცოცხლე ზუსტად შეესაბამება იმას, რაც ადამმა დაკარგა, სრულყოფილ სიცოცხლეს (1 კორინთელები 15:21, 22, 45, 46). ბიბლია ამბობს: „როგორც ერთი კაცის [ადამის] ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის [იესო ქრისტეს] მორჩილებით გახდება მრავალი მართალი“ (რომაელები 5:19). აქედან ნათლად ვხედავთ, როგორ შეუძლია ერთი ადამიანის სიკვდილს მრავალთა ცოდვების გამოსყიდვა. იესოს მსხვერპლი არის „შესაბამისი გამოსასყიდი“ ყველასთვის, ვინც საჭირო ნაბიჯებს გადადგამს, რათა მისით ისარგებლოს (1 ტიმოთე 2:5, 6).

a ბიბლიის ორიგინალში გამოყენებული სიტყვები, რომლებიც „გამოსასყიდად“ ითარგმნა, მიუთითებს საფასურზე, რომელსაც იხდიან. მაგალითად, „გამოსყიდვად“ ნათარგმნი ებრაული ზმნა ქაფარ, ძირითადად, დაფარვას ნიშნავს (დაბადება 6:14). ჩვეულებრივ, მასში ცოდვების დაფარვა იგულისხმება (ფსალმუნი 65:3). მისი მონათესავე არსებითი სახელი ქოფერ ცოდვების დასაფარავად ან გამოსასყიდად გადახდილ საფასურს ნიშნავს (გამოსვლა 21:30). მსგავსად, ბერძნული სიტყვა ლიტრონ, რომელიც ხშირად გამოსასყიდად ითარგმნება, შესაძლოა აგრეთვე ნიშნავდეს გამოსყიდვისთვის გადახდილ საფასურს (მათე 20:28). ბერძენი მწერლები ამ სიტყვას ტყვეების გამოსასყიდად ან მონების გასათავისუფლებლად გადახდილი საფასურის აღსანიშნავად იყენებდნენ.