არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ იყვნენ ნეფილიმები?

ვინ იყვნენ ნეფილიმები?

ბიბლია გვპასუხობს:

 ნეფილიმები იყვნენ მოძალადე ბუმბერაზები, ზეადამიანური ძალის მქონე ქმნილებები, რომლებიც ნოეს დროს ცხოვრობდნენ. a ისინი ბოროტი ანგელოზების მიერ ქალებთან დამყარებული სქესობრივი კავშირის შედეგად ჩნდებოდნენ.

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები“ (დაბადება 6:2). ამ მუხლში მოხსენიებული ღვთის ძეები სულიერი ქმნილებები იყვნენ, რომლებიც ღვთის წინააღმდეგ წავიდნენ; მათ „მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ ზეცაში, ხორცი შეისხეს და დაიწყეს ადამიანთა ასულების ცოლებად მოყვანა (იუდა 6; დაბადება 6:2).

 არაბუნებრივი კავშირის შედეგად გაჩენილი ბავშვები ჰიბრიდები იყვნენ (დაბადება 6:4). ნეფილიმებმა, მოძალადე და სასტიკმა ბუმბერაზებმა, დედამიწა ძალადობით აავსეს (დაბადება 6:13). ბიბლია მათზე ამბობს, რომ „ძლიერები და სახელგანთქმულები იყვნენ ძველ დროს“ (დაბადება 6:4). ისინი შიშს თესავდნენ ადამიანებში და ძალადობის გავრცელებას უწყობდნენ ხელს (დაბადება 6:5; რიცხვები 13:33). b

მცდარი შეხედულებები ნეფილიმებზე

 მცდარი შეხედულება: ნეფილიმები დღესაც არსებობენ.

 სინამდვილე: ღმერთმა მთელ დედამიწაზე წარღვნა მოავლინა, რათა ძალადობით სავსე ქვეყნიერებისთვის ბოლო მოეღო. ნეფილიმები ბოროტ ადამიანებთან ერთად დაიხოცნენ. წარღვნას მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი გადაურჩნენ, რადგან მათ ღვთის მოწონება დაიმსახურეს (დაბადება 6:9; 7:12, 13, 23; 2 პეტრე 2:5).

 მცდარი შეხედულება: ნეფილიმები ადამიანების შთამომავლები იყვნენ.

 სინამდვილე: ბიბლიაში ნეფილიმების მამებს „ღვთის ძეები“ ეწოდებათ (დაბადება 6:2). ბიბლია ამ გამოთქმას ანგელოზებთან მიმართებით იყენებს (იობი 1:6; 2:1; 38:7). ანგელოზებს ჰქონდათ ხორცშესხმის უნარი (დაბადება 19:1—5; იესო ნავეს ძე 5:13—15). მოციქული პეტრე მოიხსენიებს „საპყრობილეში [მყოფ] სულებს, რომლებიც ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს“ (1 პეტრე 3:19, 20). ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის დამწერი იუდაც ნოეს დროს არსებულ მდგომარეობაზე საუბრობდა, როცა დაწერა, რომ ანგელოზებმა „არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ (იუდა 6).

 მცდარი შეხედულება: ნეფილიმები დაცემული ანგელოზები იყვნენ.

 სინამდვილე: დაბადების 6:4-ის კონტექსტიდან ვხედავთ, რომ ნეფილიმები არ იყვნენ ანგელოზები. ისინი ხორცშესხმული ანგელოზებისა და ადამიანთა ასულების ჰიბრიდი შთამომავლები იყვნენ. მას შემდეგ, რაც ანგელოზებმა ადამიანთა ასულების ცოლებად მოყვანა დაიწყეს, ღმერთმა გადაწყვიტა, 120 წელიწადში გაენადგურებინა იმ დროინდელი უღვთო ქვეყნიერება (დაბადება 6:1—3). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იმ დროს ხორცშესხმული ანგელოზები „წვებოდნენ ... ადამიანთა ასულებთან“. შედეგად, ჩნდებოდნენ ნეფილიმები, რომლებიც „ძლიერები ... იყვნენ ძველ დროს“ (დაბადება 6:4).

a ნეფილიმებად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნიშნავს „წამქცევებს“. ერთ თეოლოგიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ ეს სიტყვა იმ ადამიანთან მიმართებით გამოიყენებოდა, ვინც „თავს ესხმოდა, ძარცვავდა და აქცევდა“ (Wilson’s Old Testament Word Studies).

b რიცხვების 13:33-ში ვკითხულობთ ისრაელი მზვერავების სიტყვებს. როგორც ჩანს, მათ ახოვანი ხალხის დანახვაზე ნეფილიმები გაახსენდათ, რომლებიც საუკუნეების წინ დაიხოცნენ (დაბადება 7:21—23).