არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ განვსაზღვრო, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?

როგორ განვსაზღვრო, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?

ბიბლია გვპასუხობს:

 ღვთის სიტყვა აღწერს, რა სხვაობაა ჭეშმარიტ და ცრუ თაყვანისმცემლებს შორის: „მათ მათივე ნაყოფით იცნობთ. განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს?“ (მათე 7:16). როგორც ვაზის ნაყოფის გარჩევა არ არის რთული ეკლიანი ბუჩქის ნაყოფისგან, ისევე არ არის რთული ჭეშმარიტი რელიგიის გარჩევა ცრუ რელიგიისგან მათივე ნაყოფით.

  1.   ის, რასაც ჭეშმარიტი რელიგია ასწავლის, ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზეა დაფუძნებული და არა ადამიანურ ფილოსოფიაზე (იოანე 4:24; 17:17). ჭეშმარიტი რელიგია სიმართლეს გვიმჟღავნებს იმის შესახებ, განაგრძობს თუ არა სული არსებობას სიკვდილის შემდეგ და ადამიანებს სამოთხეში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს უნერგავს (ფსალმუნი 37:29; ესაია 35:5, 6; ეზეკიელი 18:4). ამავე დროს, ის ფარდას ხდის ცრუ თაყვანისმცემლობას (მათე 15:9; 23:27, 28).

  2.   ჭეშმარიტი რელიგია ხალხს ღვთის გაცნობაში ეხმარება და მის სახელს, იეჰოვას ამცნობს (ფსალმუნი 83:18; ესაია 42:8; იოანე 17:3, 6). ის იმას კი არ ასწავლის, რომ ღმერთი იდუმალებით მოცული და გულცივია, არამედ გვეხმარება იმის დანახვაში, სინამდვილეში რა სურს მას — ღმერთს უნდა, რომ მასთან ახლო ურთიერთობა განვივითაროთ (იაკობი 4:8).

  3.   ჭეშმარიტი რელიგია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იესო ქრისტეზე, როგორც ღვთისგან მოვლენილ კაცობრიობის მხსნელზე (საქმეები 4:10, 12). ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები ემორჩილებიან იესოს მითითებებს და ყველანაირად ცდილობენ, მიჰყვნენ მის ნაკვალევს (იოანე 13:15; 15:14).

  4.   ჭეშმარიტი რელიგია ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანებს მხოლოდ ღვთის სამეფოზე შეუძლიათ იმედის დამყარება. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები აქტიურად ამცნობენ ყველას ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 10:7; 24:14).

  5.   ჭეშმარიტი რელიგია უანგარო სიყვარულს ასწავლის (იოანე 13:35). ის მოუწოდებს ხალხს, პატივი სცენ და შეიყვარონ ყველანაირი წარმომავლობის, კულტურის, ეთნიკური ჯგუფისა თუ რასის ადამიანი (საქმეები 10:34, 35). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, რომელთაც სიყვარული ამოძრავებთ, არ მონაწილეობენ ომებში (მიქა 4:3; 1 იოანე 3:11, 12).

  6.   ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს არ ჰყავთ სამღვდელოება, რომელიც მსახურებისთვის გასამრჯელოს იღებს. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს შორის არავის ანიჭებენ საპატიო წოდებებს (მათე 23:8—12; 1 პეტრე 5:2, 3).

  7.   ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ და არ ერევიან პოლიტიკაში (იოანე 17:16; 18:36). მიუხედავად ამისა, ისინი ბიბლიაში მოცემული მითითების თანახმად, პატივს სცემენ და ემორჩილებიან იმ ქვეყნის მმართველებს, სადაც ცხოვრობენ: „კეისრისა კეისარს [ხელისუფლების წარმომადგენელი] მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:17; რომაელები 13:1, 2).

  8.   ჭეშმარიტი რელიგია ცხოვრების წესია და არა უბრალოდ რიტუალი ან ფორმალობა. მისი მიმდევრები ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს იცავენ (ეფესოელები 5:3—5; 1 იოანე 3:18). მათთვის მძიმე არ არის ღვთისმსახურება. პირიქით, ისინი სიხარულით ემსახურებიან „ბედნიერ ღმერთს“ (1 ტიმოთე 1:11).

  9.   ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები უმცირესობას წარმოადგენენ (მათე 7:13, 14). მათ ხშირად სხვები ზემოდან უყურებენ, დასცინიან და ავიწროებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ღვთის ნებას ასრულებენ (მათე 5:10—12).

მხოლოდ პირადი შეხედულებით არ განისაზღვრება, ჭეშმარიტია თუ არა რელიგია

 არსებობს საშიშროება, რომ რელიგია მხოლოდ ჩვენი სურვილისამებრ ავირჩიოთ. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ხალხი „საკუთარი სურვილით თავს მოუყრიდა მასწავლებლებს [მოძღვრებს] ყურის საამებლად“ (2 ტიმოთე 4:3). ამის საპირისპიროდ, ბიბლია მოგვიწოდებს, ავირჩიოთ „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა“ მაშინაც კი, თუ ეს თაყვანისმცემლობა არ არის აღიარებული (იაკობი 1:27; იოანე 15:18, 19).