არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ეჰანის მისაწოვარი

ეჰანის მისაწოვარი

 ეჰანი ტმასნია თევზია, რომელსაც შეუძლია მიეკრას ზღვის სხვა ბინადრებს და შემდეგ ისე მოშორდეს, რომ „პატრონს“ ზიანი არ მიაყენოს. ამ თევზის გასაოცარმა უნარმა მეცნიერების ყურადღება მიიპყრო.

 დაფიქრდით: ეჰანი ემაგრება სკაროსებს, ზვიგენებს, კუებს, ვეშაპებსა თუ ზღვის სხვა ბინადრებს, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული კანის აგებულება აქვთ. ამის წყალობით ეჰანი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გადაადგილდება და დაცულია მტაცებელი თევზებისგან. გარდა ამისა, „მგზავრობის“ დროს ის იკვებება პარაზიტებითა და „პატრონის“ საკვების ნარჩენებით. მეცნიერები იკვლევენ ეჰანის მისაწოვარს, რათა გაიგონ, როგორ ახერხებს ის სხვადასხვა ზედაპირზე მიმაგრებას.

 ეჰანები და ვეშაპისებრი ზვიგენი

 ეჰანს თავის უკანა ნაწილზე აქვს ოვალური ფორმის მისაწოვარი დისკო, რომლის ელასტიკური და რბილი კიდის წყალობით ის ჰერმეტულად ეკვრის სხვადასხვა ზედაპირს. დისკოზე განლაგებულია კბილანებიანი მოგრძო ფირფიტები. როცა ფირფიტები მაღლა იწევა, კბილანები ეხება „პატრონის“ კანს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ხახუნის ძალა. რა სიჩქარითაც არ უნდა გაცუროს ან რა მოძრაობაც არ უნდა შეასრულოს „პატრონმა“, ვაკუუმის და ხახუნის ძალის ურთიერთმოქმედებით ეჰანი მყარად ეკვრის მას.

 ეჰანის გასაოცარი უნარით აღფრთოვანებულმა მეცნიერებმა ოვალური ფორმის ხელოვნური მისაწოვარი შექმნეს, რომელიც სხვადასხვა ზედაპირს ეკვრის. მათ სცადეს მისაწოვარის ზედაპირიდან მოცილება, მაგრამ ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ გამოქაჩვის დროს დაჭიმულობის ძალა, სულ მცირე, 300-ჯერ აღემატებოდა მისაწოვარის წონას.

 ეჰანის მისაწოვარზე დაკვირვებით შესაძლებელია, შეიქმნას სხვადასხვა ანალოგი, მაგალითად, სპეციალური მოწყობილობები წყალქვეშა ბიომრავალფეროვნების შესასწავლად და ხიდებისა და გემების წყალქვეშა ნაწილებზე ნათურებისა თუ ხელსაწყოების მისამაგრებლად.

 რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა ეჰანს მისაწოვარი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?