არჩეულ მასალაზე გადასვლა

„ქალებს დიდი წვლილი შეაქვთ მშენებლობაში“

„ქალებს დიდი წვლილი შეაქვთ მშენებლობაში“

ბრიტანეთში ცნობილმა სამშენებლო ორგანიზაციამ იეჰოვას მოწმეები იმისთვის შეაქო, რომ მათი ფილიალის სამშენებლო ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქ ჩელმსფორდის (ესექსის საგრაფო) მახლობლად მდებარეობს, ქალებს მძიმე სამშენებლო ტექნიკის მართვას ასწავლიან. სამშენებლო პროექტების შემფასებელმა ამ ორგანიზაციამ მოწმეებს 10 ქულა მიანიჭა, რაც უმაღლეს შეფასებად ითვლება, ხოლო მათ მიდგომას ნოვატორული უწოდა. a რატომ დაიმსახურეს მოწმეებმა ასეთი მაღალი შეფასება?

ბრიტანეთში სამშენებლო პროექტებზე ქალების 13 პროცენტზე ნაკლები მუშაობს. ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ბრიტანეთში ახალგაზრდა ქალების ძალიან მცირე რაოდენობა თუ ფიქრობს სამშენებლო ინდუსტრიაში სამუშაოს დაწყებაზე. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას მოწმეების ფილიალის მშენებლობაზე, რომელიც ჩელმსფორდის მახლობლად მიმდინარეობს, მუშახელის დაახლოებით 40 პროცენტს ქალები შეადგენენ; აღსანიშნავია ისიც, რომ მძიმე ტექნიკის ოპერატორთა 60 პროცენტზე მეტი ქალია.

ქალები მამაკაცების მხარდამხარ მუშაობენ ფილიალის სამშენებლო ტერიტორიაზე

რა ეხმარებათ იეჰოვას მოწმე ქალებს, წარმატებით გაართვან თავი საქმეს? ამაში მათ ძირითადად ტრენინგი და გუნდის წევრების მხარდაჭერა ეხმარება. ამ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს სამშენებლო პროექტების შემფასებელი ორგანიზაციის მოთხოვნებიც ითვალისწინებს, რომელთა თანახმადაც მშენებლები უნდა აფასებდნენ მუშახელს, ანუ უტარებდნენ ტრენინგებს და სამუშაო ადგილზე ისეთ გარემოს ქმნიდნენ, სადაც ყველას პატივისცემით და სამართლიანად მოეპყრობიან, მხარს დაუჭერენ და წაახალისებენ.

ქალები მძიმე ტექნიკის მართვას სწავლობენ

ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე ქალი ჯეიდი, რომელმაც ექსკავატორისა და თვითმცელელის მართვა ისწავლა, გვიყვება: „გაოცებული ვარ! ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ამხელა ტექნიკის მართვას შევძლებდი. ზოგჯერ შესასრულებელი სამუშაო ძალიან რთულია, მაგრამ ტრენინგები მეხმარება, თავი გავართვა საქმეს“. ლუსი, რომელიც ჯეიდის მსგავსად მძიმე ტექნიკას მართვას, ამბობს: „როცა პროექტზე სამუშაოდ მოვედი, არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ იმ დღიდან დაწყებული არაერთი ტრენინგი გავიარე. გარდა ამისა, ხუთ სხვადასხვა სამშენებლო ბრიგადასთან მომიწია თანამშრომლობა, რის წყალობითაც დიდი გამოცდილება შევიძინე“.

მშენებელი ქალი სწავლობს მძიმე სამშენებლო ტექნიკის მართვას

გარდა იმისა, რომ შესანიშნავად მართავენ მძიმე ტექნიკას, ქალები სხვა მხრივაც გამოირჩევიან. ბრიგადირი, სახელად ერიკი, აღნიშნავს: „ხშირად ქალები მამაკაცებზე უკეთ უვლიან სამშენებლო ტექნიკას. ისინი მაშინვე ამჩნევენ, როცა მათ მანქანას რაიმე პრობლემა ექმნება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ გვატყობინებენ“.

მშენებლობაზე ქალების შრომას აფასებენ

კარლი, რომელიც მძიმე ტექნიკაზე მომუშავე რამდენიმე ბრიგადას ხელმძღვანელობს, ამბობს: „გამოგიტყდებით და გაოცებული ვარ, რა კარგად მართავენ ქალები მანქანებს. ზოგ შემთხვევაში იმ მამაკაცების ნაცვლად, რომლებიც წლებია, მძიმე ტექნიკას მართავენ, მირჩევნია, მძღოლებად ქალები ავირჩიო“.

მშენებელი ქალი სპეციალური დანადგარით პლასტმასის მილებს აერთებს

როდესაც ბრიგადირები მხარში უდგანან მშენებლებს, ეს მათ თავდაჯერებულობას მატებს. ამას ცხადყოფს ტერეზას შემთხვევა, რომელიც მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორია. მას დიდი გამოცდილება აქვს და იცის, რომ მძიმე ტექნიკის მართვა საპასუხისმგებლო საქმეა და, ამასთან, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ტერეზა ამბობს: „როცა ვიცი, რომ ბრიგადირი მენდობა და მხარს მიჭერს, შემიძლია გაცილებით მეტი გავაკეთო, ვიდრე სხვა შემთხვევაში გავაკეთებდი. სიხარულით ვიხარჯები ბოლომდე და ძალ-ღონეს არ ვიშურებ სამუშაოს შესასრულებლად, რადგან ვიცი, რომ ჩემი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება“.

აბიგაილი, ექსკავატორისა და თვითმცლელის კიდევ ერთი მძღოლი, რომელიც ძალიან აფასებს ბრიგადის წევრების მხარდაჭერას, ამბობს: „მამაკაცები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ, ზემოდან არ დამყურებენ. ისინი ყოველთვის მეხმარებიან, თუმცა იმას არ ცდილობენ, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთონ. საშუალებას მაძლევენ საქმე ბოლომდე მივიყვანო“.

ყურადღებიანი და კეთილსინდისიერი თანამშრომლები

გარდა იმისა, რომ ფილიალის სამშენებლო ტერიტორიაზე ქალებს მძიმე სამშენებლო ტექნიკის მართვა ასწავლეს, ისინი ისეთი სამუშაოების შესასრულებლადაც მოამზადეს, როგორიცაა: გეოდეზიური აგეგმვა, მიწის მართვა, მანქანის შეკეთება და ხარაჩოს აწყობა. რობერტი, რომელიც ქალებთან ერთად მუშაობს სხვადასხვა პროექტზე, ამბობს, რომ ისინი ძალიან ყურადღებიანები არიან და საქმეში მთელ გულს დებენ. ტომი, რომელიც გეოდეზიურ აგეგმვაზე მუშაობს, აღნიშნავს: „ქალები, რომლებიც ჩემს ბრიგადაში არიან, გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად მუშაობენ. მათ უნდათ, რომ საქმე მაღალ დონეზე და ხარისხიანად შესრულდეს“.

ალბათ ყველა დაეთანხმება ერთი ბრიგადირის, ფერგუსის, სიტყვებს: „ქალებს მართლაც დიდი წვლილი შეაქვთ მშენებლობაში!“.

a სამშენებლო პროექტების შემფასებელი ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს სამშენებლო ინდუსტრიის გაუმჯობესებაზე ბრიტანეთში.