არჩეულ მასალაზე გადასვლა

სასიხარულო ცნობას გერმანიაში მცხოვრები ბოშები თავიანთ ენაზე ისმენენ

სასიხარულო ცნობას გერმანიაში მცხოვრები ბოშები თავიანთ ენაზე ისმენენ

გერმანიაში ათობით ათასი ბოშა (სინტი და რომა) ცხოვრობს. a იეჰოვას მოწმეებმა მათ მშობლიურ ბოშურ ენაზე b ბიბლიაზე დაფუძნებული ბუკლეტები, ბროშურები და ვიდეოები გამოსცეს.

სპეციალური კამპანიის დროს, რომელიც 2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ჩატარდა, იეჰოვას მოწმეები ბოშურ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას აწვდიდნენ სინტი და რომა ხალხების წარმომადგენლებს გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ბრემერჰავენში, ფრაიბურგში, ჰამბურგსა და ჰაიდელბერგში. მოწმეებმა თავიანთ სამეფო დარბაზებში ბოშურ ენაზე შეხვედრებიც ჩაატარეს.

მრავალი სიხარულით ეხმაურება

ბევრი ბოშა სიხარულით გამოეხმაურა იეჰოვას მოწმეების კამპანიას. ანდრემ და ესთერმა, რომლებმაც კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა, თქვეს: „ხალხი სიხარულს ვერ მალავდა, როცა ხედავდნენ, რომ გვსურდა, უშუალოდ მათთვის გაგვეზიარებინა ბიბლიური ცნობა“. ბევრი ძალიან გაახარა ბიბლიური ცნობის საკუთარ ენაზე მოსმენამ და წაკითხვამ. ერთი ახალგაზრდა ქალი ვიდეორგოლის „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ ყურების დროს გაოცებული ამბობდა: „ეს ჩემი ენაა! ეს ჩემი ენაა!“.

ერთმა იეჰოვას მოწმემ მატიასმა, რომელიც კამპანიის დროს ჰამბურგში ქადაგებდა, აღნიშნა: „მე და ჩემი მეუღლე სხვა ექვს იეჰოვას მოწმესთან ერთად იმ ტერიტორიაზე ვქადაგებდით, სადაც 400-მდე ბოშა ცხოვრობს. ვისაც ვესაუბრეთ, ყველამ ლიტერატურა მოითხოვა“. კიდევ ერთმა იეჰოვას მოწმემ ბეტინამ, რომელიც ჰამბურგში ქადაგებდა, ასეთი რამ თქვა: „ზოგი ცრემლებს ვერ იკავებდა, როცა ბოშურ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას ხედავდა“. ბევრი მაშინვე იწყებდა ხმამაღლა კითხვას, ზოგიც მეგობრებისთვის ითხოვდა პუბლიკაციებს.

არაერთმა ბოშამ იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვა. ჰამბურგში კრების შეხვედრას 94 კაცი დაესწრო. მათგან ბევრი პირველად იმყოფებოდა სამეფო დარბაზში. ჰაიდელბერგთან ახლოს რაილინგენში სულ 123 ადამიანი დაესწრო კრების შეხვედრას. შეხვედრის შემდეგ ხუთმა ბოშამ ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა.

კამპანიის დროს იეჰოვას მოწმეებმა 3 000-მდე ბუკლეტი და ბროშურა გაავრცელეს. ისინი 360-ზე მეტ ბოშას გაესაუბრნენ და 19 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ზოგმა ბოშამ ასეთი რამ თქვა: „ძალიან გვიხარია, რომ ღმერთმა თავი გვაპოვნინა“.

a სინტი ხალხი წარმოადგენს დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრებ ბოშებს, ხოლო რომა ხალხი წარმოშობით აღმოსავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდანაა.

b ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ ბოშურ ენებში 60-მდე ერთმანეთისგან განსხვავებული დიალექტი შედის (Encyclopædia Britannica Online). ამ სტატიაში მათ მოვიხსენიებთ, როგორც „ბოშური“, რომელზეც გერმანიაში მცხოვრები სინტი და რომა ხალხები საუბრობენ.