არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დასაშვებია ქალებისთვის რელიგიური მსახურება?

დასაშვებია ქალებისთვის რელიგიური მსახურება?

ბიბლიის თვალსაზრისი

დასაშვებია ქალებისთვის რელიგიური მსახურება?

„მაოცებს და მაღიზიანებს კიდეც ის ფაქტი, რომ ქალების სასარგებლოდ არაფერი იცვლება. ჩვენ არ გვაძლევენ რელიგიური მსახურების შესრულების უფლებას და არც არანაირ რელიგიურ წოდებას არ გვანიჭებენ“, — წერდა ერთი კათოლიკე ქალი გაზეთ „იუ-ეს-ეი ტუდეიში“. ამ ქალის აზრს ბევრი იზიარებს. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი რელიგია აძლევს ქალებს მქადაგებლებად, მღვდლებად, ეპისკოპოსებად თუ რაბინებად მსახურების უფლებას.

როგორც დავინახეთ, სხვადასხვა რელიგიების აზრი ამ საკითხზე განსხვავებულია; ერთნი უკრძალავენ ქალებს რელიგიურ მსახურებას, მეორენი კი უფლებას რთავენ, კათედრიდან დამოძღვრონ მრევლი, თუმცა ორივე მხარე ამტკიცებს, რომ მათ აზრს მხარს უჭერს ბიბლია. მაგრამ ბიბლია არც ერთ აზრს არ ემხრობა. ეს რომ ნათლად დავინახოთ, თავდაპირველად გავიგოთ, ბიბლიის თანახმად რა ნიშნავს სიტყვა „მსახური“.

პირველი საუკუნის მსახურები

რა წარმოგიდგებათ „ღვთის მსახურის“ ხსენებისას? ბევრს მაშინვე ახსენდება რელიგიური წინამძღოლი, კაცი ან ქალი, რომლებიც ხალხს მოძღვრავს. მაგრამ ბიბლია ამ სიტყვას უფრო ფართო გაგებით იყენებს. გავიხსენოთ ქრისტიანი ქალი ფებე, რომლის შესახებ პავლე მოციქულმა თქვა, რომ „კენქრეს კრების მსახური“ იყო (რომაელები 16:1).

წარმოგიდგენიათ კენქრეს კრების წინაშე მდგარი ფებე, რომელიც რელიგიურ მსახურებას უძღვება? სინამდვილეში რა სახის მსახურებას ასრულებდა იგი? პავლემ ფილიპელების მიმართ მიწერილ წერილში მოიხსენია ქალები, რომლებიც მის „მხარდამხარ იბრძოდნენ სასიხარულო ცნობისთვის“ [კურსივი ჩვენია] (ფილიპელები 4:2, 3).

პირველ საუკუნეში ქრისტიანები, ძირითადად, „სახალხოდ და კარდაკარ“ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას (საქმეები 20:20). მათ, ვინც ამ საქმეში იღებდნენ მონაწილეობას, მსახურები ეწოდებოდათ. ასეთი მსახური იყო პრისკილაც. მან თავის ქმართან ერთად ‘უფრო ზუსტად აუხსნა ღვთის გზა’ ღვთისმოშიშ მამაკაცს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მონათლული ქრისტიანი (საქმეები 18:25, 26). როგორც ჩანს, ფებესა და ბევრი სხვა ღვთის ერთგული ქალის მსგავსად, პრისკილაც სამაგალითო მსახური იყო.

ქალის ღირსეული როლი

მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც კრებას მოძღვრავდნენ, ასრულებდნენ ქალები უბრალო საქმეს, როცა სახალხოდ ქადაგებდნენ? რასაკვირველია, არა. მოვიყვანოთ ორი მიზეზი: პირველი, ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ყველა ქრისტიანი, მათ შორის კაცები, რომლებსაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები აკისრიათ, სახალხოდ ქადაგებენ (ლუკა 9:1, 2). მეორე, სახალხოდ ქადაგება ყოველთვის იყო და არის უმთავრესი დავალება ყველა ქრისტიანისთვის, იქნება ეს კაცი თუ ქალი. ისინი ქრისტეს მითითებას მიჰყვებიან და ‘მოწაფეებად ამზადებენ ხალხს ყველა ერიდან და ასწავლიან მათ ყველაფრის დაცვას’ (მათე 28:19, 20).

კრებაში ქალებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალება აქვთ. პავლემ დაწერა: „ხანში შესული ქალებიც ისე მოიქცნენ, როგორც . . . კარგის მასწავლებლები, რათა ჭკუა დაარიგონ ახალგაზრდა ქალებს, რომ უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები“ (ტიტე 2:3, 4). ამგვარად, მოწიფულ ქრისტიან ქალებს, რომლებსაც ქრისტიანულ მსახურებაში გამოცდილება აქვთ, შესაძლებლობა ეძლევათ, დაეხმარონ ახალგაზრდა, ნაკლებად გამოცდილ ქალებს სულიერ ზრდაში. მათ მართლაც ღირსეული როლი აკისრიათ.

კრებაში სწავლება

ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ქალები კრებას მოძღვრავდნენ. პირიქით, პავლე მოციქული მათ მოუწოდებდა, რომ ‘ჩუმად ყოფილიყვნენ’ კრების შეხვედრებზე. როგორც პავლემ ახსნა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად“ გაკეთებულიყო (1 კორინთელები 14:34, 40). კრებაში რომ ყველაფერი ორგანიზებულად მომხდარიყო, ღმერთმა კრების დამოძღვრა განსაზღვრულ მამაკაცებს დააკისრა. უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანი კრების ხელმძღვანელი ვერ გახდება მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცია. ეს პატივი მათ ერგებათ წილად, ვინც შესაფერისია ასეთი დავალების შესასრულებლად (1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:5—9). *

უმნიშვნელოა ქალის როლი? სულაც არა. გახსოვდეთ, იეჰოვა ღმერთმა ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი დავალება მისცა — მათ სახალხოდ უნდა აუწყონ ღვთის შესახებ (ფსალმუნი 68:11). დღეს იეჰოვას მოწმეები, მამაკაცები და ქალები, რომლებიც სახალხოდ ქადაგებენ, მილიონებს ეხმარებიან, მოინანიონ და ღვთის დანიშნულ დღეს გადარჩნენ (საქმეები 2:21; 2 პეტრე 3:9). ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი საქმეა!

ქრისტიან მამაკაცსაც და ქალსაც საპატიო მისია აკისრია. დავალება, რომელსაც ისინი ასრულებენ, მშვიდობას უწყობს ხელს. მაგალითად, გადატვირთული ქუჩის გადაკვეთისას მხედველობა ისევე აუცილებელია, როგორც სმენა. ასევეა ღვთის მსახურებაშიც — მამაკაცის და ქალის როლი თანაბარმნიშვნელოვანია. როცა თითოეული ასრულებს თავის როლს, ეს კრებაში მშვიდობას უწყობს ხელს (1 კორინთელები 14:33; ფილიპელები 4:9). *

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 კრებაში ქრისტიანი მამაკაცის უფლებამოსილება შეზღუდულია. იგი უნდა დაემორჩილოს ქრისტეს და ბიბლიური პრინციპებით იმოქმედოს (1 კორინთელები 11:3). ისინი, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობა აკისრია, აგრეთვე უნდა „დაემორჩილონ ერთმანეთს“, ითანამშრომლონ და თავმდაბლობა გამოავლინონ (ეფესოელები 5:21).

^ აბზ. 15 ქრისტიანი ქალები, რომლებიც პატივს სცემენ ღვთის მიერ დანიშნულ მამაკაცებს კრებაში, ანგელოზებსაც აძლევენ მაგალითს ზეცაში (1 კორინთელები 11:10).

გიფიქრიათ?

● როგორ ქადაგებდნენ პირველ საუკუნეში ქრისტიანი ქალები? (საქმეები 18:26).

● ვინ არიან დანიშნული კრების ზედამხედველებად? (1 ტიმოთე 3:1, 2).

● როგორ უყურებს ღმერთი ქრისტიანი ქალების მსახურებას დღეს? (ფსალმუნი 68:11).

[ჩანართი 29 გვერდზე]

„იეჰოვა გასცემს ბრძანებას; ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“ (ფსალმუნი 68:11).