არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უფრთხილდით ბაღლინჯოებს!

უფრთხილდით ბაღლინჯოებს!

მეოცე საუკუნის შუა პერიოდში ისე ჩანდა, რომ თითქოს ადამიანმა გაიმარჯვა ბაღლინჯოებთან ბრძოლაში. მაგრამ 1970-იან წლებში ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, შეემცირებინა ბაღლინჯოებთან ბრძოლის ძირითადი საშუალების დდტ-ის (დიქლორდიფენილტრიქლორეთანი) გამოყენება, რადგან ის ტოქსიკური და ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებაა.

სხვა ქიმიკატების მიმართ ბაღლინჯოები სულ უფრო რეზისტენტულები ხდებოდნენ. ამასთანავე, ხალხმა ინტენსიურად დაიწყო მოგზაურობა ქვეყნიდან ქვეყანაში და უნებურად ბაღლინჯოებიც თან მიჰყავდათ. რა მოჰყვა ამას შედეგად? „ბოლო 12 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, კანადა, ახლო აღმოსავლეთი, რამდენიმე ევროპული ქვეყანა, ავსტრალია და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა შეშფოთებულია ბაღლინჯოების შემოსევით“, — ნათქვამი იყო ბაღლინჯოებთან ბრძოლის სამსახურის მიერ წარდგენილ 2012 წლის ანგარიშში.

მოსკოვის მოსახლეობა წუხს იმის გამო, რომ ბოლო ერთ წელიწადში ბაღლინჯოები კატასტროფულად მომრავლდნენ. ამასობაში, შორეულ ავსტრალიაში ბაღლინჯოების მიერ დაკბენილთა რიცხვი 1999 წლიდან 5 000 პროცენტით გაიზარდა.

ზოგს თავისდაუნებურად მოჰყავს სახლში ბაღლინჯოები მაღაზიებიდან, თეატრებიდან თუ სასტუმროებიდან. შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერმა აღნიშნა: „სანამ სასტუმროები იარსებებს, ბაღლინჯოების პრობლემა დროდადრო ყოველთვის იქნება“. რატომ არის ასე რთული ბაღლინჯოების მოსპობა? როგორ შეიძლება თავის დაცვა? თუ სახლში შემოგესიათ, რა უნდა გააკეთოთ?

ამტანები

ბაღლინჯო ხუთ მილიმეტრამდე იზრდება

ბაღლინჯოებს თითქმის ყველგან შეუძლიათ დამალვა, ვინაიდან ბრტყელი ფორმა აქვთ და ზომით ვაშლისთესლისოდენანი არიან. ისინი შეიძლება შეიყუჟნონ ლეიბებში, ავეჯში, ელექტომოწყობილობებსა და ტელეფონშიც კი. ჩვეულებრივ, ისინი საწოლიდან ან სკამიდან 3—6 მეტრის რადიუსში მოძრაობენ, რათა ახლოს იტრიალონ თავიანთ მსხვერპლთან. *

ბაღლინჯოები ხშირად მძინარე ადამიანს კბენენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ვერ გრძნობს კბენას, რადგან ეს პარაზიტი ჯერ, ასე ვთქვათ, ადგილობრივ ანესთეზიას უკეთებს მას და შემდეგ ათ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში უმტკივნეულოდ სწოვს სისხლს. მართალია, კვირაში ერთხელ „სადილობს“, მაგრამ შეუძლია თვეები გაძლოს მშიერ-მწყურვალმა.

უნდა აღინიშნოს, რომ კოღოებისა და სხვა მწერებისგან განსხვავებით, ბაღლინჯოები არ არიან ინფექციის გადამტანი მწერები. და მაინც, მათმა ნაკბენმა შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ქავილი და ნაკბენის დაწყლულება, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანის ემოციებზე უარყოფითად მოქმედებს. დაზარალებულებს შეიძლება დასჩემდეთ უძილობა, დისკომფორტი და ისეთი შეგრძნება, რომ სულ მუდამ ბაღლინჯოები კბენენ. სიერა-ლეონეში მომზადებულ  ერთ ანგარიშში ბაღლინჯოებს უწოდეს „საშინელი გაღიზიანების, უძილობისა და უხერხულობის გამომწვევი მიზეზი“.

როგორ ვებრძოლოთ

შეამოწმეთ ჩანთა

ბაღლინჯოებისგან თავის დაცვა შესაძლებელია, თუ ადრევე მიიღებთ შესაბამის ზომებს. დააკვირდით, რაიმე ნიშანი ხომ არ არის იმისა, რომ სახლში თუ სხვაგან ბაღლინჯოები არიან. შეამოწმეთ ავეჯი, პლინთუსები და ჩანთები. ხომ არ არის მათში პატარა კვერცხები და ყაყაჩოსთესლისმაგვარი სისხლის ლაქები. როგორც წესი, ფანრით უფრო იოლია მათი დანახვა.

ამოავსეთ ბზარები და ცარიელი ადგილები

ბაღლინჯოებს რაც შეიძლება ცოტა ადგილი უნდა ჰქონდეთ დასამალად. ამოავსეთ კედლებსა და კარების ჩარჩოებში არსებული ბზარები. მართალია, ბაღლინჯოების მომრავლებას მაინც და მაინც უსუფთაობას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ მათი შემჩნევა და მოსპობა გაცილებით იოლია მაშინ, როცა სახლში სისტემატურად ხმარობთ მტვერსასრუტს და ოთახები ყოველთვის დალაგებულია. სასტუმროში ყოფნისას თუ ჩანთას იატაკზე არ დადებთ და საწოლისგან მოშორებით შეინახავთ, შეამცირებთ იმის ალბათობას, რომ ბაღლინჯოებმა თქვენთან ერთად „იმგზავრონ“.

შემოგიტიეს ბაღლინჯოებმა?

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს სახლში ან სასტუმროში ბაღლინჯოები არიან, ალბათ გაღიზიანდებით და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით. დეივი და მისი ცოლი შვებულების დროს ბაღლინჯოებმა დაკბინეს. „ცუდ დღეში აღმოვჩნდით, — ამბობს დეივი. — რა უნდა გვეთქვა მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის?“ ამ დროს უხერხულობის გრძნობა და სხვების მხრიდან არასასიამოვნო რეაქციები ბუნებრივია; მაგრამ ნუ მოგერიდებათ, ითხოვოთ დახმარება. ნიუ-იორკის ჯანდაცვისა და ფსიქოჰიგიენის სამსახური ყველას, ვისაც ეს პრობლემა აქვს, არწმუნებს, რომ ბაღლინჯოების მოცილება რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

შეამოწმეთ სახლი და მიიღეთ შესაბამისი ზომები

თუ აღმოაჩენთ, რომ სახლში გყავთ ასეთი არასასურველი სტუმრები, შეგიძლიათ მიმართოთ პარაზიტებთან ბრძოლის შესაბამის სამსახურებს და ისინი აღმოგიჩენენ საჭირო დახმარებას. მართალია, ზემოთ ნახსენები ქიმიური პრეპარატები დღესდღეობით აღარ გამოიყენება, მაგრამ ეს სამსახურები სხვა ეფექტურ მეთოდებს იყენებენ ასეთ პარაზიტებთან საბრძოლველად. ენტომოლოგი დინი მილერი აღნიშნავს: „ბაღლინჯოებთან ბრძოლა იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ მობინადრეები და შესაბამისი სამსახურები სათანადოდ ითანამშრომლებენ“. თუ გამოიჩენთ სიფრთხილეს და აღნიშნულ რჩევებსაც გაითვალისწინებთ, ბაღლინჯოებს თავს არ დააკბენინებთ!

^ აბზ. 7 ენტომოლოგები ამბობენ, რომ ბაღლინჯოები ძუძუმწოვრების სისხლითაც იკვებებიან, მათ შორის შინაური ცხოველების.

სისტემატურად გამოიყენეთ მტვერსასრუტი