არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ახალგაზრდების შეკითხვები

როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი?

როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი?

„სამი წლისა ვიყავი, მამა რომ დამეღუპა. ზოგჯერ მშურს ხოლმე იმ ბიჭების, ვისაც მამა გვერდში უდგას. რაღაცნაირად ისინი თავიანთ თავში უფრო მეტად არიან დაჯერებულნი და ღირსების გრძნობაც უფრო ამაღლებული აქვთ“ (ალექსი). *

„მამაჩემთან თითქმის არანაირი ურთიერთობა არა მაქვს. დამოუკიდებლად მომიწია იმის სწავლა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი“ (იონათანი, 25 წლის).

რაღაც მსგავსი შენც ხომ არ გიფიქრია ან გიგრძნია როდისმე? ხომ არ შიშობ, რომ ვერასოდეს შეიძენ შენთვის, როგორც მამაკაცისთვის საჭირო ღირსეულ თვისებებს? თუ ასეა, მოდი, დამშვიდდი და განაგრძე სტატიის კითხვა.

უნდა დაუპირისპირდე ორ მთავარ პრობლემას.

პრობლემა 1: გავრცელებული შეხედულება კაცობასა და ვაჟკაცობაზე

რას ამბობს ზოგი:

  • ნამდვილი მამაკაცი ყველაფერს უძლებს, რკინასავითაა, ცრემლი არასოდეს ჩამოუვარდება.
  • ნამდვილი მამაკაცი არავის ჭკუაზე არ დადის, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, იმას აკეთებს.
  • კაცი ყოველთვის ქალზე მაღლა დგას.

მეორე მხრიდან შევხედოთ: კაცობა ბავშვობისა და მოზარდობის საწინააღმდეგო ცნებაა და არა ქალობის. ანუ ნამდვილი მამაკაცი მაშინ ხდები, როცა ბავშვისთვის დამახასიათებელ თვისებებს და ჩვევებს ივიწყებ. პავლე მოციქული წერდა: „როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე“ (1 კორინთელები 13:11). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც მეტად ჩაანაცვლებ ბავშვურ აზროვნებას, საუბრებსა და საქციელს მოწიფული  ადამიანის აზროვნებით, საუბრებითა და საქციელით, მით მეტად დაუმტკიცებ საკუთარ თავს, რომ ნამდვილი მამაკაცი ხდები. *

მოსინჯე: ქვემოთ მოცემულ ორ კითხვას წერილობით გაეცი პასუხი.

  1. რომელ საკითხებში მოვიშორე ბავშვური საქციელი?
  2. რომელ საკითხებზე მჭირდება მუშაობა?

წაიკითხე: ლუკას 7:36—50. ხედავ, როგორ ვაჟკაცურად მოიქცა იესო?! ეს გამოჩნდა პირველ რიგში იმით, რომ მან სიმართლის მხარე დაიკავა და მეორე იმით, თუ როგორი პატივისცემა გამოავლინა სხვების მიმართ, მათ შორის მანდილოსნების მიმართ.

„მე მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც კენი ჰქვია და რომელსაც ძალიან ვაფასებ. ის ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად მართლაც ძლიერი ადამიანია, თან კეთილია. კენისგან ვსწავლობ იმას, რომ ნამდვილი კაცობა და ადამიანობა ის არ არის, რომ ვიღაცა დაჩაგრო და დაამცირო, ოღონდაც შენ მაგარი გამოჩნდე“ (იონათანი).

პრობლემა 2: შესაძლოა არა გაქვს მამის ღირსეული მაგალითი

რას ამბობს ზოგი:

  • თუ მამა არ გიდგას მხარში, ვერასოდეს ჩამოყალიბდები ნამდვილ მამაკაცად.
  • თუ მამა ცუდ მაგალითს გაძლევს, ყველა შემთხვევაში მის კვალს გაჰყვები.

მეორე მხრიდან შევხედოთ: როგორი რთული ბავშვობაც არ უნდა გქონდეს, იცოდე, განწირული მაინც არა ხარ! შეგიძლია სიტუაციის გაკონტროლება და მართვა! (2 კორინთელები 10:4). ვაჟკაცურად მიჰყევი დავით მეფის რჩევას, რომელმაც თავის ბიჭს, სოლომონს უთხრა: „გამაგრდი და ვაჟკაცურად იყავი“ (1 მეფეები 2:2).

საერთო ჯამში, შეიძლება ძნელი იყოს, როცა ისეთ მამასთან იზრდები, რომელიც არანაირად არ ზრუნავს შენზე. კიდევ უფრო ძნელია, როცა საერთოდ უმამოდ იზრდები. „ცხოვრებაში დიდი ტკივილია ის,  რომ საკუთარ მამას არ იცნობ, — ამბობს თავში ნახსენები ალექსი. — 25 წლისა ვარ და ზოგიერთ რამეს, რაც ბავშვობაში უნდა მესწავლა, ახლა ვსწავლობ“. თუ შენც იმავეს ფიქრობ, მაშინ . . .

მოსინჯე: მოძებნე ისეთი ვინმე, ვინც კარგ მაგალითს მოგცემს ამ საკითხში. * ჰკითხე, მისი აზრით განსაკუთრებით რომელი თვისებები უნდა ჰქონდეს ღირსეულ მამაკაცს. შემდეგ სთხოვე, გირჩიოს, როგორ განივითარო ეს თვისებები (იგავები 1:5).

წაიკითხე: იგავების 1—9 თავები. ყურადღება გაამახვილე იმ მამაშვილურ რჩევებზე, რომლებიც დაგეხმარება გონიერ და სულიერად მოწიფულ ადამიანად ჩამოყალიბებაში.

„სიამაყეში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მართლაც ღირსეულ მამაკაცად ჩამოვყალიბდი. მინდოდა მამაჩემსაც გარკვეული წვლილი შეეტანა ამაში, მაგრამ არაუშავს, მომავალს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ. განწირული არც ადრე ვყოფილვარ და არც ახლა ვარ“ (იონათანი).

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 24 შესაძლოა კრებაში უხუცესები აღმოჩნდნენ შენთვის კარგი მისაბაძი მაგალითები.

გაიგე შენი მშობლების აზრი

რას ფიქრობთ, რა განსაზღვრავს ნამდვილ მამაკაცობას? რა რჩევას მომცემდით?