არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინტერვიუ | სეილინ გრანოლერასი

ექიმი-ნეფროლოგი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ექიმი-ნეფროლოგი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ექიმი-ნეფროლოგი სეილინ გრანოლერასი საფრანგეთში მოღვაწეობს. ერთ დროს მას ეჭვი ეპარებოდა ღვთის არსებობაში, მაგრამ 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ექიმი გახდა, დარწმუნდა, რომ შემოქმედი ნამდვილად არსებობს. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მისგან ინტერვიუ აიღო.

მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე

9 წლის ვიყავი, როცა მთელი ოჯახი ესპანეთიდან საფრანგეთში გადავედით საცხოვრებლად. ჩემი მშობლები კათოლიკები იყვნენ, მაგრამ მე 16 წლისას ღვთის არსებობაში ეჭვი შემეპარა, რადგან ვფიქრობდი, რომ რელიგია შორს იყო რეალობისგან. კითხვაზე, როგორ გაჩნდა სიცოცხლე თუ ღმერთი არ არსებობს, ჩემი პასუხი ასეთი იყო: „დღესდღეობით მეცნიერება ვერ ხსნის ამას, მაგრამ დადგება დრო და აუცილებლად ახსნის“.

რატომ დაინტერესდით მედიცინის ამ დარგით?

მონპელიეში (საფრანგეთი) უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში ვსწავლობდი. ერთმა პროფესორმა მირჩია ნეფროლოგიის მიმართულებით წავსულიყავი, რომელიც შეისწავლის თირკმელების დაავადებებს. ჩემი მოვალეობა იყო პაციენტებზე ზრუნვა და პარალელურად კვლევების ჩატარება. ეს სწორედ ის იყო, რაც მე მინდოდა. 1990 წლიდან ვმონაწილეობდი კვლევებში, რომლებიც უკავშირდებოდა სინთეზური ერითროპოეტინის პრაქტიკაში გამოყენებას. ერითროპოეტინი აკონტროლებს ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. იმ დროისთვის ამ მიმართულებით კვლევები მედიცინაში სიახლედ ითვლებოდა.

რატომ დაიწყეთ ღმერთზე ფიქრი?

1979 წელს ჩემმა მეუღლემ, ფლოურეალმა, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მაგრამ მე რელიგია ბავშვობიდანვე მობეზრებული მქონდა და ბიბლიით დიდად არ დავინტერესებულვარ. ჩემი მეუღლე და შვილები მოწმეები გახდნენ, მალე ჩვენი ოჯახის თითქმის ყველა მეგობარი მოწმე იყო. ერთხელ ერთმა მათგანმა, პატრიციამ, მირჩია, მელოცა. მან მითხრა: „თუ ზეცაში არავინ არის, მაშინ არაფერს დაკარგავ, მაგრამ თუ არის, აუცილებლად რაღაც მოხდება“. წლების შემდეგ სიცოცხლის აზრზე დავფიქრდი. ამ დროს გამახსენდა პატრიციას სიტყვები და ლოცვა დავიწყე.

რატომ დაიწყეთ ფიქრი სიცოცხლის აზრზე?

ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ დავფიქრდი, რატომ ხდებოდა ამდენი ბოროტება. ვფიქრობდი: „რელიგიური ექსტრემისტები საფრთხეს უქმნიან ჩვენს მომავალს. მაგრამ იეჰოვას მოწმეები მშვიდობიანი ხალხია. ისინი არ არიან ექსტრემისტები, ისინი ბიბლიურ პრინციპებს მიყვებიან. მეც უნდა წავიკითხო და გავიგო, რას ამბობს ბიბლია“. ასე რომ, დავიწყე ბიბლიის კითხვა.

როგორც ექიმს, გაგიჭირდათ იმის დაჯერება, რომ შემოქმედი არსებობს?

არა. ადამიანის აგებულება ჩემში ყოველთვის დიდ გაოცებას იწვევდა. შთამბეჭდავი იყო იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეუძლია თირკმელებს სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის გაკონტროლება.

რატომ ფიქრობთ ასე?

დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ღმერთს შეეძლო, შეექმნა ასეთი დახვეწილი სისტემა

როგორც იცით, სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) ჟანგბადის ტრანსპორტირებას ახდენენ. როცა ადამიანი დიდი რაოდენობით სისხლს კარგავს ან მაღალ ადგილას ადის, მის ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება. თირკმელებში არსებული სენსორები მაშინვე გრძნობენ ჟანგბადის უკმარისობას და იწყება ერითროპოეტინის გამომუშავება. შესაბამისად, სისხლში ერითროპოეტინის დონემ შეიძლება ათასჯერ მოიმატოს. ერითროპოეტინი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ძვლის ტვინს, წარმოქმნას მეტი წითელი უჯრედი, რათა ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადი მიეწოდოს. ეს მართლაც საოცრებაა! ამ პროცესს ათი წელი ვსწავლობდი და საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ღმერთს შეეძლო, შეექმნა ასეთი დახვეწილი სისტემა.

ბიბლიამ რა მხრივ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

ბევრი ისტორიული წიგნი და ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოები წამიკითხავს, მაგრამ ბიბლიის წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ის ყველა წიგნისგან განსხვავდებოდა. მასში ისეთი პრაქტიკული რჩევებია მოცემული, რომ შეუძლებლად მივიჩნიე, მისი ავტორი ადამიანი ყოფილიყო. იესოს პიროვნებამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დავრწმუნდი, რომ იესო რეალური პიროვნება იყო; მასაც ჩვენნაირი გრძნობები ჰქონდა და ჰყავდა მეგობრები. მაგრამ არ მინდოდა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული პუბლიკაციების კითხვა, და ჩემს კითხვებზე პასუხების მისაღებად ენციკლოპედიებისა და სხვა წიგნების გამოკვლევა დავიწყე.

რას მიაკვლიეთ?

ისტორიული წიგნები გამოვიკვლიე . . . საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ეს წინასწარმეტყველება თავის დროზე შესრულდა

სხვა მრავალ საკითხთან ერთად დამაინტერესა ბიბლიის იმ წინასწარმეტყველებამ, რომელიც იესოს ნათლობის წელს უკავშირდებოდა. ბიბლიაში ზუსტად არის მოცემული, თუ რა დრო გავიდოდა, სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წლიდან მესიის მოსვლამდე. * კვლევა-ძიება ჩემთვის უცხო არ არის, ეს ხომ ჩემი სამუშაოს ნაწილია. ამიტომ ისტორიული წიგნები გამოვიკვლიე, რომ ზუსტად გამეგო არტაქსერქსეს მეფობისა და იესოს დედამიწაზე მსახურების წლები. საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ეს წინასწარმეტყველება თავის დროზე შესრულდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ის ღვთისგან იყო შთაგონებული.

^ აბზ. 19 იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 197—199. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.