არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

ფილიპელების 4:6, 7 — „არაფერზე იზრუნოთ“

ფილიპელების 4:6, 7 — „არაფერზე იზრუნოთ“

 „ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში; ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელები 4:6, 7; ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).

ახსნა

 დარდის გასაქარვებლად და საწუხარის შესამსუბუქებლად ღვთის მსახურებს შეუძლიათ ღმერთს მიმართონ ლოცვით. შედეგად, მათ ღმერთი შინაგან სიმშვიდეს აძლევს, რაც უარყოფით ფიქრებთან თუ განცდებთან გამკლავებაში ეხმარებათ. მე-6 მუხლიდან ვიგებთ, თუ როგორი ლოცვების წყალობით ვიძენთ სულის სიმშვიდეს.

 ვედრება. ეს გულმხურვალე ლოცვაა; ერთგვარი ხვეწნა-მუდარა. ვედრებით ადამიანმა შეიძლება მაშინ მიმართოს ღმერთს, როცა იესოს მსგავსად დიდ განსაცდელს ხვდება (ებრაელები 5:7). როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანი ერთხელ ლოცვას არ სჯერდება და ღმერთს დაჟინებით სთხოვს შველას.

 სათხოვარი. ზოგჯერ ღმერთს ლოცვაში რაიმეს შევთხოვთ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის მსახურებს ყოველთვის და ყველა სიტუაციაში შეუძლიათ ღმერთს თხოვნით მიმართონ. თუმცა ერთი რამ ცხადია: ის, რასაც ღმერთს შევთხოვთ, მის ნებას უნდა შეესაბამებოდეს (1 იოანე 5:14).

 მადლიერება. ზოგჯერ ლოცვაში ღმერთს მადლობას ვუხდით იმ ყოველივეს გამო, რაც ჩვენთვის აქამდე გაუკეთებია ან რასაც სამომავლოდ გააკეთებს. როცა ვფიქრობთ იმ ყველაფერზე, რის გამოც ღვთის მადლობლები შეგვიძლია ვიყოთ, ეს გვეხმარება, დადებითი განწყობა გვქონდეს (1 თესალონიკელები 5:16—18).

 ასეთ ლოცვებზე პასუხად ღმერთი თავის მსახურებს სულის სიმშვიდეს ჰგვრის. ადამიანს „ღვთის მშვიდობა“ მაშინ ეუფლება, როცა ღმერთთან ახლო ურთიერთობა აქვს (რომაელები 15:13; ფილიპელები 4:9). ეს მშვიდობა „ნებისმიერ აზრს აღემატება“, რადგან მას უშუალოდ ღმერთი იძლევა და ჩვენთვის იმაზე დიდი დახმარების აღმოჩენა შეუძლია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

 ეს ბიბლიური მუხლი გვარწმუნებს, რომ ღვთის მშვიდობა დაიცავს ჩვენს გულს. „დაცვად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სამხედრო ტერმინი იყო და გამოიყენებოდა იმ ჯართან მიმართებით, რომელიც ქალაქს მტრისგან იცავდა. სწორედ ასე დაიცავს ღვთის მშვიდობა ჩვენს გულსა და გონებას. ის გვეხმარება, გადამეტებულად არ ვიწუხოთ და დარდმა არ გვშთანთქას.

 ღვთისგან ბოძებული მშვიდობა იმ გაგებით გვიცავს „ქრისტე იესოს მეშვეობით“, რომ სწორედ ქრისტეს მიერ მსხვერპლად გაღებული სიცოცხლის წყალობით შეგვიძლია ღმერთთან დაახლოება. თუ იესოსადმი რწმენას გამოვავლენთ, ღვთის კურთხევებით გავიხარებთ (ებრაელები 11:6). იესო გვშუამავლობს კიდეც ღმერთთან, რადგან მან თქვა: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6; 16:23).

კონტექსტი

 პავლემ ეს წერილი ქალაქ ფილიპეში a მცხოვრებ თანამორწმუნეებს მისწერა. მან მოუწოდა მათ, რომ ეხარათ და მადლობაც გადაუხადა გულუხვობისთვის, რამაც მას დიდი სიხარული მოჰგვარა (ფილიპელები 4:4, 10, 18). პავლე თავის წერილში იმასაც უსვამს ხაზს, თუ როგორ ჰგვრის ლოცვა ადამიანს სულის სიმშვიდეს და იხსენიებს იმ დადებით შედეგებსაც, რომლებიც ღვთის მშვიდობას ახლავს თან (ფილიპელები 4:8, 9).

a მდებარეობს დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე.