არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები უფლის სერობას სხვა რელიგიების მსგავსად?

რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები უფლის სერობას სხვა რელიგიების მსგავსად?

 ჩვენ ბიბლიაში ჩაწერილი მითითებისამებრ აღვნიშნავთ უფლის გახსენების საღამოს, რომელსაც აგრეთვე ეწოდება „უფლის ვახშამი“ და „უფლის სერობა“ (1 კორინთელები 11:20, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ბევრი რელიგიური მიმდინარეობის მოძღვრებები თუ წეს-ჩვეულებები არ ეთანხმება გახსენების საღამოსთან დაკავშირებულ ბიბლიაში ჩაწერილ მითითებებს.

რა მიზნით აღინიშნება გახსენების საღამო?

 უფლის გახსენების საღამოს მიზანია, გავიხსენოთ იესო და მადლიერება გამოვხატოთ იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ჩვენთვის გაიღო (მათე 20:28; 1 კორინთელები 11:24). ეს საღამო არ არის დაკავშირებული საიდუმლოებით მოცულ რიტუალთან, რომელიც ცოდვების მიტევების ნიშნად სრულდება. a როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ჩვენ ცოდვები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვეტევება, თუ რწმენას გამოვავლენთ იესოს მიმართ და არა რაიმე რელიგიური რიტუალის შესრულებით (რომაელები 3:25; 1 იოანე 2:1, 2).

რამდენჯერ უნდა აღინიშნოს გახსენების საღამო?

 იესომ მოწაფეებს დაავალა თავისი სიკვდილის საღამოს აღნიშვნა, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია, რამდენჯერ უნდა გაეკეთებინათ ეს (ლუკა 22:19). ზოგის აზრით, ეს საღამო ყოველთვიურად უნდა აღინიშნოს, ზოგის აზრით კი — ყოველკვირა, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ან იმდენჯერ, რამდენჯერაც ადამიანი ჩათვლის საჭიროდ. b თუმცა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ქვემოთ მოცემული რამდენიმე ფაქტორი.

 იესომ დააწესა თავისი გახსენების საღამო იმ დღეს, როცა ებრაელები პასექს აღნიშნავდნენ და იმავე დღეს მოკვდა (მათე 26:1, 2). ეს ნამდვილად არ იყო შემთხვევითობა. ბიბლია იესოს გაღებულ მსხვერპლს საპასექო კრავს ადარებს (1 კორინთელები 5:7, 8). პასექს წელიწადში ერთხელ აღნიშნავდნენ (გამოსვლა 12:1—6; ლევიანები 23:5). მსგავსად, პირველ საუკუნეში ქრისტიანებიც იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს წელიწადში ერთხელ აღნიშნავდნენ. იეჰოვას მოწმეებიც მათ მაგალითს მიჰყვებიან. c

როდის უნდა აღინიშნოს გახსენების საღამო?

 ნიმუში, რომელიც იესომ დატოვა, გვეხმარება, განვსაზღვროთ, ზემოთქმულის თანახმად, რამდენჯერ უნდა აღვნიშნოთ გახსენების საღამო და ზუსტად როდის უნდა აღვნიშნოთ. მან გახსენების საღამო მთვარისმიერი კალენდრის მიხედვით, ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, მზის ჩასვლის შემდეგ აღნიშნა (მათე 26:18—20, 26). ჩვენც მივყვებით ამ ნიმუშს და ყოველწლიურად, სწორედ წელიწადის ამ დროს აღვნიშნავთ გახსენების საღამოს. d

 ახ. წ. 33 წლის 14 ნისანი პარასკევი იყო, თუმცა ყოველ მომდევნო წელს ეს დღე შესაძლოა კვირის სხვა დღეს დაემთხვეს. ჩვენ იმავე მეთოდით განვსაზღვრავთ, კვირის რომელ დღეს დგება 14 ნისანი, რა მეთოდითაც იესოს დროს განსაზღვრავდნენ და ამისთვის არ ვიყენებთ თანამედროვე ებრაულ კალენდარს. e

პური და ღვინო

 გახსენების საღამოზე იესომ გამოიყენა უფუარი პური და წითელი ღვინო, რაც პასექის დღესასწაულიდან მორჩათ (მათე 26:26—28). ჩვენ მივყვებით მის მაგალითს და ვიყენებთ უფუარ პურს ყოველგვარი დანამატების გარეშე და სუფთა წითელ ღვინოს და არა ყურძნის წვენს ან ისეთ ღვინოს, რომელსაც სხვადასხვა დანამატს ურევენ.

 ზოგი რელიგიური ჩვეულების თანახმად, ამ დროს საფუვრიან პურს იყენებენ, მაგრამ ბიბლიაში საფუარი ხშირად ცოდვისა და გახრწნილების სიმბოლოდ არის გამოყენებული (ლუკა 12:1; 1 კორინთელები 5:6—8; გალატელები 5:7—9). აქედან გამომდინარე, ქრისტეს უცოდველი სხეულის შესაფერისი სიმბოლო მხოლოდ და მხოლოდ უფუარი პურია, რომელსაც არანაირი ხელოვნური დანამატი არ უნდა ჰქონდეს (1 პეტრე 2:22). კიდევ ერთი წეს-ჩვეულება, რომელიც ეწინააღმდეგება ბიბლიას, არის ის, რომ ზოგი რელიგიის მესვეურები ღვინის მაგივრად ყურძნის სუფთა წვენს იყენებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ისინი კრძალავენ ალკოჰოლის მიღებას, რასაც არანაირი ბიბლიური საფუძველი არა აქვს (1 ტიმოთე 5:23).

რა მნიშვნელობა აქვს სიმბოლოებს?

 უფუარი პური და წითელი ღვინო, რომელთაც გახსენების საღამოზე ვიყენებთ, ქრისტეს სხეულსა და სისხლს ასიმბოლოებს. ეს სიმბოლოები სასწაულებრივად არ იქცევა პირდაპირი გაგებით ხორცად და სისხლად, როგორც ეს ზოგს მიაჩნია. ვნახოთ, რა ბიბლიური საფუძველი არსებობს ამ მოსაზრების გასაბათილებლად.

  •   თუ იესომ მოწაფეებს დაავალა, მისი სისხლი დაელიათ, გამოდის, რომ მათ ღვთის კანონის დარღვევისკენ უბიძგა, რომლის თანახმადაც თავი უნდა შეეკავებინათ სისხლის მიღებისგან (დაბადება 9:4; საქმეები 15:28, 29). მაგრამ ასეთი რამ შეუძლებელია, მომხდარიყო, რადგან იესო არასოდეს მოუწოდებდა მათ სისხლის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებული კანონის დარღვევისკენ (იოანე 8:28, 29).

  •   მოწაფეებს რომ პირდაპირი გაგებით დაელიათ იესოს სისხლი, ის არ ეტყოდა მათ, რომ მისი სისხლი უნდა დაღვრილიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ჯერ არ ჰქონდა გაღებული საკუთარი სიცოცხლე (მათე 26:28).

  •   იესომ ერთხელ გაიღო მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე (ებრაელები 9:25, 26). თუმცა, თუ პური და ღვინო უფლის გახსენების საღამოზე პირდაპირი გაგებით უნდა ქცეულიყო იესოს ხორცად და სისხლად, მაშინ გამოდის, რომ ისინი, ვინც ამ სიმბოლოებს მიიღებდნენ, ამით იმას აჩვენებდნენ, რომ საჭირო იყო ქრისტეს კვლავ და კვლავ შეწირვა.

  •   იესომ თქვა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ და არა ჩემ შესაწირად (1 კორინთელები 11:24).

 ისინი, ვისაც სწამს ტრანსუბსტანციის ანუ სჯერათ, რომ პური და ღვინო ქრისტეს სისხლად გარდაიქმნება, ამ სწავლებას ბიბლიის კონკრეტულ მუხლებზე აფუძნებენ. მაგალითად, ბიბლიის ბევრი თარგმანი იესოს სიტყვებს შემდეგნაირად გადმოგვცემს: „ეს არის ჩემი სისხლი“ (მათე 26:28, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). გარდა ამისა, იესოს სიტყვები შეიძლება შემდეგნაირად ითარგმნოს: „ეს ჩემს სისხლს ნიშნავს“ ან „ეს ჩემს სისხლს წარმოადგენს“. f როგორც წესი, იესო ხშირად იყენებდა სწავლების დროს მეტაფორებს და ამ შემთხვევაშიც მსგავს მეთოდს მიმართა (მათე 13:34, 35).

ვინ იღებს სიმბოლოებს?

 როცა იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ უფლის გახსენების საღამოს, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს პურს და ღვინოს. არსებობს ამის ბიბლიური საფუძველი.

 იესომ საკუთარი სისხლის დაღვრით „ახალ შეთანხმებას“ ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც ჩაანაცვლა იეჰოვასა და ძველ ისრაელს შორის დადებული შეთანხმება (ებრაელები 8:10—13). ამიტომ მხოლოდ ისინი იღებენ სიმბოლოებს, ვისთანაც დაიდო ეს შეთანხმება, ანუ მხოლოდ ის ქრისტიანები, რომლებიც ღვთის მიერ განსაკუთრებული სახით არჩეულნი და მოწოდებულნი არიან (ებრაელები 9:15; ლუკა 22:20). ისინი ქრისტესთან ერთად იმეფებენ ზეცაში და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ადამიანთაგან მხოლოდ 144000-ს ერგება წილად ეს პატივი (ლუკა 22:28—30; გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3).

 „მცირე სამწყსოსგან“ განსხვავებით, ვინც ქრისტესთან ერთად უნდა იმეფოს, ჩვენგან უმრავლესობას გვაქვს იმედი, რომ იმ „უამრავ ხალხს“ შორის ვიქნებით, რომლებიც მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (ლუკა 12:32; გამოცხადება 7:9, 10). მართალია, ჩვენ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს, არ ვიღებთ სიმბოლოებს გახსენების საღამოზე, მაგრამ მადლიერებას გამოვხატავთ იესოს მიერ ჩვენთვის გაღებული მსხვერპლისთვის (1 იოანე 2:2).

a მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: «სიტყვა „საიდუმლოება“ „ახალ აღთქმაში“ საერთოდ არ არის გამოყენებული და არც ბერძნული სიტყვა მისტერიონ გამოიყენება ნათლობასთან, უფლის ვახშამთან თუ სხვა მსგავს რიტუალთან მიმართებით» (ტომი 9, გვერდი 212).

b ბიბლიის ზოგი თარგმანი უფლის გახსენების საღამოსთან მიმართებით იყენებს ისეთ ფრაზას, როგორიცაა „იმდენჯერ რამდენჯერაც“; ამიტომ ამ სიტყვებს ისე იგებენ, თითქოს გახსენების საღამო წელიწადში არაერთხელ უნდა აღინიშნოს. მაგრამ სინამდვილეში დედნისეულ ენაზე ეს ფრაზა კონტექსტიდან გამომდინარე ნიშნავს „როცა“ ან „ყოველთვის“ (1 კორინთელები 11:25, 26).

c იხილეთ The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge, ტომი 4, გვერდები 43, 44 და მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედია, ტომი 8, გვერდი 836.

d იხილეთ The New Cambridge History of the Bible, ტომი 1, გვერდი 841.

e თანამედროვე ებრაული კალენდრის მიხედვით, ნისანის თვე იწყება ასტრონომიული ახალმთვარობიდან, მაგრამ ამ მეთოდით კალენდარული თვეების ათვლა არ ხდებოდა პირველ საუკუნეში. ნაცვლად ამისა, თვე იწყებოდა მას შემდეგ, რაც იერუსალიმში გამოჩნდებოდა ახალი მთვარე, რომელიც შესაძლოა ასტრონომიული ახალმთვარობიდან ერთი ან რამდენიმე დღით გვიან დგებოდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის დღე, როცა იეჰოვას მოწმეები გახსენების საღამოს აღნიშნავენ, არ ემთხვევა პასექის დღეს, რომელსაც დღეს ებრაელები ზეიმობენ.

f იხილეთ ჯეიმზ მოფატის თარგმანი (A New Translation of the Bible). ჩარლზ უილიამის თარგმანი (The New Testament — A Translation in the Language of the People); და The Original New Testament, by Hugh J. Schonfield.