არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

2. ბიბლია გვეხმარება, გადავჭრათ პრობლემები

2. ბიბლია გვეხმარება, გადავჭრათ პრობლემები

ზოგი პრობლემა წლების მანძილზე პრობლემად რჩება. ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ სირთულის წინაშე ვდგავართ, სანამ ის მწვავე ხასიათს არ მიიღებს. შეუძლია ბიბლიას ერთი შეხედვით მოუგვარებელი და გულისგამტეხი პრობლემების გადასაჭრელად საჭირო სიბრძნე მოგვცეს? ამას ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიდან დავინახავთ.

გადამეტებული წუხილი

როუზი იხსენებს: „ზოგჯერ რაღაცაზე გაუთავებლად ვწუხდი. ყველაფერს შავბნელ ფერებში წარმოვისახავდი“. რომელი ბიბლიური მუხლები დაეხმარა მას? ერთ-ერთი იყო მათეს 6:34: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“. როუზი ამბობს, რომ სწორედ ეს რჩევა დაეხმარა მას, ხვალინდელზე აღარ ენერვიულა. ის დასძენს: „ისედაც საკმარისად მქონდა პრობლემები. რატომ უნდა დამეწყო იმაზე წუხილი, რაც ჯერ არ მომხდარა და შეიძლება არც არასოდეს მომხდარიყო?!“.

ჟასმინიც საწუხარმა შთანთქა. ის იხსენებს: „კვირების მანძილზე არაერთხელ მიტირია და ღამით ძილი გამკრთომია. უარყოფითი ფიქრები შინაგანად მანადგურებდა“. რომელი ბიბლიური მუხლი დაეხმარა მას? 1 პეტრე 5:7, სადაც წერია: „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“. ჟასმინი ამბობს: „გამუდმებით მივმართავდი იეჰოვას ლოცვით და, რაც დრო გადიოდა, ვხედავდი, როგორ მპასუხობდა ის. თითქოს დიდი ტვირთი ჩამოვიხსენი მხრებიდან. დროდადრო უარყოფითი ფიქრები მეძალება, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვერიო“.

საქმის ბოლო წუთამდე გადადება

ახალგაზრდა ქალი იზაბელი ამბობს: „ვფიქრობდი, რომ მედღეხვალიობა გენეტიკურად გადმომეცა, რადგან მამაჩემიც ასეთია. ნაცვლად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დროულად გამეკეთებინა, ვისვენებდი ან ტელევიზორს ვუყურებდი. ეს ძალიან მავნე ჩვევაა, რადგან სტრესიც გიორმაგდება და საქმესაც ხარისხიანად ვერ ასრულებ“. იზაბელს დაეხმარა 2 ტიმოთეს 2:15-ში მოცემული პრინციპი: „ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს“. ეს ახალგაზრდა ქალი დასძენს: „არ მინდოდა, რომ ბოლო წუთს უხარისხოდ გაკეთებული საქმის გამო იეჰოვას შემარცხვენელი ვყოფილიყავი“. იზაბელმა მოიშორა ეს ჩვევა და დიდი ცვლილებები მოახდინა საკუთარ თავში.

კელსისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა. ის ამბობს: „საქმეს ბოლო წუთამდე ვდებდი ხოლმე. მერე ისე ვიძაბებოდი, რომ ვტიროდი, ღამეებს თეთრად ვათენებდი და ვშფოთავდი. ამას ცუდის მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის“. კელსის იგავების 13:16-ში ჩაწერილი სიტყვები დაეხმარა: „წინდახედული ცოდნით იმოქმედებს, უგუნური კი სისულელეს გაავრცელებს“. ის გვიზიარებს, რა ისწავლა ამ მუხლზე დაფიქრების შედეგად: „გონივრულია, საკითხებს პრაქტიკულად მიუდგე და წინდაწინ დაგეგმო ყველაფერი. ახლა სამუშაო მაგიდაზე მიდევს დღიური, სადაც სამომავლოდ შესასრულებელ საქმეებს ვიწერ ხოლმე. ეს მეხმარება, ყველაფერი წინასწარ დავგეგმო და საქმე ბოლო წუთამდე არ გადავდო“.

მარტოობის გრძნობა

„ქმარმა მიმატოვა; მარტო დავრჩი ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად“, — ყვება კრისტინა. მას დაეხმარა იგავების 17:17-ში ჩაწერილი პრინციპი: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“. კრისტინა იეჰოვას მოწმეა, ამიტომ შვება რომ ეპოვა, თანამორწმუნეებს დაუახლოვდა. ის იხსენებს: „მეგობრები თავს მევლებოდნენ. ზოგი კარებთან პროდუქტებს და ყვავილებს მიტოვებდა. სამჯერ მოგვიწია ბინის გამოცვლა და სამჯერვე მეგობრების მთელი არმია მოვიდა მე და ჩემი შვილების დასახმარებლად. ერთ-ერთმა სამსახურიც მაშოვნინა. ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ“.

წინა სტატიებში მოხსენიებულ დორისსაც მარტოობის გრძნობა ტანჯავდა. ის გვიზიარებს, თუ რას განიცდიდა: „თითქოს ძილ-ბურანში ვიყავი. მარტოსულად ვგრძნობდი თავს“. ერთ-ერთი მუხლი, რომელიც მას დაეხმარა, ფსალმუნის 68:6 იყო, სადაც ვკითხულობთ: „მარტოხელებს ღმერთი სახლში დაამკვიდრებს“. დორისი ამბობს: «ვიცოდი, რომ ამ მუხლში მხოლოდ პირდაპირი გაგებით სახლი არ იგულისხმება. ღმერთი დღეს სულიერ თავშესაფარს გვთავაზობს, სადაც უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს, ნამდვილ მეგობრებს ვიძენთ და ძლიერ გვიყვარდება ისინი, ვისაც იეჰოვა უყვარს. თუმცა ერთ რამეს მივხვდი: სხვებთან ახლო ურთიერთობა რომ მქონოდა, ჯერ იეჰოვას უნდა დავახლოებოდი. ამაში კი ფსალმუნის 37:4 დამეხმარა: „იეჰოვაში პოვე ნეტარება და ის შეგისრულებს გულის წადილს“.

ისიც დავინახე, რომ იეჰოვასთვის უფრო მაგრად უნდა ჩამეჭიდა ხელი. ის ყველაზე კარგი მეგობარია. შევადგინე იმ საქმეების სია, რომლებიც სხვებთან ერთად შემეძლო მეკეთებინა, რათა დავახლოებოდი მათ, ვისაც ჩემნაირი ფასეულობები ჰქონდა. ვისწავლე, კარგი დამენახა სხვებში და ყურადღება არ მიმექცია მათი ნაკლოვანებებისთვის».

ცხადია, ღვთის მსახურებიც არასრულყოფილები არიან. იეჰოვას მოწმეებსაც ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც სხვებს. მაგრამ ბიბლიიდან მიღებული ცოდნა აღძრავს მათ, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მოყვასს. ასეთი მეგობრების ყოლა მართლაც გონივრულია! მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ ქრონიკული ავადმყოფობა გვტანჯავს ან საყვარელი ადამიანი გამოგვეცალა ხელიდან? დაგვეხმარება ბიბლია ისეთ სირთულეებთან გამკლავებაში, რომელთა გადაჭრაც დღეს შეუძლებელია?

ბიბლიური რჩევების გათვალისწინება ნამდვილი მეგობრების შეძენაში დაგეხმარებათ