არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1. ბიბლია გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ პრობლემები

1. ბიბლია გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ პრობლემები

ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევები ღვთივშთაგონებულია და „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად“, როგორც ამას თავად ბიბლია ამბობს (2 ტიმოთე 3:16). შეესაბამება ეს სიმართლეს? ვნახოთ, როგორ დაეხმარა ბიბლიური სიბრძნე ზოგს, თავიდან აერიდებინა არაერთი სერიოზული პრობლემა, სანამ ისინი მწვავე ხასიათს მიიღებდა.

გადამეტებული სმა

წინა სტატიაში მოხსენიებული დორისი თავს დატეხილი უბედურებების გამო შვებას სასმელში ეძებდა. ბიბლია არ განსჯის ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევას, თუმცა გვირჩევს: „ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს“ (იგავები 23:20). როგორც ვიცით, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, ბზარს უჩენს და ძირს უთხრის ურთიერთობებს; ამასთანავე, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს. ბევრი ასეთი პრობლემის თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი, თუ ადამიანები ბიბლიის ბრძნულ რჩევას გაითვალისწინებდნენ.

დორისი სწორედ ასე მოიქცა. ის ამბობს: «მივხვდი, რომ ალკოჰოლი პრობლემებისგან თავის დაღწევაში ნამდვილად ვერ დამეხმარებოდა. გავითვალისწინე ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი გონივრული რჩევა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ . . . აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“. ყოველღამე, როცა მშფოთვარე ფიქრები მომეძალებოდა და ნაღველი შემომაწვებოდა, იეჰოვას ვუღვრიდი გულს. ყველაფერს ვეუბნებოდი, რასაც ვგრძნობდი. როცა გაბრაზებული, გულნატკენი და სასოწარკვეთილი ვიყავი, ვეხვეწებოდი მას, უარყოფითი გრძნობებისგან გათავისუფლებაში დამხმარებოდა. დილაობით ყველანაირად ვცდილობდი, დადებითი განწყობა შემენარჩუნებინა. ეს მეხმარებოდა, იმაზე მეფიქრა, რაც მქონდა და არა იმაზე, რაც დავკარგე. გადავწყვიტე, ერთი წვეთიც აღარ დამელია. ისეთი სიმშვიდე დამეუფლა, რომ არაფრის დიდებით არ მინდოდა მისი დაკარგვა».

სექსუალური უზნეობა

ცოტა რამ თუ იწვევს ისეთ ძლიერ ემოციურ ტკივილს და ტანჯვას, როგორსაც სექსუალური უზნეობა. მაგრამ ბიბლია გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ასეთი პრობლემები, რადგან მასში ჩაწერილი პრინციპები პირდაპირ მიგვითითებს, რას მიჰყავს ადამიანი სექსუალურ უზნეობამდე — ეს შეიძლება იყოს ფლირტი და პორნოგრაფიის ყურება. ერთი ახალგაზრდა, სემი, ამბობს: „ფლირტის დაწყება ძალიან ადვილი იყო. ზოგი გოგო საერთოდ არ მიზიდავდა, მაგრამ როცა ვამჩნევდი, რომ ვინმეს მოვწონდი, სურვილი მიჩნდებოდა, მასთან ფლირტი გამება“. სემს მაშინაც კი ადანაშაულებდნენ ფლირტში, როცა სინამდვილეში ასე არ იქცეოდა. ამიტომ უფრო შორს შეტოპა და გადაწყვიტა, არც ერთ გოგოსთან არ გაეშვა შანსი ხელიდან. მაგრამ მოგვიანებით სინდისმა შეაწუხა და მიხვდა, რომ ეს უწყინარი გართობა არ იყო, რადგან მასში ეგოისტურ სურვილებს აღვივებდა.

სემმა წაიკითხა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ერთი სტატია ვებ-გვერდზე jw.org. მან აგრეთვე კარგად გააანალიზა იგავების 20:11, სადაც ნათქვამია: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“. როგორ დაეხმარა მას ეს მუხლი? სემი მიხვდა, რომ ჩვევა, რომელიც მას ჰქონდა, უწმინდური და მიუღებელი იყო. ის ამბობს: „ისიც დავინახე, რომ ახალგაზრდას, რომელიც ფლირტით ერთობა, ისეთი თვისებები უვითარდება, რომ ნამდვილად ვერ იქნება კარგი მეუღლე. დავფიქრდი, რას იგრძნობდა ჩემი მომავალი მეუღლე, თუ სხვა ქალთან მოფლირტავეს დამინახავდა. ამან იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ეს უწყინარი ჩვევა არ იყო. შეიძლება ამის გაკეთება ადვილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სწორი საქციელია“. სემმა მოიშორა ეს ჩვევა, რაც მას დაეხმარა, არ გაბმულიყო უზნეობის მახეში.

ანტონიოს მდგომარეობა უფრო საგანგაშო იყო — ის პორნოგრაფიის ტყვეობაში აღმოჩნდა. მართალია, იგი დაქორწინებული იყო და თავისი მეუღლეც უზომოდ უყვარდა, მაგრამ ვერა და ვერ დაანება თავი ამ ცუდ ჩვევას. ანტონიო ამბობს, რომ 1 პეტრეს 5:8-ში ჩაწერილ სიტყვებზე დაფიქრება ძალიან დაეხმარა. ამ მუხლში ვკითხულობთ: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“. ის დასძენს: „ეროტიკული სურათები ყველგანაა და ისინი ღრმად გებეჭდება გონებაში. ამ მუხლმა დამანახვა, სინამდვილეში ვინ იდგა ცდუნების მიღმა. ვისწავლე, რომ მსგავსი უხამსობის დანახვისთანავე გამეხსენებინა, რა საძულველი პიროვნება იყო ამ ყველაფრის ავტორი. ახლა ვიცი, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია დამეხმაროს, ფხიზლად ვიყო და არ ავყვე ცდუნებას, რაც გულსა და გონებას გამირყვნის და ძირს გამოუთხრის ჩემს ქორწინებას“. ანტონიოს საჭირო დახმარება აღმოუჩინეს, რის წყალობითაც ეს ცუდი ჩვევა საბოლოოდ დასძლია. ეს კი დაეხმარა მას, თავიდან აერიდებინა ზედმეტი თავის ტკივილი.

ბიბლია მართლაც პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს, რომლებიც გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ სერიოზული პრობლემები. მაგრამ აღმოგვიჩენს კი ბიბლია დახმარებას, თუ პრობლემამ მწვავე ხასიათი მიიღო და მისი გადაჭრა შეუძლებელი ჩანს? ვნახოთ, როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვა ასეთ ურთულეს მდგომარეობაში.

ბიბლიის რჩევები გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ არაერთი პრობლემა