არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სახელი სუაჰილურ ენაზე

ღვთის სახელი სუაჰილურ ენაზე

მრავალს სიტყვა „სუაჰილის“ გაგონებაზე მტაცებლებით სავსე აფრიკული სავანა წარმოუდგება თვალწინ. მაგრამ ეს სიტყვა უფრო მრავლისმომცველია და იმ ხალხებსა და კულტურებს მოიაზრებს, რომლებიც სუაჰილურ ენაზე ლაპარაკობენ.

სუაჰილურ ენაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკის, სულ მცირე, 12 ქვეყანაში საშუალოდ 100 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს. * ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კენია, ტანზანია და უგანდა, ეს ენა სახელმწიფო ენადაა გამოცხადებული. სწორედ სუაჰილური ენა უადვილებს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებთ ერთმანეთთან ურთიერთობას, იქნება ეს სავაჭრო თუ სხვა მიზნით.

სუაჰილურმა ენამ მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი აღმოსავლეთ აფრიკის ხალხების გაერთიანებას. მაგალითად, მხოლოდ ტანზანიაში, სულ მცირე, 114 ენაა, რომლებზეც სხვადასხვა ტომები ლაპარაკობენ. საკმარისია თქვენს სახლს, სულ რაღაც, 40—80 კილომეტრით გასცდეთ, რომ სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდებით, სადაც თქვენთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთ ენაზე მხოლოდ რამდენიმე პატარა სოფელში საუბრობენ. როგორ ახერხებენ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას? ადვილი მისახვედრია, თუ რამხელა სამსახურს უწევს სუაჰილური ენა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს.

სუაჰილური ენის განვითარების ისტორია

ლინგვისტთა აზრით, სუაჰილურ ენაზე X საუკუნიდან ლაპარაკობენ, დამწერლობა კი ამ ენას XVI საუკუნიდან აქვს. ვინც სუაჰილური ენის შესწავლას იწყებს, მალე ხვდება, რომ ბევრი სიტყვა არაბულს ჰგავს. მართლაც სიტყვათა ლექსიკური მარაგის 20 პროცენტი არაბული წარმოშობისაა, ხოლო სიტყვათა უმეტესობა აფრიკული ენებიდანაა აღებული. გასაკვირი არ არის, რატომ იყენებდნენ საუკუნეების მანძილზე სუაჰილური ენისთვის არაბულ დამწერლობას.

დღეს ამ ენაზე ლათინური შრიფტით წერენ. რამ განაპირობა ეს ცვლილება? ამის მიზეზი ახლო წარსულში უნდა ვეძებოთ, როცა XIX საუკუნის შუა პერიოდში აღმოსავლეთ აფრიკაში პირველი ევროპელი მისიონერები ჩავიდნენ ადგილობრივთათვის ბიბლიური ცნობის საქადაგებლად.

ღვთის სიტყვა აღმოსავლეთ აფრიკამდე აღწევს

1499 წელს პორტუგალიელმა მისიონერებმა პირველად იქადაგეს კათოლიციზმი აღმოსავლეთ აფრიკაში, კერძოდ ზანზიბარში. ეს მისიონერები აქ ვასკო და გამას ისტორიული ექსპედიციის წყალობით მოხვდნენ. მაგრამ ადგილობრივმა ხალხმა პორტუგალიური ენა და ეგრეთ წოდებული ქრისტიანობა ვერ იგუა და 200-წლიანი დავიდარაბის შემდეგ გამოაძევა.

კიდევ 150 წელი იქნებოდა საჭირო, რომ ღვთის სიტყვას ხელმეორედ გაეკვლია გზა აღმოსავლეთ აფრიკისკენ. ეს არცთუ ისე ადვილი მისია გერმანელმა მისიონერმა, იოჰან ლუდვიგ კრაპფმა, ითავა. როდესაც 1844 წელს ის მომბასაში (კენია) ჩავიდა, აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროზე ისლამი დომინირებდა, მაშინ როცა ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე გაფანტული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ ტრადიციულ ანიმისტურ ადათ-წესებს მიჰყვებოდა. კრაპფს კარგად ესმოდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ბიბლია ყველასთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი.

კრაპფს დრო არ დაუკარგავს და ჩასვლისთანავე შეუდგა სუაჰილის შესწავლას. მალევე, 1844 წლის ივნისში, იგი საკმაოდ რთულ დავალებას შეეჭიდა და ბიბლიის თარგმნა დაიწყო. სამწუხაროდ, ერთ თვეში სიკვდილმა ხელიდან გამოაცალა ცოლი, რომელიც ორი წლის მოყვანილი ჰყავდა, და პატარა გოგონა. ასეთი დიდი ტრაგედიის მიუხედავად, მან მაინც განაგრძო ბიბლიის თარგმნა. 1847 წელს წიგნ „დაბადების“ პირველი სამი თავი გამოიცა და ეს იყო პირველი ნაბეჭდი ტექსტი სუაჰილურ ენაზე.

კრაპფი იყო პირველი, რომელმაც სუაჰილური ენისთვის არაბულის ნაცვლად ლათინური შრიფტი გამოიყენა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან უარი თქვა არაბული შრიფტის გამოყენებაზე, ის იყო, რომ „არაბული ანბანი მორიგ სირთულეს შეუქმნიდა ევროპელებს“, რომლებიც მოგვიანებით სუაჰილის სწავლას შეეცდებოდნენ. მეორე მხრივ, „ლათინური ანბანის ცოდნა ადგილობრივთ ევროპული ენების შესწავლას გაუადვილებდა“. არაბული შრიფტი გამოიყენებოდა წლების მანძილზე; ბიბლიის გარკვეული მონაკვეთებიც უკვე დაბეჭდილი იყო ამ შრიფტით. მაგრამ ლათინური შრიფტის წყალობით ბევრს გაუადვილდებოდა სუაჰილის შესწავლა. უეჭველია, ბევრ მისიონერსა თუ სუაჰილური ენის შესწავლის მსურველს ძალიან გაუხარდებოდა ეს ცვლილება.

გარდა იმისა, რომ კრაპფმა პირველმა დაიწყო ღვთის სიტყვის თარგმნა სუაჰილურ ენაზე, მან საფუძველი მოუმზადა სხვა მთარგმნელებსაც. კრაპფმა შექმნა სუაჰილური ენის პირველი გრამატიკული სახელმძღვანელო და ლექსიკონი.

ღვთის სახელი სუაჰილურ ენაზე

წიგნ „დაბადების“ სამ თავში, რომელიც სუაჰილურ ენაზე გამოიცა, ღვთის სახელი გადმოტანილი იყო, როგორც „ყოვლისშემძლე ღმერთი“. მაგრამ XIX საუკუნის მიწურულს კიდევ რამდენიმე მამაკაცი ჩავიდა აღმოსავლეთ აფრიკაში, რომლებმაც მთლიანი ბიბლია თარგმნეს სუაჰილურ ენაზე. მათ შორის იყვნენ იოჰან რებმანი, უილიამ ტეილორი, ჰარი ბინზი, ედვარდ სტირი, ფრანსის ჰოჯსონი და არტურ მადანი.

აღსანიშნავია, რომ ამ მთარგმნელებიდან ზოგმა გამოიყენა ღვთის სახელი არა მარტო რამდენიმე ადგილას, არამედ მთელ ებრაულ წერილებში! ვინც ზანზიბარში თარგმნიდა ბიბლიას, თავიანთ თარგმანში ღვთის სახელი „იაჰუვად“ გადმოიტანეს, ხოლო ვინც მომბასაში თარგმნიდა — „იეჰოვად“.

1895 წლისთვის სუაჰილურ ენაზე მთელი ბიბლია ითარგმნა. მომდევნო ათწლეულების მანძილზე არაერთი თარგმანი გაკეთდა, თუმცა ისინი მცირე ტირაჟით გამოიცა. XX საუკუნის გარიჟრაჟზე ლინგვისტებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ აღმოსავლეთ აფრიკაში სუაჰილური ენის სალიტერატურო ნორმები დაედგინათ. ამის შედეგად 1952 წელს გამოიცა ბიბლიის ახალი თარგმანი (Swahili Union Version). იქ, ძირითადად, სწორედ ამ თარგმანს იყენებდნენ. ვინაიდან ამ თარგმანში ღვთის სახელი „იეჰოვად“ იყო გადმოტანილი, ყველაზე ფართო აღიარება სახელის სწორედ ამ ფორმამ პოვა.

სამწუხაროდ, რადგან თავდაპირველი თარგმანები აღარ იბეჭდებოდა, ღვთის სახელიც დავიწყებას მიეცა. ზოგ თანამედროვე თარგმანში ეს სახელი სრულიად ამოიღეს, ზოგში კი მხოლოდ რამდენიმე ადგილას დატოვეს. მაგალითად, ზემოხსენებულ თარგმანში (Swahili Union Version ) ღვთის სახელი 15-ჯერ იყო მოხსენიებული, 2006 წლის რედაქტირებულ გამოცემაში კი — მხოლოდ 11-ჯერ. *

მართალია, ამ თარგმანში ბევრგანაა გამოტოვებული ღვთის სახელი, მაინც მნიშვნელოვან თარგმანად ითვლება. წინასიტყვაობაში ნათლად წერია, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა. ეს ეხმარება ჭეშმარიტებას მოწყურებულ ხალხს, გაიგონ ჩვენი ზეციერი მამის სახელი თავიანთი ბიბლიებიდან.

მაგრამ ამით არ მთავრდება ეს ისტორია. 1996 წელს სუაჰილურ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოიცა. ეს იყო ამ ენაზე შესრულებული პირველი თარგმანი, სადაც ბერძნულ წერილებში, წიგნ „მათედან“ მოყოლებული „გამოცხადების“ ჩათვლით, იეჰოვას სახელი 237 ადგილას იყო აღდგენილი. 2003 წელს კი სუაჰილურ ენაზე მთელი ბიბლია გამოიცა, რომელსაც ჰქვია „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. დღესდღეობით ამ თარგმანის 900 000 ეგზემპლარია გამოცემული სუაჰილურ ენაზე.

დღეს ღვთის სახელი უწინდებურად აღარ არის ჩანაცვლებული ტიტულებითა და წოდებებით და არც მხოლოდ წინასიტყვაობაშია გატანილი განმარტების სახით. როცა გულწრფელი ადამიანები გადაშლიან „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ სუაჰილურ ენაზე და წაიკითხავენ ღვთის სახელს, რომელიც 7 000-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული, კიდევ უფრო დაუახლოვდებიან იეჰოვას.

ეს თანამედროვე ენაზე შესრულებული თარგმანი გასაგები და სუაჰილურ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის ადვილად ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ აფრიკაში. გარდა ამისა, შეცდომები, რომლებიც დაშვებული იყო ბევრ სხვა თარგმანში, ამ თარგმანში ჩასწორებულია. ასე რომ, მკითხველს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ კითხულობს „ზუსტი სიტყვებით“ დაწერილ ჭეშმარიტებას, რამეთუ მათი ავტორი ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთია (ეკლესიასტე 12:10).

ბევრი მადლიერია, რომ სუაჰილურ ენაზე არსებობს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. 21 წლის ვისენტი, რომელიც სრული დროით ემსახურება იეჰოვას, ამბობს: «ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ენაზე გამოიცა ადვილად გასაგები „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, სადაც იეჰოვას სახელი ყველა იმ ადგილასაა აღდგენილი, საიდანაც ამოიღეს». ამ ახალმა თარგმანმა სამშვილიან დედას, ფრიდას, ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის ახსნა გაუადვილა.

150-ზე მეტი წლის წინათ, როცა სუაჰილურ ენაზე ბიბლიის პირველმა ფურცლებმა იხილა მზის შუქი, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ ენაზე ბიბლიის მთლიანი თარგმანი გახდებოდა ხელმისაწვდომი. იესომ თქვა, რომ მამის სახელი გაუცხადა ადამიანებს (იოანე 17:6). დღეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წყალობით ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში სუაჰილურ ენაზე მოლაპარაკე 76 000 იეჰოვას მოწმე ყველას ამცნობს იეჰოვას სახელს.

^ აბზ. 3 ამ ქვეყნებში გავრცელებულია სუაჰილური ენის სხვადასხვა დიალექტი.

^ აბზ. 18 ღვთის სახელი მოხსენიებულია შემდეგ მუხლებში: დაბადება 22:14; გამოსვლა 6:2—8 (ორჯერ); 17:15 (როგორც „იაჰვე“); მსაჯულები 6:24; ფსალმუნი 68:20; 83:18; ესაია 12:2; 26:4; 49:14; იერემია 16:21.