არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საქართველო

მათ ახსოვთ თავიანთი დიდებული შემოქმედი

მათ ახსოვთ თავიანთი დიდებული შემოქმედი

ამ წიგნის ფურცლებიდან უკვე ბევრი ახალგაზრდის ისტორიას გაეცანით, რომელთაც ახსოვთ თავიანთი დიდებული შემოქმედი (ეკლ. 12:1). აღსანიშნავია, რომ საქართველოში 3 197 პიონერიდან ყოველი მესამე 25 წლისაა ან ნაკლების. რისი დამსახურებაა, რომ ამ ქვეყანაში ამდენ ახალგაზრდას მყარად აქვს ფესვი გადგმული ჭეშმარიტებაში?

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. კონსტანტინე, რომლის ხუთივე შვილი იეჰოვას ემსახურება, აღნიშნავს: „როცა ჭეშმარიტება გავიგე, დავინახე, რომ იეჰოვა მოსიყვარულე მამაა. სწორედ ამან მიმიზიდა მისკენ. თავად რომ გავხდი მამა, ვცდილობდი, იეჰოვასთვის მიმებაძა და ბავშვებთან თბილი, ახლო ურთიერთობა მქონოდა“.

მალხაზი და მისი მეუღლე, რომლებსაც სამი შვილი ჰყავთ, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შვილებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. მალხაზი ამბობს: „დროდადრო შვილებს ვთხოვთ, იფიქრონ, რას აფასებენ ჩვენში და ერთმანეთში. შემდეგ ვახალისებთ, თავიანთი აზრები ოჯახური თაყვანისცემის დროს გაგვიზიარონ. შედეგად, ისინი სხვებში კარგის დანახვას და მათ დაფასებას სწავლობენ“.

„ახლა აზრიანი ცხოვრება მაქვს!“

უხუცესები მშობლებს შვილების ღვთისმოსაწონად აღზრდაში რომ დაეხმარონ, ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, პატარებიც ჩააბან კრების საქმიანობაში. ნესტორი, რომელიც 11 წლის ასაკში მოინათლა, ამბობს: „უხუცესები პატარაობიდანვე მაძლევდნენ დავალებებს, რაც დამეხმარა, თავი კრების ნაწილად მეგრძნო“.

და-ძმების კარგი მაგალითი და უხუცესების მხარდაჭერა მართლაც დიდი სტიმულის მომცემია. ნესტორის ძმა კობა გვიამბობს: „ჩემი და-ძმებისგან განსხვავებით, მოზარდობისას ცუდ გზას დავადექი. კრებაში ერთი ახალგაზრდა უხუცესი ყოველთვის კარგ მაგალითს მაძლევდა; ის ცდილობდა, გაეგო ჩემთვის და არ განვესაჯე. შეიძლება ითქვას, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ იეჰოვას დავუბრუნდი“.

დღეს ნესტორი და კობა თავიანთ დასთან, მარისთან ერთად მსახურობენ დაშორებულ ტერიტორიაზე. კობა ამბობს: „ახლა აზრიანი ცხოვრება მაქვს!“.

„ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“

ფილიალი ცდილობს, ხელი შეუწყოს მშობლებს, რომ შვილები იეჰოვას ერთგულ მსახურებად აღზარდონ. ამიტომ ხშირად ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევენ, სხვადასხვა თეოკრატიულ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. ფილიალის კომიტეტის ერთი წევრი ამბობს: „ძალიან ვაფასებთ ჩვენს ახალგაზრდა და-ძმებს და ვცდილობთ, სულიერი მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ“.

ადგილობრივი მოწმეები საერთაშორისო მსახურებთან ერთად (თბილისის საკონგრესო დარბაზის მშენებლობა)

ბევრი ახალგაზრდისთვის დაუვიწყარი იყო მოწიფულ ქრისტიანებთან თანამშრომლობა. მამუკა, რომელიც საერთაშორისო მსახურების მხარდამხარ შრომობდა თბილისის საკონგრესო დარბაზის მშენებლობაზე, აღნიშნავს: „ბევრი რამე ვისწავლე გამოცდილი და-ძმებისგან. ასეთი პროექტების დროს სხვადასხვა ხელობას დავეუფლე და სულიერადაც გავიზარდე“.

როგორც დავინახეთ, მტკიცე ოჯახური კვანძები, და-ძმების კარგი მაგალითი და უხუცესების მხარდაჭერა მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს საქართველოში ახალგაზრდების სულიერ წინსვლას. მათი მშობლები იმავეს გრძნობენ, რასაც მოციქული იოანე: „არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4).

მთარგმნელობითი საქმიანობა წინ მიიწევს

2013 წელს ფილიალებმა ხელმძღვანელი საბჭოსგან მითითება მიიღეს, რომლის თანახმადაც უნდა დაედგინათ, საჭიროებდნენ თუ არა პუბლიკაციებს მათ ქვეყანაში გავრცელებულ სხვა ენებზეც. ამ მითითების მიზანი ის იყო, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოესმინა სასიხარულო ცნობა.

ამიტომ საქართველოს ფილიალმა გადაწყვიტა, რამდენიმე პუბლიკაცია ეთარგმნა სვანურ და მეგრულ ენებზე. ეს ენები ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ამიტომ ზოგი მათ ქართული ენის დიალექტებად მიიჩნევს.

პიონერებმა, რომლებიც სვანეთის რეგიონში მსახურობენ, მოგვწერეს: „სვანეთში ხალხი აფასებს ბიბლიას და ინტერესდება სულიერი საკითხებით. მშობლიურ სვანურზე ნათარგმნი პუბლიკაციები მათაც კი დაიტოვეს, ვინც თავიდან უარობდა ლიტერატურის აღებას“.

მეგრულად მოლაპარაკე ბევრი მაუწყებლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კრების შეხვედრების ჩატარება მშობლიურ მეგრულზე დაიწყეს. ახალგაზრდა პიონერი ძმა, სახელად გიგა, ამბობს: „კრებაზე ახლა უკვე საკუთარი სიტყვებით შემიძლია გამოვხატო სათქმელი. აღარ მიწევს კომენტარის გაკეთებამდე გონებაში აზრების გადათარგმნა“.

ზური, რომელიც სოფელ ტყაიას მეგრულენოვან კრებაში უხუცესად მსახურობს, გვიყვება: „ცხოვრებაში სიხარულიც ბევრჯერ განმიცდია და ტკივილიც, თუმცა არასდროს მიტირია. მაგრამ, როცა კრების შეხვედრაზე მეგრულ ენაზე პირველად ვიმღერეთ ჩვენი სიმღერა, დარბაზში ყველა აცრემლდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მეც კი ავტირდი“.

დაუვიწყარი დღე

2013 წლის 6 აპრილი საქართველოში მცხოვრები და-ძმებისთვის დაუვიწყარი იყო. ამ ღირსშესანიშნავ დღეს მათ ფილიალის ახალაშენებული და ახალგარემონტებული შენობები, საკონგრესო დარბაზი და ბიბლიური სკოლებისთვის განკუთვნილი შენობები იეჰოვას მიუძღვნეს. მიძღვნის მოხსენება ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა დეივიდ სპლეინმა წარმოთქვა. ადგილობრივმა მოწმეებმა 24 ქვეყნიდან ჩასულ 338 დელეგატს არა მხოლოდ საკუთარი სახლის, არამედ გულის კარიც გაუღეს.

მომდევნო დღეს ძმა დეივიდ სპლეინი აუდიტორიის წინაშე წარდგა სპეციალური მოხსენებით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სამეფო დარბაზებში შეკრებილმა 15 200-მა ადამიანმა აუდიო და ვიდეოტრანსლაციის მეშვეობით მოისმინა. საქართველოში იეჰოვას მოწმეების ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება იყო. და-ძმები ერთმანეთს ამხნევებდნენ და თავიანთ სიხარულს უზიარებდნენ. ერთმა ახალგაზრდა ძმამ ასეთი სიტყვები თქვა: „ახლა ნამდვილად ვიცი, როგორი იქნება ახალი ქვეყნიერება!“.

ფილიალის მიძღვნა (თბილისი, 2013 წ.)

ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის, რომელსაც დღეს სამეფოს მახარობელთა სკოლა ეწოდება, ნამდვილი კურთხევა აღმოჩნდა საქართველოში მცხოვრები მოწმეებისთვის. 2013 წლიდან მოყოლებული ამ სკოლაში 400-ზე მეტმა და-ძმამ ისწავლა. მადლიერებით გულსავსე სტუდენტები მზად არიან, იმსახურონ იქ, სადაც ამის საჭიროებაა.

ვისწრაფვით იმისკენ, რაც წინ არის

საქართველოში პირველი მქადაგებლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად სასიხარულო ცნობა მთელ ქვეყანაში გავრცელდა. იეჰოვამ უხვად აკურთხა ის და-ძმები, რომლებიც ღვთის საქმის წინსვლისთვის ინიციატივას იჩენდნენ, და რწმენას, გაბედულებას და უანგარო სიყვარულს ავლენდნენ ღვთისა და მოყვასის მიმართ.

დღეს საქართველოში სამეფოს 18 000-ზე მეტი მაუწყებელი სიხარულით აგრძელებს წინამორბედთა წამოწყებულ საქმეს. ისინი ადამიანებს ეხმარებიან, საკუთარ თავზე გამოცადონ ღვთის სიტყვის ძალა (ფილ. 3:13; 4:13).

საქართველოს ფილიალის კომიტეტის წევრები: უეინ ტომჩუკი, ლევან კოპალიანი, ჯონი შალამბერიძე და მაიკლ ჯონსი