არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის მკვლევართა კონგრესი (ტაკომა, ვაშინგტონი, აშშ)

ასი წლის წინ — 1917

ასი წლის წინ — 1917

„ახალი წლის გარიჟრაჟზე მსოფლიო კვლავ ომის ქარცეცხლშია გახვეული. მიწა უდანაშაულო ადამიანების სისხლით ირწყვება“, — იუწყებოდა 1917 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“. ეს სიტყვები იმდროინდელ რეალობას ასახავდა, რადგან მასშტაბურმა ხოცვა-ჟლეტამ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის სახელით გახდა ცნობილი, მთელი ევროპა მოიცვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის მკვლევრებს ბოლომდე არ ესმოდათ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის მნიშვნელობა, ბევრმა მათგანმა ყველაფერი იღონა, რომ სისხლში არ გაესვარათ ხელი. ამ სანაქებო ძმებს შორის 19 წლის ინგლისელი სტენლი უილისიც იყო. სასამართლოს წინაშე წარდგომამდე მან ასეთი შინაარსის წერილი დაწერა: «ჩემთვის დიდი პატივია, ღვთის შესახებ ყველას დავუმოწმო. ამ დილით პოლკოვნიკმა მითხრა: „არჩევანი შენზეა — ან მუნდირს მოირგებ, ან ტრიბუნალის წინაშე მოგიწევს თავის დაცვა!“».

სტენლი სამხედრო სამსახურზე ურის თქმის გამო ციხეში ჩასვეს, სადაც არაადამიანურად ამუშავებდნენ. ასეთი რთული პირობების მიუხედავად, იგი დადებით განწყობას ინარჩუნებდა. ორი თვის შემდეგ ის წერდა: «ღვთისგან ბოძებული „ძლიერების სულის“ დახმარებით მოთმინებით ავიტანე ის, რისი ატანაც სხვებისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა». სტენლიმ ციხეში ყოფნის პერიოდი ბრძნულად გამოიყენა. ის დასძენს: „ამ უმძიმეს პერიოდში ციხის კედლებში გამომწყვდეულს საკმაოდ ბევრი დრო მქონდა ლოცვისთვის, ფიქრისა და შესწავლისთვის, რასაც დიდ კურთხევად მივიჩნევ“.

მალე ომში შეერთებული შტატებიც ჩაება. 1917 წლის 2 აპრილს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა შეერთებული შტატების კონგრესს მოსთხოვა, რომ ოფიციალურად გამოეცხადებინათ ომი გერმანიისთვის. ოთხი დღის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საომარი მოქმედებები დაიწყო, რის შედეგადაც მალე ამ ქვეყანაში ქრისტიანული ნეიტრალიტეტის საკითხი მწვავედ დადგა.

შეერთებული შტატების მთავრობამ, ჯარისკაცთა რიგები რომ შეევსო, იმავე წლის მაისში გამოსცა კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ; ერთი თვის შემდეგ კი ჯაშუშობის კანონი შემოიღო. კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ უფლებამოსილ პირებს უფლებას აძლევდა, ათასობით მამაკაცი ომში გაეგზავნათ, ხოლო ჯაშუშობის კანონის საფუძველზე დაესაჯათ ის, ვინც, მათი აზრით, ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ ახალმა კანონმა ხელი მოუთბო ჭეშმარიტების მტრებს, რომლებიც ღვთის მშვიდობიან ხალხს „სირთულეებს უქმნიდნენ დადგენილებებით“ (ფსალმ. 94:20).

მსოფლიო მოვლენების ამგვარი განვითარება ბიბლიის მკვლევრებისთვის არ იყო მოულოდნელი, რადგან ღვთის სიტყვაში საუკუნეებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები ამის შესახებ. თანაც მოწმეები ათწლეულების განმავლობაში უმახვილებდნენ ადამიანებს ყურადღებას ამ წინასწარმეტყველებებზე. მაგრამ ბევრ და-ძმას თავზარი დასცა განხეთქილებამ, რომელმაც იეჰოვას ხალხს შორის მალევე იჩინა თავი.

გამოცდისა და გაცხრილვის პერიოდი

ჩარლზ ტეიზ რასელის სიკვდილიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ძმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი დავის მიზეზი ის გახდა, თუ როგორ უნდა გაწეოდა ღვთის ხალხს ხელმძღვანელობა. 1884 წელს ძმა რასელის მოთხოვნისამებრ, „სიონის საგუშაგო კოშკი და ტრაქტატების საზოგადოება“ რეგისტრაციაში გატარდა; რასელი სიკვდილამდე, 1916 წლის ოქტომბრამდე, კორპორაციის პრეზიდენტი იყო. როცა მისი სიკვდილის შემდეგ ორგანიზაციას სათავეში ძმა რუტერფორდი ჩაუდგა, რამდენიმე ძმამ, მათ შორის დირექტორთა საბჭოს ოთხმა წევრმა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება განიზრახა.

დირექტორთა საბჭოს ამ ოთხი წევრის მოსაზრება სხვა ძმებმაც გაიზიარეს. მათ არ მოსწონდათ რუტერფორდის მიერ გაწეული ხელმძღვანელობა. ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ძმა პოლ ჯონსონს ეხებოდა, რომელიც პილიგრიმად მსახურობდა (მაშინ ასე უწოდებდნენ მიმომსვლელ ზედამხედველებს).

რასელის სიკვდილიდან მალევე, მისი სურვილისამებრ, პოლ ჯონსონი ორგანიზაციის მიმომსვლელ წარმომადგენლად ინგლისში გაგზავნეს. ჯონსონი ინგლისში 1916 წლის ნოემბერში ჩავიდა, სადაც და-ძმები თბილად დახვდნენ. მისი იქ მივლინების მიზანი ის იყო, რომ ექადაგა, მოენახულებინა კრებები და შეედგინა ანგარიში ამ ქვეყანაში მიმდინარე ჩვენი საქმიანობის შესახებ. სამწუხაროდ, და-ძმების მხრიდან განსაკუთრებულმა მოპყრობამ და ყურადღების ცენტრში ყოფნამ პოლ ჯონსონი გააამაყა. მან ჩათვალა, რომ სწორედ მას უნდა გაეგრძელებინა ძმა რასელის საქმიანობა.

პოლ ჯონსონმა ინგლისის ბეთელიდან თვითნებურად დაითხოვა ის ძმები, რომლებიც მის შეხედულებებს არ იზიარებდნენ. ის აგრეთვე შეეცადა, ხელში ჩაეგდო ორგანიზაციის ფინანსები, რის გამოც რუტერფორდმა იგი შტატებში დააბრუნა.

ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლურად მიეღო რჩევა, ის ცდილობდა, დაერწმუნებინა რუტერფორდი, რომ კვლავ ინგლისში დაებრუნებინა. უშედეგო მცდელობის შემდეგ პოლ ჯონსონი ახლა დირექტორთა საბჭოს წევრების გადაბირებას შეეცადა. სამწუხაროდ, მას ოთხი მათგანი მიემხრო.

ძმა რუტერფორდმა განჭვრიტა, რომ ისინი შეეცდებოდნენ ორგანიზაციის ფინანსების ხელში ჩაგდებას სწორედ ისე, როგორც ამას პოლ ჯონსონი ცდილობდა ინგლისში. ამიტომ ეს ოთხი ძმა დირექტორთა საბჭოდან გაათავისუფლა. შეერთებული შტატების კანონმდებლობით მოითხოვებოდა, რომ დირექტორთა საბჭო ყოველწლიურად არჩეულიყო კორპორაციის წევრების მიერ. თუმცა 1917 წლის 6 იანვარს გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე საბჭოს წევრად მხოლოდ სამი ძმა აირჩიეს: პრეზიდენტი გახდა ჯოზეფ რუტერფორდი, ვიცე-პრეზიდენტი — ენდრიუ პირსონი, ხოლო ხაზინადარი — უილიამ ვან ამბერგი. დირექტორთა საბჭოში ოთხი ადგილი თავისუფალი დარჩა. ზოგი ფიქრობდა, რომ ის ოთხი ძმა, რომლებიც მანამდე მსახურობდნენ ამ საბჭოში, და რომლებიც მოგვიანებით რუტერფორდს დაუპირისპირდნენ, მთელი ცხოვრება უნდა ყოფილიყვნენ საბჭოს წევრები. თუმცა, ვინაიდან 1917 წლამდე კორპორაციის წევრების მიერ ყოველწლიურად არ ხდებოდა დირექტორთა საბჭოს არჩევა, ეს ძმები არასდროს ითვლებოდნენ ამ საბჭოს კანონიერ წევრებად. ასე რომ, რუტერფორდმა გამოიყენა ორგანიზაციის პრეზიდენტის უფლებამოსილება და 1917 წლის ივლისში საბჭოს ეს ოთხი წევრი სხვა ძმებით ჩაანაცვლა.

როგორც მოსალოდნელიც იყო, ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა ეს ძმები. თავიანთი მდგომარეობა რომ დაებრუნებინათ, მათ სპეციალური კამპანია წამოიწყეს. თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მართალია, მათ ზოგიერთი ძმაც მიემხრო, რომლებმაც სხვა ორგანიზაციები ჩამოაყალიბეს, მაგრამ ბიბლიის მკვლევართა უმეტესობამ ერთგულება შეინარჩუნა.

სირთულეების მიუხედავად, ორგანიზაცია წინ მიიწევს!

იმავე პერიოდში რუტერფორდი და სხვა ერთგული ძმები, რომლებიც ბეთელში მსახურობდნენ, კვლავ განაგრძობდნენ სამეფოს ინტერესების წინსვლისთვის შრომას. უნდა აღინიშნოს, რომ პილიგრიმთა რიცხვი 69-დან 93-მდე გაიზარდა, ხოლო წიგნების დამტარებელთა (ასე უწოდებდნენ მაშინ პიონერებს) რიცხვი — 372-დან 461-მდე. გარდა ამისა, და-ძმებს იმ დროს შესაძლებლობა მიეცათ, ისეთივე სტატუსით ემსახურათ, როგორითაც დღეს დამხმარე პიონერები მსახურობენ. ზოგ კრებაში დაახლოებით 100 ასეთი გულმოდგინე მსახური იყო.

1917 წლის 17 ივლისს გამოიცა ახალი წიგნი, სათაურით „დასრულებული საიდუმლო“. ამ წიგნზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ წლის ბოლოს ორგანიზაციამ კერძო სტამბებს კიდევ 850 000 ეგზემპლარი შეუკვეთა. a

ბეთელში მიმდინარე რეორგანიზაცია, რომელიც ძმა რასელმა 1916 წელს წამოიწყო, 1917 წელს დასრულდა. ამავე წლის დეკემბერში „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა: „რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა . . . ახლა საქმე შეუფერხებლად მიმდინარეობს ისე, როგორც ეს კარგად ორგანიზებულ დაწესებულებაში ხდება . . . ბეთელის ოჯახის წევრებს კარგად ესმით, რომ აქ მსახურება პატივია და არა მოპოვებული უფლება“.

1917 წლის სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო: „1 იანვრიდან დაწყებული ყოველთვე იზრდება [პუბლიკაციების ტირაჟი] და აჭარბებს წინა წლის ყოველთვიურ მონაცემებს . . . აშკარაა, რომ საქმე, რომელიც ბრუკლინში სრულდება, უფლის მიერაა კურთხეული“.

გამოცდისა და გაცხრილვის პერიოდი არ დასრულებულა

ორგანიზაცია გაიწმინდა მათგან, ვინც ხელმძღვანელ ძმებს დაუპირისპირდა. კრებებში ჩატარებულმა გამოკითხვის შედეგებმა, რაც „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა, ცხადყო, რომ ძმების უმეტესობა მხარს უჭერდა რუტერფორდსა და ბეთელში მომსახურე სხვა ერთგულ ძმებს. თუმცა მათი გამოცდა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. მართალია, 1918 წელი კარგად დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე მოწმეები უმძიმესი განსაცდელების წინაშე დადგებოდნენ. ეს ყველაზე შავბნელი პერიოდი იქნებოდა იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორიაში.

a 1920 წლამდე ჩვენი ლიტერატურა კერძო სტამბებში იბეჭდებოდა.