არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აზერბაიჯანი

ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ევროპა

ევროპა
  • ქვეყნები 47

  • მოსახლეობა 744 482 011

  • მაუწყებლები 1 611 290

  • ბიბლიის შესწავლები 834 121

რბილი პასუხი

საქართველოში ერთი მამაკაცი ლიტერატურის სტენდთან მივიდა და ყვირილი დაიწყო: „ქართველები მართლმადიდებლები ვართ, არ მოგცემთ აქ ქადაგების ნებას!“. ძმამ თავაზიანად ჰკითხა, ოდესმე თუ წაუკითხავს ჩვენი ლიტერატურა, რაზეც უარის ნიშნად თავი გააქნია. ძმამ ურჩია, რომ ჯერ ჩვენს ლიტერატურას გაცნობოდა. რბილმა პასუხმა დააფიქრა ეს მამაკაცი და გადაწყვიტა, გაეთვალისწინებინა ძმის რჩევა. იგი რამდენიმე დღეში დაბრუნდა სტენდთან და თავისი საქციელისთვის მოიბოდიშა. როგორც მან თქვა, ჩვენი ჟურნალი თავისი უსინათლო დედისთვის წაუკითხავს. ორივეს ძალიან მოსწონებია და სხვა პუბლიკაციების წაკითხვის სურვილიც გაუჩნდათ. ახლა ეს მამაკაცი რეგულარულად იღებს სტენდიდან ახალ ჟურნალებს.

პრობლემის მოგვარების უკეთესი გზა

აზერბაიჯანში ქადაგების დროს ორი ძმა ერთი შენობის წინ მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს მიუახლოვდა და გამოელაპარაკა. მან ძმებს უთხრა, რომ არ სურდა საუბარი, რადგან ცოდვაში ჩაეთვლებოდა. კაცმა ჯიბიდან დანა ამოიღო და თქვა: „უსამართლოდ მომექცნენ და სწორედ ახლა ვაპირებ შურისძიებას, რათა სამართლიანობა აღდგეს“.

ცოტა არ იყოს გაოგნებულმა ძმებმა უთხრეს: „კაცის კვლა ხომ ცოდვაა?!“.

ამის მოსმენაზე მან იკითხა: „აბა, რა უნდა ვქნა?“. ძმებმა რომაელების 12:17—21 წაუკითხეს და აუხსნეს, რომ, ვინაიდან შურისძიება ღმერთს ეკუთვნის, არ უნდა დაგვძლიოს ბოროტებამ, არამედ ჩვენ უნდა ვძლიოთ ბოროტებას სიკეთით. ძმებმა ისიც უთხრეს, რომ მშვიდი საუბრით სერიოზული პრობლემის გადაჭრაც შეიძლება და, თუ ვინმეს რამეს დაუშავებდა ან მოკლავდა, მთელი ცხოვრება სინდისი მოსვენებას არ მისცემდა. მამაკაცი წავიდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ძმების ნათქვამმა დააფიქრა.

დაახლოებით ერთ საათში მან ძმები მოძებნა და უთხრა: „ახლა სწორედ იმ კაცისგან მოვდივარ, ვის მოკვლასაც ვაპირებდი. მისთვის არაფერი დამიშავებია; უბრალოდ სიტყვიერად გავარკვიეთ ყველაფერი. დიდი მადლობა, რომ სერიოზული პრობლემა ამარიდეთ თავიდან“. ძმებმა უთხრეს, რომ ეს მათი კი არა, იეჰოვას დამსახურება იყო.

სტენდთან არააქტიური და მივიდა

ნორვეგიაში რამდენიმე წლის წინ ერთი და არააქტიური გახდა. მას შემდეგ, რაც მოწმეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სტენდებით ქადაგება დაიწყეს, იგი საყიდლებზე სიარულის დროს ხშირად ჩაუვლიდა ხოლმე სტენდს.

მართალია, ის არასდროს მისულა ახლოს, მაგრამ ამჩნევდა, რომ სტენდზე მიმზიდველი პოსტერები და საინტერესო ლიტერატურა იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, მოწმეების მოკრძალებულმა გარეგნობამ და ხალხის მიმართ მეგობრულმა დამოკიდებულებამ მას აღუძრა სურვილი, დაბრუნებოდა იეჰოვას და მის ორგანიზაციას.

სტენდზე მან აგრეთვე შენიშნა ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი jw.org და გადაწყვიტა შესულიყო. მას ძალიან გაუკვირდა, რომ ადვილად იპოვა უახლოესი სამეფო დარბაზის მისამართი და კრების შეხვედრების ჩატარების დრო. ამ ქალმა ჩამოტვირთა რამდენიმე პუბლიკაცია და მალევე, ცოტა არ იყოს აღელვებული, დარბაზისკენ გაემართა, სადაც გულთბილად მიიღეს. ძმებმა იზრუნეს, რომ მას შესწავლა განეახლებინა. მან კრებაში მეგობრებიც გაიჩინა და უწინდელ სულიერ განრიგს დაუბრუნდა. ახლა ის რეგულარულად ესწრება შეხვედრებს და აქტიურად ქადაგებს. იგი ძალიან ბედნიერია, რომ კვლავ ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვასთან.

კლასელებთან ქადაგება ავტობუსში

ნორვეგიაში 15 წლის რონჯა სკოლის ავტობუსით მგზავრობისას სამ თანაკლასელ ბიჭს ევოლუციაზე ესაუბრა. ბიჭებმა მისი რწმენა სასაცილოდ აიგდეს, რის გამოც მან თავი უხერხულად იგრძნო. ვინაიდან ამ თემაზე სასაუბროდ კარგად არ იყო მომზადებული, რონჯამ დედას სთხოვა, შემოქმედის არსებობის დამადასტურებელი არგუმენტების მოძებნაში დახმარებოდა.

ნორვეგია: რონჯა თავისი რწმენის შესახებ საუბრობს

მეორე დღეს მან კლასელებთან საუბრისას ეს არგუმენტები გამოიყენა, მაგრამ ბიჭებმა ამჯერადაც მასხრად აიგდეს. ერთმა ბიჭმა ხმამაღლაც კი თქვა: „ამ ავტობუსში არავის სწამს იეჰოვასი. აბა, ხელი ასწიეთ, ვის გწამთ ევოლუციის და ვის — იეჰოვასი!“. გოგონას გასაკვირად, მასთან ახლოს მჯდომმა ბიჭმა ასწია ხელი და თქვა, რომ იეჰოვასი სწამდა. მას ორი სხვა მოსწავლეც შეუერთდა. თურმე, როცა რონჯა ამ ბიჭებს ევოლუციის შესახებ ესაუბრებოდა, მათ სხვებიც უსმენდნენ და ზოგისთვის მისი არგუმენტები დამაჯერებელი აღმოჩნდა.

წერა-კითხვის უცოდინარი საფოსტო ყუთში წიგნს პოულობს

დანიის ფილიალში ერთხელ ორი არაბულად მოლაპარაკე მამაკაცი მივიდა, რომლებიც სირიიდან იყვნენ. მათ მისაღებში მყოფ დას უთხრეს, რომ იეჰოვას მოწმეებს ეძებდნენ. ძალიან გაუხარდათ, როცა დამ უთხრა, რომ ზუსტად მოწმეების ფილიალში იმყოფებოდნენ. საინტერესოა, როგორ გაიგეს ამ მამაკაცებმა ფილიალის მისამართი. მათ ტელეფონით სურათი გადაუღიათ არაბულ ენაზე გამოცემული წიგნის სათაო ფურცლისთვის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შემდეგ ეს სურათი საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლისთვის უჩვენებიათ, რომელმაც იეჰოვას მოწმეების ფილიალის მისამართი მისცა.

ამ მამაკაცებს უჭირდათ დანიურად ლაპარაკი, ამიტომ ერთი ძმა დაელაპარაკა, რომელმაც არაბული იცოდა. აშკარა იყო, რომ ერთ-ერთ მათგანს ძალიან უნდოდა ბიბლიის შესწავლა. ძმამ საკონტაქტო ინფორმაცია დაიტოვა და შეჰპირდა, რომ მალე არაბულ ენაზე მოლაპარაკე ძმასთან ერთად მოინახულებდა.

როცა ძმებმა სახლში მიაკითხეს, გაიგეს, რომ ამ მამაკაცთან არასდროს მისულან იეჰოვას მოწმეები. ის მოუყვა მათ, რომ ეს წიგნი თავის საფოსტო ყუთში იპოვა, მაგრამ ძალიან გაუკვირდა, რადგან საფოსტო ყუთზე არანაირი მინიშნება არ იყო, რომ ის არაბულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანს ეკუთვნოდა. რადგანაც წერა-კითხვა არ იცოდა, მეგობარს სთხოვა, მისთვის წაეკითხა ეს წიგნი. მისი კითხვა სამ დღეში დაამთავრეს. მოსმენილმა დაარწმუნა იგი, რომ ჭეშმარიტება იპოვა.

მართალია, მას ძალიან უჭირს ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ ბიბლია ანუგეშებს. როცა ძმები მასთან პირველად მივიდნენ, ჰკითხა: „აქამდე რატომ არ მოხვედით? ეს ძალიან მჭირდებოდა“. იგი დიდი მონდომებით განაგრძობს ბიბლიის შესწავლას და მადლიერია ამისთვის.

ის მეტად აღარ გრძნობს შინაგან სიცარიელეს

უკრაინაში დიმიტრი თამბაქოს კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდა. მაგრამ, როცა გაიგო, რაოდენ დიდ ზიანს აყენებს თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობას, გადაწყვიტა, თავი დაენებებინა სამსახურისთვის. სამი თვეც არ იყო გასული, რომ დედა და სიდედრი დაეღუპა, რაც მისთვის დიდი დარტყმა იყო. დიმიტრის ეგონა, რომ თავის კითხვებზე პასუხს და ნუგეშს ეკლესიაში მიიღებდა, მაგრამ ამაოდ. ერთხელ მეგობარმა დიმიტრის უთხრა, რომ მართლმადიდებლობა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ „გულზე ჯვარი გეკიდოს, შინაგანად კი სიცარიელეს გრძნობდე“. დიმიტრი მართლა ასე გრძნობდა თავს. ის მიხვდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ბიბლიასა და ღმერთზე. გულგატეხილმა ლოცვა დაიწყო და ცოტა ხანში იეჰოვას მოწმეები გაახსენდა. მან ინტერნეტში ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი მოძებნა და ძალიან გაკვირვებული დარჩა, როცა ბიბლიის შესახებ ამდენი ინფორმაცია აღმოაჩინა. შემდეგ მოძებნა უახლოესი სამეფო დარბაზის მისამართი და გადაწყვიტა, წასულიყო. როგორც კი სამეფო დარბაზის ავტოსადგომზე მანქანა გააჩერა, მასთან მომწესრიგებელი ძმა მივიდა და ჰკითხა, რით შეეძლო დახმარებოდა. დიმიტრიმ უთხრა, რომ ბიბლიის შესწავლა უნდოდა. ის უკვე ექვსი თვეა, ბიბლიას სწავლობს, ესწრება კრების შეხვედრებს და მონაწილეობს კიდეც.

ინტერესის გაღვივება წერილებით

ბრიტანეთში პოლმა და ფეისმა ერთ ქალს, სიუზენს, უქადაგეს და შეთანხმდნენ, რომ კვლავ მიაკითხავდნენ. როცა დაპირებისამებრ მივიდნენ, იგი მათ სახლში არ დახვდა. ისინი 2014 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ ფურცელში დაბეჭდილი რჩევის თანახმად მოიქცნენ და სიუზენს წერილი დაუტოვეს, სადაც აღნიშნეს, რომ მომდევნო დღეს მოინახულებდნენ. მათ ძალიან გაუკვირდათ, როცა მეორე დღეს კარებში სიუზენის წერილი დახვდათ, რომელშიც უხსნიდა, რომ ქალიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდა და საყიდლებზე წავიდა. პოლმა და ფეისმა კიდევ დაუტოვეს წერილი, რომ შემდეგ კვირას მიაკითხავდნენ. ამჯერად სიუზენი მათ სახლში დახვდა და წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია“ შესწავლა დაიწყო.

ბრიტანეთი: პოლი და ფეისი მობინადრეს წერილს უტოვებენ

ვინაიდან სიუზენის ქალიშვილი თხოვდებოდა, მან სთხოვა მოწმეებს, რომ მომდევნო შეხვედრა სხვა დროისთვის გადაედოთ. როდესაც პოლმა და ფეისმა მიაკითხეს, კარი არავინ გაუღო. წყვილმა მას ისევ წერილი დაუტოვა, სადაც თავიანთი ტელეფონის ნომერიც მიაწერეს. მათ ძალიან გაუხარდათ, როცა მესიჯი მიიღეს სიუზენისგან, რომელიც ბოდიშს უხდიდა, რომ სახლში არ დახვდა; თურმე ამ დროს ის ბაღში იყო გასული და მეზობელს ელაპარაკებოდა. მას მერე სიუზენს არ შეუწყვეტია ბიბლიის შესწავლა. ახლახან ის პირველად დაესწრო კრების შეხვედრას.

პოლის და ფეისის მცდელობამ კარგი შედეგი გამოიღო და უხარიათ, რომ მათ წერილებს სხვა დროსაც გამოხმაურებიან მობინადრეები.

მისმა რწმენამ ექთანი ჭეშმარიტებისკენ მიიზიდა

უნგრეთში 2014 წლის აგვისტოში ერთი ძმა, რომელსაც პულმონური ემბოლიზმი განუვითარდა, საავადმყოფოში დააწვინეს. სამწუხაროდ, მან დიდხანს ვეღარ იცოცხლა. მისი მეუღლე იმ ექთნის შესახებ, რომელიც მის ქმარს უვლიდა, გვიყვება:

«2015 წლის ზაფხულში მე და ჩემი ვაჟი დავესწარით რეგიონულ კონგრესს „მიჰბაძეთ იესოს!“. მესამე დღეს, წამოსასვლელად რომ ვემზადებოდით, ავტოსადგომზე ერთი ქალი მომიახლოვდა, ჩანთები დაბლა დაყარა, გადამეხვია და აქვითინდა. ეს სწორედ ის ექთანი იყო, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ ჩემს ქმარს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უვლიდა. მან ამიხსნა, რომ ყოველი ცვლის დროს კონკრეტული პაციენტის მოსავლელად ერთი ექთანი ინიშნება. იგი თურმე ყოველ ჯერზე ლოცულობდა, რომ ჩემს მეუღლესთან მოხვედრილიყო. და მართლაც ასე ხდებოდა.

როგორც ტინდემ თქვა, ჩემი მეუღლის სამაგალითო საქციელმა და ძლიერმა რწმენამ, რომ მომავალში ღმერთი მას სიცოცხლეს დაუბრუნებდა, აღძრა ის, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაეწყო.

ტინდეს, რომელიც ახლა ბიბლიას სწავლობს, ერთი სული აქვს, როდის ეტყვის ჩემს მეუღლეს, რომ სწორედ მისმა საქციელმა და ძლიერმა რწმენამ უბიძგა, გაცნობოდა იეჰოვას და მის შესანიშნავ დანაპირებს».

სატვირთო მანქანების მძღოლებთან ქადაგება

ბულგარეთი: მოწმეები სატვირთო მანქანების მძღოლებთან ქადაგებენ

ბულგარეთში ერთმა კრებამ გადაწყვიტა, ექადაგა იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის არსებულ სასაზღვრო ზოლზე დღეები იდგნენ იმის გამო, რომ საპროტესტო აქციების დროს გზა გადაკეტილი იყო. და-ძმებს 12 ენაზე ჰქონდათ ლიტერატურა, რომლებსაც მძღოლებს სთავაზობდნენ. ბევრი სატვირთო მანქანის მძღოლი დაღლილი და იმედგაცრუებული იყო, მაგრამ საუბარზე უარს არ ამბობდნენ. და-ძმები მათ უთანაგრძნობდნენ, ამხნევებდნენ და მომავლის იმედზე ელაპარაკებოდნენ. ერთხელ ერთმა მძღოლმა მათ ჰკითხა, იეჰოვას მოწმეები ხომ არ იყვნენ. როცა მათი ვინაობა დაადგინა, დასძინა: „ამას მაშინვე მივხვდი, რადგან ასე მხოლოდ მოწმეები ქადაგებენ“. ერთმა ავსტრიელმა მძღოლმა კი თქვა: „მოკლედ, თქვენ კაცი ვერსად დაგემალებათ; აქაც კი მოგვაგენით! კვლავ ანუგეშეთ ხალხი და იმედი ჩაუნერგეთ“. სხვამ ასეთი სიტყვები უთხრა მოწმეებს: „თქვენი ლიტერატურის წაკითხვის სურვილი არასდროს მქონია, მაგრამ ახლა სიამოვნებით წავიკითხავ“. ერთმა კი ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან წლების წინ ისიც იეჰოვას ემსახურებოდა. ძმებმა გაამხნევეს იგი და უთხრეს, რომ აუცილებლად დაკავშირებოდა კრებას.