არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, თუ სიცოცხლე აღარ მინდა?

როგორ მოვიქცე, თუ სიცოცხლე აღარ მინდა?

 „რამდენიმე წლის წინ ძალიან რთული პერიოდი მედგა. ყოველი დღე ჩემთვის სატანჯველი იყო, თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობდი. სინამდვილეში სიკვდილი კი არ მინდოდა, უბრალოდ მსურდა, ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო“ (იონათანი, 17 წლის).

 ერთი გამოკვლევის თანახმად, რომლის დროსაც დაახლოებით 14 000 მოსწავლე გამოკითხეს, აღმოჩნდა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში 5-დან 1-ს უფიქრია თვითმკვლელობაზე. a როგორ უნდა მოიქცე, თუ შენც ფიქრობ, რომ სიცოცხლე აღარ ღირს?

  •   ცხელ გულზე ნუ იმოქმედებ. საკუთარ თავს პირობა მიეცი, რომ ნაჩქარევად არ მიიღებ გადაწყვეტილებას. მაშინაც კი, როცა შენი პრობლემები დაუძლეველი გეჩვენება, არსებობს საშუალებები, რომლებიც გამოსავლის პოვნაში დაგეხმარება.

 შეიძლება ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ლაბირინთში დაიკარგე და გამოსავალს ვეღარსად ხედავ. მაგრამ სინამდვილეში შეიძლება არც ისე რთულად იყოს საქმე. გახსოვდეს, რომ შენი სიტუაციიდან გამოსავალი ნამდვილად არსებობს. თუ სწორად იმოქმედებ, პრობლემა იმაზე მალე შეიძლება მოგვარდეს, ვიდრე წარმოგიდგენია.

  •  ბიბლიური პრინციპი: „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არ ვართ, განძრევა რომ არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილნი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არ ვართ“ (2 კორინთელები 4:8).

     რჩევა: თუ თვითმკვლელობაზე ფიქრი გამუდმებით თავში გიტრიალებს, გაარკვიე, რა საშუალებები არსებობს შენს ქვეყანაში მსგავს სიტუაციაში მყოფ პირთათვის დახმარების გასაწევად. ეს შეიძლება იყოს სუიციდის პრევენციის პროგრამა, მაგალითად, ცხელი ხაზი ან გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. კვალიფიცირებულმა სპეციალისტებმა იციან, როგორ გაგიწიონ დახმარება და მათ ამის დიდი სურვილიც აქვთ.

  •   ესაუბრე ვინმეს. შენ გარშემო ნამდვილად არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც გული შესტკივათ შენზე. მაგალითად, შენი მეგობრები ან ოჯახის წევრები. ისინი ვერ გაიგებენ, რასთან გიწევს ბრძოლა, თუ შენ არ ეტყვი.

 ზოგ ადამიანს სათვალე სჭირდება, რომ საგნები უკეთ დაინახოს. მეგობარი შეიძლება სათვალეს შევადაროთ, რომელიც დაგეხმარება, შენს პრობლემას სხვა თვალით შეხედო და სიცოცხლის ხალისი დაიბრუნო.

  •  ბიბლიური პრინციპი: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

     რჩევა: საუბარი შეგიძლია ასე დაიწყო: „ამ ბოლო დროს თავში ძალიან ნეგატიური აზრები მომდის. შეიძლება, რომ ამაზე დაგელაპარაკო?“ ან შეგიძლია ასეთი რამ უთხრა: „პრობლემები მაქვს და მარტო ვერ ვუმკლავდები. შეგიძლია დამეხმარო?“.

  •  მიმართე ექიმს. ჯანმრთელობის ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია, შეიძლება ადამიანს სიცოცხლის სურვილი დაუკარგოს. საბედნიეროდ, ეს დაავადებები განკურნებადია.

 როგორც გრიპის დროს შეიძლება დავკარგოთ ჭამის მადა, ისე დეპრესიის დროს შეიძლება დავკარგოთ სიცოცხლის ხალისი. თუმცა ორივე დაავადების განკურნება შესაძლებელია.

  •  ბიბლიური პრინციპი: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მათე 9:12).

     რჩევა: საკმარისი დრო დაუთმე ძილსა და ვარჯიშს და იკვებე ჯანსაღად. ფიზიკური ჯანმრთელობა ემოციებზეც ახდენს გავლენას.

  •   ილოცე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენი შემოქმედი „ჩვენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:20). შეგიძლია დღესვე მიმართო მას ლოცვით. გამოიყენე მისი სახელი იეჰოვა და გულწრფელად ესაუბრე მას შენს განცდებსა და ფიქრებზე.

 ზოგი პრობლემა იმდენად რთულია, რომ მარტოს გაგიჭირდება მასთან გამკლავება. ღმერთი ყოველთვის მზადაა შენ დასახმარებლად.

  •  ბიბლიური პრინციპი: „ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს ... და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7).

     რჩევა: პრობლემებზე საუბრის გარდა, შეგიძლია ყოველდღე გაიხსენო, სულ მცირე, ერთი რამ, რისთვისაც მადლობას გადაუხდი იეჰოვას (კოლოსელები 3:15). მადლიერება დაგეხმარება, ცხოვრებას უფრო დადებითი თვალით შეხედო.

 თუ ფიქრობ, რომ სიცოცხლის გაგრძელება აღარ ღირს, ითხოვე დახმარება. სწორედ ასე მოიქცა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული იონათანი. ის ამბობს: „არაერთხელ ვესაუბრე მშობლებს და სამედიცინო დახმარებაც მივიღე. ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. მართალია, ზოგჯერ ჩავარდნები მაინც მაქვს, მაგრამ თვითმკვლელობაზე ფიქრი თავიდან ამოვიგდე“.

a ეს გამოკვლევა 2019 წელს ჩატარდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და დაავადებათა პრევენციის ცენტრის მიერ.