არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რამდენად ამტანი ვარ?

რამდენად ამტანი ვარ?

 რამდენად ამტანი ხარ? ხომ არ გადაგიტანია ცხოვრებაში ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე?

  •   საყვარელი ადამიანის სიკვდილი

  •   ხანგრძლივი ავადმყოფობა

  •   სტიქიური უბედურება

 სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანს მხოლოდ სერიოზული სირთულის დროს არ სჭირდება ამტანობა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ყოველდღიურმა სტრესმაც კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სერიოზულ პრობლემებს ვხვდებით ცხოვრებაში, აუცილებელია განვივითაროთ ამტანობა.

 რა არის ამტანობა?

 ამტანობა არის უნარი, რომლის წყალობითაც ადამიანს შეუძლია წარმატებით გაუმკლავდეს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებსა და განსაცდელებს. ამტანი ადამიანი არ არის დაზღვეული პრობლემებისგან. მართალია, ამ პრობლემამ შეიძლება გარკვეულწილად დააზარალოს, მაგრამ საბოლოოდ ის უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი გახადოს.

ქარიშხლის დროს ხე აქეთ-იქით იხრება, მაგრამ როცა ქარიშხალი გადაივლის, ხეც წელში იმართება. ასეა ადამიანის ცხოვრებაშიც

 რატომ გჭირდება ამტანობა?

  •   განსაცდელები გარდაუვალია. ბიბლია ამბობს: „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში ... არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). რა ჩანს ამ მუხლიდან? კარგი ადამიანებიც კი ხვდებიან გასაჭირს და პრობლემებს ცხოვრებაში, თუმცა ხშირად თავად არ მიუძღვით ბრალი ამაში.

  •   ამტანობა გიცავთ. ერთ-ერთი სკოლის ფსიქოლოგი ამბობს: „ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები შემორბიან ჩემს კაბინეტში გაღიზიანებულები და დათრგუნულები მხოლოდ იმის გამო, რომ დაბალი ქულა მიიღეს ან სოციალურ ქსელში ვიღაცამ უარყოფითი კომენტარი დაუწერა“. თუ ბავშვი ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემებს ვერ ართმევს თავს, „შესაძლოა მას მომავალში ემოციური და გონებრივი პრობლემები შეექმნას“. a

  •   ამტანობა ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოგადგებათ. ცხოვრებისეულ იმედგაცრუებებთან დაკავშირებით დოქტორი რიჩარდ ლერნერი წერს: „ადამიანის წარმატება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეუძლია სირთულეების გადალახვა, ახალი მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად სხვადასხვა გზის გამონახვა“. b

 როგორ შეგიძლია განივითარო ამტანობა?

  •   რეალურად შეაფასე პრობლემა. ისწავლე, როგორ განასხვაო სერიოზული და უმნიშვნელო პრობლემები ერთმანეთისგან. ბიბლიაში წერია: „უგუნური იმავე დღეს ამჟღავნებს წყენას, წინდახედული კი ფარავს სირცხვილს“ (იგავები 12:16). ყველა პრობლემა გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო.

     „ჩემი კლასელები პატარა პრობლემაზე ისეთ ამბავს ტეხენ, თითქოს ქვეყანა იქცეოდეს. ამას მათი მეგობრების მხარდამჭერი კომენტარებიც ემატება სოციალურ ქსელში, რითაც უფრო აგულიანებენ და ცეცხლზე ნავთს უსხამენ. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის მათ, სწორად შეაფასონ თავიანთი პრობლემა“ (ჯოანა).

  •   ისწავლე სხვებისგან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავები 27:17). ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან, ვინც ცხოვრებაში უკვე გადალახა სერიოზული სირთულეები.

     „თუ სხვებს გაესაუბრები, დაინახავ, რომ შენ გარდა მათაც მოუწიათ სხვადასხვა პრობლემის გადატანა, მაგრამ დღეს ფეხზე დგანან. ჰკითხეთ, რა გააკეთეს ან რა არ გააკეთეს, რომ დაეძლიათ პრობლემები“ (ჯულია).

  •   იყავი მომთმენი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“ (იგავები 24:16). ბუნებრივია, დროა საჭირო იმ უარყოფით შედეგებთან შესაგუებლად, რასაც სირთულეები და გასაჭირი იწვევს; ამიტომ ნუ გაგიკვირდება, თუ ზოგჯერ დამწუხრდები და სევდა მოგეძალება. მთავარია, არ დანებდე და ხელები არ ჩამოყარო.

     „პრობლემის მოგვარების შემდეგ დროა საჭირო, რომ ემოციური წონასწორობა აღიდგინო. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ დროის სვლასთან ერთად ტკივილიც ნელ-ნელა ყუჩდება“ (ანდრეა).

  •   იყავი მადლიერი. ბიბლია ამბობს: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15). არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სერიოზულ პრობლემებს ხვდებით ცხოვრებაში; ყოველთვის არსებობს რაღაც, რისთვისაც შეგიძლია იყო მადლიერი. შეგიძლია ჩამოთვალო სამი რამ, რის გამოც ღირს ცხოვრება?

     «როცა პრობლემის წინაშე აღმოჩნდები, მაშინვე ასეთი აზრი მოგდის თავში: „რაღა მაინცდამაინც მე?“ ამტანი ადამიანი არ არის ჩაციკლული თავის პრობლემაზე; ის დადებით განწყობას ინარჩუნებს და მადლიერია იმისთვის, რაც აქვს და რის გაკეთებაც შეუძლია“» (სამანტა).

  •   იყავი კმაყოფილი. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო“ (ფილიპელები 4:11). პავლეს არ შეეძლო ემართა და გაეკონტროლებინა საკუთარი პრობლემები; თუმცა მას შეეძლო გაეკონტროლებინა ამ პრობლემების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება და ხედვა. პავლეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ნებისმიერ ვითარებაში კმაყოფილი ყოფილიყო.

     „ერთი რამ აღმოვაჩინე ჩემს თავში: როცა რაიმე პრობლემას ვხვდები, თავიდან მთლად სახარბიელო რეაქცია არ მაქვს ხოლმე. ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ ნებისმიერ სიტუაციას დადებითად შევხედო. ეს კარგ გავლენას მოახდენს როგორც ჩემზე, ისე ირგვლივ მყოფებზე“ (მეთიუ).

  •   ილოცე. ბიბლიაში წერია: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 55:22). ლოცვა არ არის უბრალოდ ფსიქოლოგიური თერაპია. ეს არის რეალური ურთიერთობა შემოქმედთან, რომელიც „ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

     „მარტო არ მიწევს პრობლემებთან გამკლავება. როცა ვლოცულობ, ბოლომდე ვიცლები იეჰოვას წინაშე, მადლობას ვუხდი მას ყველა იმ სიკეთისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებს და უარყოფითი გრძნობებიც სადღაც ქრება. მთელი ყურადღება იეჰოვას კურთხევებზე გადამაქვს. ლოცვა ნამდვილად მნიშვნელოვანია!“ (კარლოსი).

a მასალა აღებულია თომას კერსტიგნის წიგნიდან („Disconnected“).

b მასალა აღებულია რიჩარდ ლერნერის წიგნიდან („The Good Teen—Rescuing Adolescence From the Myths of the Storm and Stress Years“).