არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ უნდა მოვიქცე ნათლობის შემდეგ? | განაგრძე სულიერი წინსვლა (ნაწილი 1)

როგორ უნდა მოვიქცე ნათლობის შემდეგ? | განაგრძე სულიერი წინსვლა (ნაწილი 1)

 ჩვენთვის ძვირფას რაღაცებს განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. იმავეს თქმა შეიძლება ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზეც. როგორ გავუფრთხილდეთ ამ უძვირფასეს მეგობრობას ნათლობის შემდეგაც?

ამ სტატიაშია:

 კვლავაც შეისწავლე ღვთის სიტყვა

 ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველ კარგ საქმეში ნაყოფი [გამოიღეთ] და ღვთის შესახებ ცოდნა [გაიღრმავეთ]“ (კოლოსელები 1:10).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: საჭიროა, ნათლობის შემდეგაც ყოველდღე იკითხო ბიბლია და იფიქრო ნასწავლზე (ფსალმუნი 25:4; 119:97).

 რეალობა: ფაქტია, ყოველთვის არ გექნება ბიბლიის შესწავლის განწყობა. შეიძლება ისიც კი იფიქრო, რომ სწავლისთვის არ ხარ დაბადებული.

 გამოსავალი: ღრმად გამოიკვლიე შენთვის საინტერესო ბიბლიური საკითხები. შეადგინე ბიბლიის შესწავლის გეგმა, თანაც ისეთი, რომ შესწავლა ტვირთად არ გექცეს. შენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ იეჰოვასა და მისი სიტყვის სიყვარული კიდევ უფრო გაგიღრმავდეს. თუ ასე მიუდგები შესწავლას, ეს პროცესი სასიამოვნოც იქნება და ბევრ რამესაც ისწავლი (ფსალმუნი 16:11).

 რჩევა: შესწავლა შედეგიანი რომ იყოს, მშვიდი გარემო შეარჩიე, და ეცადე, ხელი არაფერმა შეგიშალოს.

 მეტი ინფორმაციის მისაღებად …

 კვლავაც ილოცე

 ბიბლიაში ნათქვამია: „ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში; ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ“ (ფილიპელები 4:6).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთთან ურთიერთობა ორმხრივია: როცა მის სიტყვას კითხულობ, უსმენ მას, ხოლო, როცა ლოცულობ, ესაუბრები. როგორც მუხლიდან ჩანს, ლოცვის დროს შეგიძლია შენს საჭიროებებზეც ილოცო და მადლიერებაც გამოხატო იმისთვის, რასაც უკვე აკეთებს იეჰოვა შენთვის.

 რეალობა: ზოგჯერ შეიძლება ლოცვები მექანიკური გახდეს და იმაშიც კი შეგეპაროს ეჭვი, ნამდვილად გისმენს თუ არა იეჰოვა (ფსალმუნი 10:1).

 გამოსავალი: დღის განმავლობაში იფიქრე, რაზე შეგიძლია ილოცო. თუ სიტუაცია ხელს არ გიწყობს, რომ იმ მომენტშივე ესაუბრო იეჰოვას, დაიმახსოვრე ეს აზრები და მოგვიანებით ილოცე. არც ის დაგავიწყდეს, რომ სხვებზე ლოცვაც აუცილებელია (ფილიპელები 2:4).

 რჩევა: თუ შენც შეამჩნიე, რომ ზოგჯერ მექანიკურად ლოცულობ, სთხოვე იეჰოვას, დაგეხმაროს. მას ძალიან უნდა, რომ ყველაფერზე ელაპარაკო, რაც გაწუხებს, მათ შორის, ამ საკითხზე (1 იოანე 5:14).

 მეტი ინფორმაციის მისაღებად …

 კვლავაც იქადაგე

 ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი. ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმოთე 4:16).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: როცა შენი მრწამსის შესახებ სხვებს ესაუბრები, რწმენა კიდევ უფრო მეტად გიმტკიცდება. თანაც შენი ძალისხმევის შედეგად საკუთარ თავსაც იხსნი და შეიძლება სხვებიც გადაარჩინო.

 რეალობა: დროდადრო შესაძლოა ქადაგების ხალისი დაკარგო და სხვებთან საუბრისაც კი შეგეშინდეს, განსაკუთრებით სკოლაში.

 გამოსავალი: გადაწყვეტილი გქონდეს, რომ უარყოფით გრძნობებს, მათ შორის შიშს, არ მისცე გასაქანი. პავლე მოციქულმა ასეთი რამ თქვა: „თუ იძულებით [ვაუწყებ სასიხარულო ცნობას], ეს მაინც ჩემთვის დაკისრებული პასუხისმგებლობაა“ (1 კორინთელები 9:16, 17).

 რჩევა: თუ შენი მშობლები თანახმა იქნებიან, რომელიმე სამაგალითო თანაქრისტიანს სთხოვე, დაგეხმაროს, დაიხვეწო მსახურებაში (იგავები 27:17).

 მეტი ინფორმაციის მისაღებად …

 კვლავაც დაესწარი შეხვედრებს

 ბიბლიაში ნათქვამია: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ. ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას“ (ებრაელები 10:24, 25).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: შეხვედრებზე, უმთავრესად, იეჰოვას თაყვანსაცემად მივდივართ. თუმცა მათზე დასწრება სხვა მხრივაც არის ჩვენთვის სასიკეთო, რადგან ამ დროს თავადაც ვმხნევდებით და სხვებსაც ვამხნევებთ (რომაელები 1:11, 12).

 რეალობა: ზოგჯერ შეიძლება შეხვედრას კი ესწრებოდე, მაგრამ გონებით სხვაგან იყო, რის გამოც ბევრი ღირებული რამ ვერ მოისმინო. შეიძლება იმის ცდუნებაც გაგიჩნდეს, რომ შეხვედრების გაცდენა დაიწყო ან კიდევ სხვა რაღაცებმა, მაგალითად საშინაო დავალებებმა, ისე შეგიყოლიოს, რომ კრებისთვის დრო აღარ დაგრჩეს.

 გამოსავალი: გადაწყვეტილი გქონდეს, არ გააცდინო კრების შეხვედრები და ყურადღებით იყო მსვლელობის დროს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშინაო დავალებები სათანადოდ არ მოამზადო. ყურადღების მოკრებას ისიც გაგიადვილებს, თუ კრებაზე კომენტარებს გააკეთებ. მიზნად დაისახე, რომ ვისი გამოსვლაც ან კომენტარიც მოგეწონება, შეხვედრის შემდეგ შეაქო.

 რჩევა: წინასწარ მოემზადე. ჩამოტვირთე JW ბიბლიოთეკა® და იმის სანახავად, რა განიხილება კრების შეხვედრაზე გახსენი განყოფილება „შეხვედრები“.

 მეტი ინფორმაციის მისაღებად …