არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ უნდა დაუახლოვდეთ ღმერთს?

როგორ უნდა დაუახლოვდეთ ღმერთს?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ღმერთთან დასაახლოებლად საჭიროა, მეტი გავიგოთ მის შესახებ და ჩვენი ცხოვრების წესი მის ნებას შევუსაბამოთ. სწორედ ამ შემთხვევაში „დაგიახლოვდებათ [ღმერთი]“ (იაკობი 4:8). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი „არცერთი ჩვენგანისგან არ არის შორს“ (საქმეები 17:27).

 როგორ უნდა გავიგოთ მეტი ღვთის შესახებ

 წაიკითხეთ ბიბლია

  •  ბიბლია ამბობს: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16).

  •  მუხლის არსი: ბიბლიის ავტორი ღმერთია. ბიბლიის დამწერები ღვთის შთაგონებით წერდნენ მის აზრებს. წმინდა წერილების მეშვეობით ღმერთმა გაგვაცნო როგორც თავისი ნება, ისე პიროვნული თვისებები, მათ შორის, სიყვარული, სამართლიანობა და გულმოწყალება (გამოსვლა 34:6; კანონი 32:4).

  •  რისი გაკეთება შეგიძლიათ? იკითხეთ ბიბლია ყოველდღე (იესო ნავეს ძე 1:8). იფიქრეთ წაკითხულზე, შემდეგ კი ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ მარწმუნებს ბიბლიის ეს მონაკვეთი, რომ ღმერთი რეალური პიროვნებაა? (ფსალმუნი 77:12).

     მაგალითისთვის, წაიკითხეთ იერემიას 29:11 და დაფიქრდით: რას იზრახავს ღმერთი ჩემთვის, მშვიდობას თუ უბედურებას? ბოროტია ღმერთი თუ სურს, გავიხარო ბედნიერი მომავლით?

 დააკვირდით ღვთის შემოქმედებას

  •  ბიბლია ამბობს: „[ღვთის] უხილავი თვისებები ... ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული, რადგან ეს ყოველივე შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20).

  •  მუხლის არსი: როგორც ფერწერული ტილო გვიქმნის წარმოდგენას მხატვარზე, ხოლო რთული მექანიზმი — მის შემქმნელზე, ისე ღვთის ქმნილებებიდან ვსწავლობთ ბევრ რამეს მათ შემოქმედზე. მაგალითად, ადამიანის რთული ტვინი თავისი უნიკალური შესაძლებლობებით ღვთის სიბრძნეზე მოწმობს, ხოლო მზისა და სხვა ვარსკვლავების მიერ გამომუშავებული ენერგია — მის ძალაზე (ფსალმუნი 104:24; ესაია 40:26).

  •  რისი გაკეთება შეგიძლიათ? გამონახეთ დრო, რომ მეტი შეიტყოთ ღვთის შემოქმედებაზე. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას მასწავლის ღვთის შესახებ მისი საოცარი ქმნილებები? a თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ღვთის შესახებ ბევრ რამეს ბუნებაზე დაკვირვებით ვერ ვისწავლით. ღმერთმა სწორედ ამ მიზნით გვიბოძა ბიბლია.

 ღმერთს სახელით მიმართეთ

  •  ბიბლია ამბობს: „დავიცავ [მას], რადგან იცის ჩემი სახელი. ის მომიხმობს და მეც ვუპასუხებ“ (ფსალმუნი 91:14, 15).

  •  მუხლის არსი: ღმერთს, რომლის სახელიცაა იეჰოვა, ძლიერ სიამოვნებს, როცა ადამიანებმა იციან მისი სახელი და პატივისცემას იჩენენ მისი სახელისადმი b (ფსალმუნი 83:18; მალაქია 3:16). ღმერთმა საკუთარი სახელი იმიტომ გაგვიმჟღავნა, რომ ჩვენთვის თავი გაეცნო. ესაიას 42:8-ში ვკითხულობთ: „მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი“.

  •  რისი გაკეთება შეგიძლიათ? ღმერთი ყოველთვის სახელით მოიხსენიეთ.

 ღმერთს გული გადაუშალეთ ლოცვაში

  •  ბიბლია ამბობს: „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს“ (ფსალმუნი 145:18).

  •  მუხლის არსი: იეჰოვა მათ უახლოვდება, ვინც რწმენით მიმართავს მას ლოცვით. ლოცვა ღვთის თაყვანისმცემლობის ნაწილია და მისადმი მოწიწების მაჩვენებელია.

  •  რისი გაკეთება შეგიძლიათ? ღმერთს ხშირად მიმართეთ ლოცვით (1 თესალონიკელები 5:17). გაანდეთ მას საწუხარი და გაუზიარეთ თქვენი გრძნობები (ფსალმუნი 62:8). c

 განიმტკიცეთ ღვთისადმი რწმენა

  •  ბიბლია ამბობს: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრაელები 11:6).

  •  მუხლის არსი: ღმერთთან დასაახლოებლად აუცილებელია, გვწამდეს მისი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთისადმი რწმენის ქონა გაცილებით მეტს მოიაზრებს, ვიდრე მხოლოდ იმას, რომ გვწამდეს ღვთის არსებობის. მას, ვისაც ღმერთი სწამს, ბოლომდე ენდობა მას და მტკიცედ სჯერა, რომ ღვთის ნორმები ბრძნულია, ხოლო დაპირებები — სანდო. ერთი რამ ფაქტია: ყველა სახის ურთიერთობაში ნდობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

  •  რისი გაკეთება შეგიძლიათ? ნამდვილი რწმენა ცოდნას ეფუძნება (რომაელები 10:17). შეისწავლეთ ღვთის სიტყვა და დარწმუნდით, რომ ღვთის რჩევები საიმედოა და ნამდვილად ღირს ღმერთზე მინდობა. იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან, შეისწავლოთ ბიბლია. d

 აკეთეთ ის, რაც ღვთისთვის მოსაწონია

  •  ბიბლია ამბობს: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3).

  •  მუხლის არსი: იეჰოვა მათ უახლოვდება, ვისაც უყვართ იგი და ცდილობენ, დაიცვან მისი ნორმები.

  •  რისი გაკეთება შეგიძლიათ? ბიბლიის კითხვისას დააკვირდით, რას იწონებს ღმერთი და რა სძულს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა უნდა გავაკეთო, რომ ღვთის მოსაწონად ვიცხოვრო? (1 თესალონიკელები 4:1).

 მიჰყევით ღვთის რჩევებს და საკუთარ თავზე გამოსცადეთ ღვთის მზრუნველი ხელი

  •  ბიბლია ამბობს: „იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!“ (ფსალმუნი 34:8).

  •  მუხლის არსი: ღვთის სურვილია, რომ საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რამდენად მზრუნველია იგი. თავადაც გაგიჩნდებათ ღმერთთან დაახლოების სურვილი, როცა იგრძნობთ მისგან სიყვარულსა და მხარდაჭერას.

  •  რისი გაკეთება შეგიძლიათ? იკითხეთ ბიბლია, მიჰყევით ღვთის რჩევებს და საკუთარ თავზე გამოსცადეთ ის კურთხევები, რომლებიც ამას მოჰყვება (ესაია 48:17, 18). ამასთანავე, გაეცანით ღვთის იმ თანამედროვე მსახურთა ისტორიებს, რომლებმაც ღვთის დახმარებით არაერთ სირთულეს სძლიეს, შეიცვალეს ცხოვრების წესი და თავიანთ ოჯახებთან ერთად გაიხარეს. e

 ღმერთზე გავრცელებული მცდარი შეხედულებები

 მცდარი შეხედულება: უზენაეს ღმერთს, რომელსაც ამხელა ძალაუფლება გააჩნია, არაფერში სჭირდება ჩვენთან დაახლოება.

 სინამდვილე: მართალია, უზენაეს ღმერთს ამხელა ძალაუფლება გააჩნია, მაგრამ მას მაინც სურს ჩვენთან დაახლოება და გულითადად გვიწვდის მეგობრობის ხელს. ბიბლია მოგვითხრობს ღვთის იმ მსახურების შესახებ, რომლებმაც ღმერთთან დამეგობრება შეძლეს (საქმეები 13:22; იაკობი 2:23).

 მცდარი შეხედულება: ღვთის გაცნობა შეუძლებელია, რადგან იგი საიდუმლოებითაა მოცული.

 სინამდვილე: ღვთის შესახებ ყველაფერს გონებით ვერ ჩავწვდებით, მაგალითად, იმას, რომ იგი სულია. თუმცა ჩვენ მაინც შეგვიძლია მისი გაცნობა. უფრო მეტიც, ბიბლია მოგვიწოდებს კიდეც ამისკენ, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული სიცოცხლე (იოანე 17:3). ბიბლია ჩვენთვის გასაგებ ენაზე აღგვიწერს როგორც შემოქმედის პიროვნებას, ისე მის ნორმებსა თუ განზრახვას დედამიწასა და კაცობრიობასთან მიმართებით (ესაია 45:18, 19; 1 ტიმოთე 2:4). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღმერთი თავის სახელსაც გვიმჟღავნებს (ფსალმუნი 83:18). ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ღვთის გაცნობაც და მასთან დაახლოებაც (იაკობი 4:8).

a მეტი რომ გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ ირეკლავს ღვთის სიბრძნეს მისი შემოქმედება, იხილეთ რუბრიკა „ვინ შექმნა?“.

b ბევრი ენათმეცნიერის აზრით, ღვთის სახელი ნიშნავს „აქცევინებს“. ის ფაქტი, რომ ღმერთმა გაგვიმჟღავნა თავისი სახელის მნიშვნელობა, იმაზე მოწმობს, რომ იგი მზადაა, სისრულეში მოიყვანოს თავისი განზრახვა და ხორცი შეასხას თავის დანაპირებს.

d მეტი ინფორმაციის მისაღებად უყურეთ ვიდეორგოლს: „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“.